მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"კვერცხის დეფიციტი არ არის" - რამ შეამცირა დახლებზე კვერცხის რაოდენობა? | ასოციაციის განმარტება

კვერცხი

მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის ხელმძღვანელი ზურაბ უჩუმბეგაშვილი აცხადებს, რომ ქვეყანაში კვერცხის დეფიციტი არ არის და დახლებზე კვერცხის შემცირებული რაოდენობა რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული.

საქმე ის არის, რომ ბოლო დღეებში დედაქალაქის სხვადასხვა უბანში მოქალაქეები სუპერმარკეტებში დახლზე კვერცხის რაოდენობის შემცირების შესახებ საუბრობენ. მიზეზის გასარკვევად BM.GE დარგობრივ გაერთიანებას დაუკავშირდა.

„კვერცხის დეფიციტი არ არის. ყველა ფაბრიკა მუშაობს მთელი სიმძლავრით. უბრალოდ, ეს სიმძლავრე გათვლილი იყო იმაზე, რომ ქვეყანაში იმპორტიც ხორციელდება და არსებული მოლოდინები, რეალობას არ დაემთხვა. ამგვარად შეფერხება უფროა, ვიდრე დეფიციტი“, - განმარტავს ზურაბ უჩუმბეგაშვილი და სამ მიზეზს ასახელებს, რამაც შეფერხება გამოიწვია. ესენია: სასურსათო კვერცხის იმპორტის შემცირება, აპრილ-მაისში სანაშენე ფრინველის შემოყვანის სირთულეები, რაც ოქტომბერ-ნოემბრის პერიოდზე აისახა და ბოლო თვეებში ქვეყანაში თბილი ამინდების გამო სოფლებში ქათმის ვირუსის გავრცელება, რამაც ფრინველის დახოცვა განაპირობა. ზურაბ უჩუმბეგაშვილის ამ მიზეზებზე დეტალურად საუბრობს და აღნიშნავს, რომ ამის გამო ბაზარს კვერცხის 15-20% მოაკლდა.

„ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც დახლზე კვერცხის რაოდენობის შემცირება შეინიშნება, სასურსათო კვერცხის იმპორტის კლებაა. უნდა ითქვას, რომ ქვეყანაში ნაწარმოები კვერცხით თავისუფლად შეგვიძლია ჩვენი მომხმარებლის დაკმაყოფილება, მიუხედავად ამისა, კვერცხი მაინც შემოდიოდა. შესაბამისად, მეფრინველეობის ფერმები მთელი სიმძლავრით ვერ ვმუშაობდით. ხლა თურქეთიდან პატარა ზომის, ანუ არასტანდარტული კვერცხის გარდა, რაიმე სახის სასურსათო კვერცხის გამოტანა აიკრძალა. სასურსათოზეა საუბარი. შესაბამისად, ის იმპორტი ჩვენთვის, რაც იყო თურქეთიდან (შარშანწინ 60 მილიონი, შარშან 43 მილიონი) რეალობა იყო და ამას ვერ გავექცეოდით - შემოდიოდა ბაზარზე და მას მოსახლეობის რაღაც ნაწილი ყიდულობდა. თურქეთიდან კვერცხის იმპორტი რომ შეიზღუდა, იმ რაოდენობებით აღარ შემოვიდა, წელს სულ რაღაც 15 მილიონი კვერცხია შემოსული. ანუ, მესამედი - 30% ბაზარს მოაკლდა. ახლა ასე სწრაფად ადგილობრივი ფერმების მხრიდან წარმოების გაზრდა შეუძლებელია. ერთი მიზეზი ეს არის.

მეორე მიზეზი არის ის, რომ აპრილ-მაისში, თვე-ნახევრის განმავლობაში სანაშენე ფრინველის შემოყვანა შეგვეზღუდა. ეს პრობლემა მოგვარდა და სანაშენე ფრინველის შემოყვანა ჩვეულებრივად გაგრძელდა, მაგრამ ის თვე-თვენახევარი რომ ჩავარდა, ამან ოქტომბერ-ნოემბერზე გავლენა იქონია.

მესამე და ძირითადი მიზეზი - ნოემბერში ასეთმა ანომალიურმა სიცხეებმა ფრინველის სეზონური ვირუსი გაააქტიურა. ეს ძირითადად მოსახლეობას რომ ქათმები ჰყავთ, მათ შეეხოთ, რადგან ფერმებში ფრინველი ვაქცინირებულია. შინამეურნეობებში კი საკმაოდ ბევრია დახოცილი, ანუ ქათმები უკვდებათ. მოსახლეობის კვერცხიც ხომ მოხმარებადი იყო. ამ სამმა მიზეზმა ბაზარზე კვერცხის რაოდენობა დაახლოებით 15-20%-ით შეამცირა“, - განმარტა ზურაბ უჩუმბეგაშვილმა.

BMG-ის კითხვას რა მოლოდინები აქვთ მეფრინველეობის განვითარების ასოციაციაში, დარგობრივი გაერთიანების ხელმძღვანელი ასე პასუხობს: „ჩვენ ფრთხილი ოპტიმიზმით ვუყურებთ, რამდენ ხანს გაგრძელდება თურქეთიდან კვერცხის ექსპორტის შეზღუდვა. შესაბამისად, საწარმო სიმძლავრეებს ნელ-ნელა ვზრდით. ვფიქრობთ, რომ თებერვლის შუა რიცხვებისთვის ეს დანაკლისი სრულად შეივსება“.

ზურაბ უჩუმბეგაშვილი იმასაც აღნიშნავს, რომ საშობაო მარხვის წინა პერიოდში კვერცხზე მოთხოვნა განსაკუთრებით იზრდება და ყველაზე გაყიდვადი თვეებიც ოქტომბერ-ნოემბერია. წლის განმავლობაში კი მოსახლეობა დაახლოებით 700 მლნ კვერცხს მოიხმარს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები