“ჩვენ არ უნდა გავხდეთ პაპზე უფრო დიდი კათოლიკე და რა სტანდარტიც არის მსოფლიო მასშტაბით, ამ სტანდარტს უნდა დავექვემდებაროთ”, - ასე ეხმაურება რესტორატორთა ასოციაციის თანადამფუძნებელი შოთა ბურჯანაძე კვების ობიექტებისთვის პლასტიკის ჭურჭლით საკვების/სასმლის რეალიზაციის აკრძალვას.
1 ივლისიდან პლასტიკის ნაწარმის რეგულაციის მოცვა ფართოვდება. როგორც ცნობილია, 1 აპრილიდან აიკრძალა პლასტიკის ჭურჭლის, ჭიქების, თეფშების, დანების, კოვზების, საწრუპების იმპორტი და რეალიზაცია, 1 ივლისიდან კი საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ მომხმარებლებისთვის სასმელების პლასტიკის ბოთლებით, ასევე საკვების პლასტიკის ჭურჭლით და კონტეინერებით მიწოდებაც აიკრძალება. ივლისიდან კომპანიებს მომხმარებელთა მომსახურება ალუმინის ქილის ან შუშის ბოთლების გამოყენებით მოუწევთ.
რესტორატორთა ბიზნესს ასოციაციის თანადამფუძნებლის შეფასებით, რეგულაცია განსაკუთრებულ გავლენას იმ კვების ობიექტებზე მოახდენს, რომლებიც გატანის სერვისზე არიან ორიენტირებული. შოთა ბურჯანაძის შეფასებით, პლასტიკის ჩანაცვლება გაცილებით ძვირი ალტერნატიული ჭურჭლით კვების ობიექტების მომსახურებას სავარაუდოდ, 15%-მდე გააძვირებს.
“რესტორნების გარკვეული ნაწილისთვის, რომლებიც შეიძლება ითქვას, რომ გატანის სერვისზეა თავიდან ბოლომდე დამოკიდებული, ეს ყველაფერი მტკივნეული იქნება. საბოლოო ტკივილი მომხმარებელზე გადადის, იქიდან გამომდინარე, რომ ნებისმიერი გაძვირება, რომელსაც ახალი რეფორმა იწვევს, ეს ყველაფერი მომხმარებლის კისერზე გადადის. შეიძლება ითქვას, რომ მომსახურება გაძვირება 5%-დან მაქსიმუმ 15%-მდე შეიძლება ავიდეს, იმისდა მიხედვით, თუ რა რაოდენობით არის ამ საშუალებების გამოყენების აუცილებლობა”,-აცხადებს შოთა ბურჯანაძე.
მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა პირველ ჯერზე 1000 ლარიან ჯარიმას და პროდუქციის კონფისკაციას ითვალისწინებს. განმეორებით სამართალდარღვევის შემთხვევაში საჯარიმო სანქცია ორმაგდება.
აღნიშნული რეგულაციების შესრულებაზე კონტროლს, სურსათის ეროვნული სააგენტო, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განახორციელებენ.




























