მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კვების ობიექტებს პლასტმასის მასალით შეფუთული სურსათის მიწოდება 1 ივლისიდან აეკრძალებათ

მზა კვება

საზოგადოებრივი კვების ობიექტებს 1 ივლისიდან მომხმარებლისთვის პლასტმასის მასალაში/ნაკეთობაში შეფუთული/განთავსებული სურსათის მიწოდება აეკრძალებათ. ამის შესახებ bm.ge-ის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში განუცხადეს. უწყების ცნობით, მომზადებულია საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილების პროექტიც. ამასთან, 2027 წლის 1 თებერვლიდან იკრძალება პლასტმასის მასალაში/ნაკეთობაში შეფუთული/განთავსებული სურსათის წარმოება (გარდა ექსპორტის მიზნით), იმპორტი და ბაზარზე განთავსება.

„დადგენილება ეხება არა მხოლოდ სასმელს, არამედ ნებისმიერი კატეგორიის სურსათს (სასმლის ჩათვლით). აკრძალვა არ გავრცელდება მზესუმზირის ზეთსა და 10 ლიტრი და მეტი მოცულობის სასმელ წყალზე“, - განუცხადეს bm.ge-ის სამინისტროში, თუმცა არ დაუკონკრეტებიათ, თუ რა ვადებში იგეგმება შესაბამისი დადგენილების პროექტის დამტკიცება.

ცნობისთვის, პლასტმასის ბოთლებით სასმლის გაყიდვის აკრძალვის შესახებ გუშინ გახდა ცნობილი, როდესაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა განაცხადა, რომ ნებისმიერ მარკეტებში, ქსელებში პლასტმასში განთავსებული სასმელები არ უნდა გაიყიდოს.

სამინისტროში ამბობენ, რომ საკითხზე ბოლოს კერძო სექტორთან საუბარი გასული წლის ბოლოს, დეკემბერში ჰქონდათ, რომელსაც სასმელების მწარმოებლებიც ესწრებოდნენ.

„სამინისტრომ გამართა არაერთი შეხვედრა კერძო სექტორთან, სურსათთან შეხებაში მყოფი პლასტმასის პროდუქტების აკრძალვასთან დაკავშირებით. ბოლო შეხვედრა 2025 წლის 26 დეკემბერს შედგა სწორედ სასმელების მწარმოებელ კომპანიებთან, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ კვების ობიექტების წარმომადგენლები და ბიზნეს ასოციაცია. შეხვედრის ფარგლებში გაკეთდა პრეზენტაცია, სადაც დაინტერესებულ მხარეებს წარვუდგინეთ სამინისტროს ინიციატივა, მათ შორის პირველ ეტაპზე პლასტმასის სტუმარმასპინძლობის სექტორში აკრძალვასთან დაკავშირებით, ხოლო მომდევნო ეტაპზე წარმოების, იმპორტის და რეალიზაციის აკრძალვასთან დაკავშირებით“, - განაცხადეს სამინისტროში.

რაც შეეხება bm.ge-ის კითხვას, მსგავსი რეგულაცია რომელი ქვეყნის პრაქტიკას ეყრდნობა, გარემოს დაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ „საქართველოს მიდგომა პლასტმასის პრევენციის მიმართულებით ხასიათდება შედარებით ფართო და კომპლექსური ხედვით, რომელიც აერთიანებს როგორც კონკრეტული პროდუქტების ეტაპობრივ შეზღუდვას, ისე პრევენციულ, მარეგულირებელ და ინსტიტუციურ მექანიზმებს“, თუმცა არცერთი რომელიმე ქვეყნის პრაქტიკის გამოყენებაზე არ მიუთითებენ.

„პლასტმასით დაბინძურება წარმოადგენს გლობალური მასშტაბის გამოწვევას. აღნიშნულიდან გამომდინარე საერთაშორისო თანამეგობრობა აქტიურად იღებს ზომებს რომ შეამციროს პლასტმასით დაბინძურება. შექმნილია არაერთი საერთაშორისო პლატფორმა თუ მექანიზმი, რათა შემუშავდეს სავალდებულო ძალის მქონე საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც ქვეყნებს დაავალდებულებს გადადგან ნაბიჯები აღნიშნული საკითხის გადასაჭრელად. საქართველო არის ამ საერთაშორისო პროცესების ნაწილი. ჩვენი ქვეყანა მიუერთდა „მაღალი ამბიციის კოალიციას“ რომელიც მიზნად ისახავს პლასტმასით დაბინძურების დასრულებას მსოფლიოში.

სხვადასხვა ქვეყანა საკვებთან შეხებაში მყოფი პლასტმასის პროდუქციის რეგულირებისას განსხვავებულ სამართლებრივ და პოლიტიკურ მიდგომებს იყენებს. განსხვავდება როგორც აკრძალული პროდუქტების ტიპები, ისე რეგულირების სფერო, შეზღუდვის მასშტაბი და აღსრულების მექანიზმები. ცალკეულ ქვეყნებში, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებში უკვე აკრძალულია სურსათთან შეხებაში მყოფი გარკვეული ერთჯერადი პლასტმასის პროდუქტების გამოყენება. ევროკავშირის დირექტივა განსაზღვრავს როგორც აკრძალულ პროდუქტებს, ასევე გარკვეული მოთხოვნებს დაქვემდებარებულ პროდუქციას და მოუწოდებს წევრ სახელმწიფოებს, დირექტივის მიზნების მისაღწევად გამოიყენონ მაქსიმალურად ამბიციური ზომები“, - აცხადებენ უწყებაში და გადაწყვეტილების მიზეზად პლასტმასის გარემოსა და ჯანმრთელობაზე უარყოფით ზეგავლენას ასახელებენ.

ცნობისთვის, პლასტმასის შემცირების რეგულაციის ერთი ეტაპი უკვე ამოქმედებულია. კერძოდ, 1 იანვრიდან აიკრძალა პლასტმასის ერთჯერადი პროდუქტების წარმოება (თუ საექსპორტოდ არაა განკუთვნილი), იმპორტი და ბაზარზე განთავსება. ამასთან, აიკრძალა საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ პლასტმასისგან დამზადებული ერთჯერადი გამოყენების სასურსათო კონტეინერებისა და ჭიქების საშუალებით მზა სურსათის მიწოდება მომხმარებლებისთვის. თუმცა, დადგენილება გარკვეულ გარდამავალ პერიოდს ითვალისწინებს, როდესაც მისი ამოქმედების შემდეგ აკრძალული პროდუქტების გამოყენება კვლავ დასაშვებია. კერძოდ, პლასტმასისაგან დამზადებული ჩანგლები, დანები, კოვზები, ჩხირები, თეფშები, საწრუპები, სასმლის მოსარევები, გაფართოებული პოლისტიროლისგან დამზადებული სასურსათო კონტეინერები და მათი თავსახურები, გაფართოებული პოლისტიროლისგან დამზადებული ჭიქები და მათი თავსახურები, რომლებიც განთავსებულია ბაზარზე ამ დადგენილების ამოქმედებამდე, დასაშვებია, ბაზარზე განთავსებულ იქნეს დადგენილების ამოქმედებიდან სამი თვის განმავლობაში.

ამასთან, 1 აპრილიდან ამოქმედდება მორიგი რეგულაცია, რომლის თანახმადაც, საქართველოში სახელმწიფო უწყებების დიდ ნაწილს პლასტმასის ჭიქების, კონტეინერებისა და 3 ლიტრამდე მოცულობის ბოთლების შესყიდვა კანონით შეეზღუდებათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები