ჰორეკა სექტორში სასმელების გაძვირების მოლოდინია. 1 -ელი ივლისიდან კვების ობიექტებს ომხმარებლებისთვის პლასტმასის ბოთლებით სასმლის მიწოდება აეკრძალებათ.
როგორც “საქმის კურსთან კომპანია “ეფეს საქართველოს” კორპორაციულ საქმეთა დირექტორი განმარტავს, მწარმოებლებმა უკვე ერთი თვეა ამ სექტორისთვის პლასტმასის ბოთლებით სასმლის მიწოდება პრაქტიკულად შეწყვიტეს და ალტერნატიულ საშუალებებზე — შუშასა და ალუმინის ქილაზე გადავიდნენ. ბიზნესის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ახალ მოთხოვნაზე მოსარგებად ბიზნესს დრო ჰქონდა, თუმცა იმასაც აღნიშნავს, რომ ცვლილება ფასების ზრდას გარდაუვალს გახდის, რადგან ალტერნატიული შეფუთვა ბევრად ბევრად ძვირია.
„რა თქმა უნდა, გაძვირდება. სხვადასხვა სასმელზე განსხვავებული პროცენტულობით. თუმცა ერთმნიშვნელოვნად, რა თქმა უნდა, პლასტმასის ბოთლში ჩამოსხმული სასმელი უფრო იაფია შედარებით. შეიძლება იყოს საუბარი 20%, 50%, 60%-იან ზრდაზე, გააჩნია სასმელს. სხვადასხვა სასმელს სხვადასხვა მარჟები აქვს... გაძვირება მოხდება. ჩემი პირადი პოზიცია იყო, რომ ჰორეკა სექტორს გადაეწყვიტა რა კატეგორიაში უნდოდა პოზიციონირება. მაგალითად პრემიუმ რესტორნები და სასტუმროები ისედაც არ ყიდულობდნენ პლასტმასის ბოთლით სასმელს. შესაბამისად, ჩვენ გვინდოდა, რომ ეს გაგვევრცელებინა ყველაზე და გადაწყვეტილება მიეღო თავად რესტორანს, კაფეს, თუ სასტუმროს. მაგრამ ასე არ მოხდა. არაფერი ტრაგიკული არ არის ამაში. კი, გაძვირებული იქნება, თუმცა ვინც ამ სერვისით სარგებლობს, ნუ ოდნავ მეტს გადაიხდის“, - ამბობს ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი.
„ეფეს საქართველოს“ კორპორაციულ საქმეთა დირექტორი განმარტავს, რომ გამოწვევას ძირითადად მინის ტარის მართვა შექმნის, განსაკუთრებით, მცირე და საშუალო კვების ობიექტებში,
„პლასტმასის მართვა უფრო ადვილი იყო. ცარიელი პლასტმასის ბოთლები შეგეძლოთ დაგეპრისათ და ისე შეგენახათ და შემდეგ წაეღოთ, უფრო მსუბუქი იყო გასატანად. რაც შეეხება შუშის ბოთლს, ამას განსაკუთრებული მართვა სჭირდება. აქ ვსაუბრობ პატარა რესტორნებზე, რეგიონის რესტორნებზე, თორემ დიდი, თბილისის რესტორნები ისედაც კარგად უძღვებოდნენ შუშის ბოთლის უკან დაბრუნების სქემას. ეს დისკომფორტი ექმნება მცირე და საშუალო ბიზნესს. შუშის ბოთლით ნარჩენის მართვა ლოგისტიკურად რთულდება, თუმცა არაფერი გადაულახავი ამაში არ არსებობს“, - ამბობს ხუნძაკიშვილი.




























