მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კვიპროსელი იურისტის სანქცირების გამო, აშშ-ის სანქცია ივანიშვილთან კავშირში მყოფ ოფშორსაც შეეხო

ბიძინა ივანიშვილი
BM. GE
22.10.23 12:22
158

ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინამ მიმდინარე წლის აპრილში დაასანქცირა კვიპროსელი იურისტი ქრისტოდოლუს გეორგიუ ვასილადესი, რომელიც სხვადასხვა რუს ოლიგარქს, ასევე სახელმწიფო კორპორაცია “სბერბანკს” უწევდა მომსახურებას. გეორგიუ ვასილადესის სერვისებით სარგებლობდა მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც კვიპროსელი იურისტი ერთ-ერთ დაკავშირებულ ოფშორში LEDRA TRUSTEE SERVICES LIMITED-ში ჰყავდა დირექტორად გაფორმებული.

ქრისტოდოლუს ვასილადესის სანქცირების გამო, შესაბამისი სანქცია გავრცელდა LEDRA TRUSTEE SERVICES LIMITED-ზეც. თუმცა, თავად ვასილადესის სანქცირება არ უკავშირდება ივანიშვილთან შემხებლობას. აშშ-ის ხაზინის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია:

“ხაზინის დეპარტამენტს სანქცირებულ პირთა სიაში შეჰყავს იურისტი ქრისტოდოლუს გეორგიუ ვასილადესი და ის პირები და კომპანიები, რომლებიც მასთან არის დაკავშირებული.
ქრისტოდოლუს გეორგიუ ვასილადესი სანქცირდება აშშ-ის პრეზიდენტის 2021 წლის 15 აპრილის აღმასრულებელი ბრძანება 14024-ის სექცია 1(a)(iii)(A)-ის შესაბამისად, რადგან ის არის ლიდერი, აღმასრულებელი ოფიცერი ან დირექტორთა საბჭოს წევრი რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო კომპანია (Sberbank Investment Limited), კომპანიაში, რომლის საქმიანობაც ამავე ბრძანების შესაბამისად ბლოკირებულ პირთა სიაში არის შეყვანილი. ვასილადესი ამასთანავე არის რუსი ოლიგარქებისთვის ერთ-ერთი გამორჩეული შუამავალი პირი და ის ასევე სანქცირებულია დიდი ბრიტანეთის მიერ,”- ნათქვამია სახელმწიფო ხაზინის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ივანიშვილთან დაკავშირებული ოფშორის სანქცირებაზე სიუჟეტი მოამზადა გადაცემა “ნოდარ მელაძის შაბათმა”, სადაც ბიძინა ივანიშვილის იურისტმა ლაშა კალანდაძემ განაცხადა, რომ ეს კომპანია ივანიშვილს იურიდიულ სერვისებს აწვდიდა.

“ლედრა, რომელზეც თქვენ საუბრობთ მისი მფლობელი იყო იურისტი, რომელიც თვითონ მოხვდა სანქციებში და შემდეგ მისი კომპანიებიც ავტომატურად დაასანქცირეს.

არის თუ არა ლედრა თრასთ ლიმითედი ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანია?

ეს კომპანია უწევდა მათ შორის ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიებს სამართლებრივ მომსახურებას,”- განაცხადა ლაშა კალანდაძემ.

ოფშორული კომპანიების მონაცემთა ბაზის თანახმად, კვიპროსში რეგისტრირებული LEDRA TRUSTEE SERVICES LIMITED-ი იყო მითითებული მფლობელად ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებულ KRISTA INVESTMENTS LIMITED-ში, რომელიც თავისმხრივ 2019 წლის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშის თანახმად ბიძინა ივანიშვილის “ქართუ ჯგუფის” 49.62%-იანი წილის მფლობელი კომპანია იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები