მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლილოს ნაგავსაყრელზე გამოვლენილი დარღვევებისთვის "თბილსერვისი" დააჯარიმეს

ლილოს ნაგავსაყრელი თბილსერვის ჯგუფი

ლილოს ნაგავსაყრელის მმართველი კომპანია „თბილსერვის ჯგუფი“ გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევისთვის დაჯარიმდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ზურაბ ეზუგბაიას განცხადებით, კომპანიაში 2025 წელს ჩატარებული არაგეგმური კომპლექსური შემოწმების შედეგად გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით გათვალისწინებული პირობებისა და კანონმდებლობით დადგენილი ნორმების დარღვევები გამოვლინდა. თუმცა, მინისტრის მოადგილე არ აკონკრეტებს უშუალოდ რა სახის დარღვევები დაფიქსირდა პოლიგონზე.

როგორც ეზუგბაია პარლამენტის ოპოზიციონერი წევრის, დაჯი კოვზირიძის კითხვებზე პასუხად განმარტავს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა კომპანიის საქმიანობა ადგილზე შეამოწმა და შესაბამისი დოკუმენტაციაც შეისწავლა. ამის შესახებ აღნიშნულია წერილში, რომელიც პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრმა სამინისტროსგან მიიღო.

„დეპარტამენტის მიერ ადგილზე განხორციელებული ინსპექტირებით, ასევე ინსპექტირების პროცესში კომპანიის და სახელმწიფო უწყებების მიერ მოწოდებული დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად, გამოვლენილი იქნა შპს „თბილსერვის ჯგუფის“ მიერ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით გათვალისწინებული პირობების და გარემოს დაცვის სფეროში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ნორმების დარღვევის ფაქტები, რის საფუძველზეც შედგენილი იქნა შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები“, - ნათქვამია მინისტრის მოადგილის პასუხში.

საქმე თავდაპირველად რუსთავის საქალაქო სასამართლომ განიხილა. 2025 წლის 27 ოქტომბრის დადგენილებით, სასამართლომ „თბილსერვის ჯგუფი“ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო, თუმცა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლის საფუძველზე პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა და მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა. თბილისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება კომპანიის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებისა და მისთვის სიტყვიერი შენიშვნის გამოცხადების ნაწილში და საქმე ხელახლა განსახილველად რუსთავის საქალაქო სასამართლოს დაუბრუნა.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, 2026 წლის 5 თებერვლის დადგენილებით, საქმეზე N4-42-26, „თბილსერვის ჯგუფი“ სამართალდამრღვევად იქნა ცნობილი და მას ფულადი ჯარიმა დაეკისრა. დადგენილება კანონიერ ძალაშია შესული. უწყებას კომპანიისთვის დაკისრებული ჯარიმის ოდენობა პასუხში მითითებული არ აქვს.

„საქართველოს გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის 46-ე მუხლის საფუძველზე, დღეის მდგომარეობით, სსდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტსა და კომპანიას შორის მიმდინარეობს აქტიური სამუშაო პროცესი დეპარტამენტის მიერ გამოვლენილი და სამართალდარღვევის წარმოებაში ასახული დარღვევების აღმოსაფხვრელად და ვალდებულებების შესრულების სტატუსის მისაღწევად“, - აცხადებს ზურაბ ეზუგბაია.

ლილოს ნაგავსაყრელზე გარემოსდაცვითი პრობლემები კვლავ აქტუალურია. „თბილსერვის ჯგუფის“ მიერ პარლამენტის წევრ დაჯი კოვზირიძისთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, დიდი ლილოს საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონზე მოქმედი უჯრედები თითქმის შევსებულია, ხოლო ნაგავსაყრელზე წარმოქმნილი მეთანის შეგროვება და უტილიზაცია ამ ეტაპზე არ ხდება.

კომპანიის მონაცემებით, პოლიგონზე წელიწადში საშუალოდ 12 000 ტონა მეთანი წარმოიქმნება. ამასთან, ყოველწლიურად დაახლოებით 54 000 კუბური მეტრი ნაჟური წყალი გროვდება, ხოლო 2026 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით, შესაბამის რეზერვუარებში დაახლოებით 15 000 კუბური მეტრი ნაჟური წყალი იყო დაგროვებული.

ნაგავსაყრელზე განთავსებული ნარჩენების მოცულობა ბოლო წლებში იზრდებოდა. 2023 წელს პოლიგონმა 496 651 ტონა ნარჩენი მიიღო, 2024 წელს - 540 619 ტონა, ხოლო 2025 წელს - 560 151 ტონა. კომპანიის ინფორმაციით, ნაგავსაყრელზე ყოველდღიურად საშუალოდ 1 500-2 000 ტონა ნარჩენი ხვდება.

ნაჟური წყლების მართვის პრობლემის მოსაგვარებლად პოლიგონზე გამწმენდი სისტემის მოწყობა მიმდინარეობს. „თბილსერვის ჯგუფის“ ინფორმაციით, ობიექტის სრულად ამოქმედება 2027 წლის სექტემბერში იგეგმება. პროექტი ნაჟური წყლების ბიოლოგიურ დამუშავებას და მათ გაწმენდას წყალარინების სისტემაში ჩაშვებამდე ითვალისწინებს.

პარალელურად, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) გაფორმებული სასესხო შეთანხმების ფარგლებში, თბილისის ნარჩენების პოლიგონზე გაზშემკრები სისტემის მოწყობის პროექტიც ხორციელდება. ის ნაგავსაყრელის პირველი, მეორე და მესამე უჯრედების საბოლოო გადახურვასაც ითვალისწინებს. ამ ეტაპზე საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია სამშენებლო ტენდერისთვის ტექნიკურ სპეციფიკაციებსა და სატენდერო დოკუმენტაციას ამზადებს.

ოქტომბერში თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა რომ ნაგავსაყრელის არსებული მდგომარეობა მიუღებელია როგორც სუნის, ისე გარემოს დაბინძურების თვალსაზრისით. მისი თქმით, მუნიციპალიტეტი უცხოურ კომპანიას პოლიგონის სხვა ტერიტორიაზე გადატანის მიზანშეწონილობისა და შესაძლო ალტერნატიული ლოკაციების შესწავლას უკვეთავს.

ნაგავსაყრელის სხვა ადგილზე გადატანის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება კვლევის შედეგებზე იქნება დამოკიდებული. ამასთან, „თბილსერვის ჯგუფის“ ინფორმაციით, დიდი ლილოს ნაგავსაყრელის საბოლოო დახურვის ტექნიკური პროექტი ამ ეტაპზე შემუშავებული არ არის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები