კვირის მთავარ ავტო სიახლეებს წარმოგიდგენთ "თეგეტა ჰოლდინგი"
Volkswagen-მა იაფი EV-ის გამოშვება გადაწყვიტა
გერმანულმა საავტომობილო გიგანტმა, Volkswagen Group-მა 2027 წლისთვის ახალი, იაფი ელექტრომობილის გამოშვება გადაწყვიტა, რომლის სახელწოდება, სავარაუდოდ, ID.1 იქნება. პროექტთან დაკავშირებით ბევრი რამ არ არის ცნობილი, გარდა იმისა, რომ ID.1 კომპაქტური კლასის, მინიმალისტური დიზაინის მქონე ელექტრომობილი იქნება, რომელმაც კონკურენცია ჩინურ ავტომწარმოებლებს უნდა გაუწიოს. როგორც ცნობილია, ID.1-ის ფასი $21,000-დან $35,000-ის ფარგლებში იქნება და ის ევროპისა და ჩინეთს ბაზრებზე იქნება გათვლილი, სადაც უმეტესად სწორედ კომპაქტური ზომის ავტომობილებს ყიდულობენ. ტექნიკურ მახასიათებლებს რაც შეეხება, ახალი ID.1 დაშენებული იქნება VW MEB პლატფორმაზე და ის დეტალებს Cupra Raval-თან გაიზიარებს, ანუ Volkswagen-ის ელექტრომობილს, სავარაუდოდ, ერთი დამუხტვით 430 კილომეტრის გავლა შეეძლება და მისი სიმძლავრე 220 ცხენის ძალას მიაღწევს, რაც კომპაქტური ჰეტჩბეკისთვის სავსებით საკმარისია. ზომიდან და ფასიდან გამომდინარე, ID.1-მა კონკურენცია ჩინეთის ბაზარზე წარმოდგენილ ელექტრომობილებს და Tesla-ს ახალ მოდელს უნდა გაუწიოს, რომლის ფასიც, სავარაუდოდ, $25,000-ის ფარგლებში იქნება. როგორც Volkswagen-ში აცხადებენ, ID.1 იქნება „ელექტრომობილი ყველასთვის“, როგორც ერთ დროს Beetle-ი იყო „ავტომობილი ყველასთვის“.
BYD-ის ავტომობილებში DeepSeek AI-ის ჩააშენებენ
ჩინურ ავტომწარმოებელ გიგანტ BYD-ისა და ტექნოლოგიურ სტარტაპ DeepSeek-ს შორის თანამშრომლობა დაიწყო, რომლის ფარგლებში, BYD-ის ავტომობილებში უახლესი თაობის ხელოვნურ ინტელექტს ჩააშენებენ. როგორც ცნობილია, AI და ავტომობილის მართვის ჭკვიანი სისტემა BYD-ისთვის ისეთივე საბაზისო ფუნქციონალად იქცევა, როგორც დღეს უსაფრთხოების ღვედი ან მონიტორია. საწყის ეტაპზე, DeepSeek-ის ხელოვნურმა ინტელექტმა მძღოლის დამხმარე ასისტენტის ფუნქცია უნდა შეასრულოს და 24/7-ზე ავტომობილისა და მისი მგზავრების უსაფრთხოებაზე უნდა იზრუნოს. BYD-ის ხელმძღვანელობის განცხადებით, DeepSeek-თან პარტნიორობის დაწყება სრულიად ავტონომიური სისტემის შექმნის მიმართულებით გადადგმული დიდი ნაბიჯია, რომელსაც მომავალში აუცილებლად მოჰყვება ავტოპილოტის დანერგვა. ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილ BYD-ის ავტომობილებს ბაზარზე 2025 წლიდანვე შეხვდებით, თუმცა AI-ის ინტეგრაციის დონე დროსთან ერთად გაიზრდება. როგორც BYD-ში აცხადებენ, კომპანია კონკურენტული უპირატესობის მოპოვებას არა ფასების შემცირებით, არამედ ისეთი ინოვაციური ფუნქციონალის დამატებით გეგმავს, რომლის მსგავსი სხვა ავტომწარმოებლებს უბრალოდ არ აქვთ. უნდა აღინიშნოს, რომ BYD მსოფლიოში პირველი კომპანია იქნება, რომელსაც DeepSeek-ის ხელოვნურ ინტელექტთან ექნება წვდომა, რაც იმდენად მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს, რომ მისი გავრცელების ფონზე, კომპანიის საბაზრო შეფასება რეკორდულ 134 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.
Honda-სა და Nissan-ს შორის შეთანხმება ოფიციალურად ჩაიშალა
საავტომობილო ინდუსტრიაში, ბოლო პერიოდის ერთ-ერთ ყველაზე დიდ შეთანხმების შესაძლებლობაზე აქტიურად გიყვებოდით, თუმცა მას შემდეგ რაც იაპონურმა Honda-მ და Nissan-მ 2024 წლის 23 დეკემბერს ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რომლის მიზანიც მსოფლიოში სიდიდით მესამე, უმსხვილესი ავტომწარმოებლის შექმნა გახლდათ, შეთანხმებიდან არასრულ 2 თვეში პარტნიორობა ჩაიშალა.
თავდაპირველი გეგმის მიხედვით, Honda-სა და Nissan-ს ერთობლივი ძალებით ახალი ჰოლდინგური კომპანიის შექმნა სურდათ, რომელიც ოპერირებას 2026 წელს დაიწყებდა. თუმცა, მემორანდუმის ხელმოწერიდან მალევე, საკითხთან დაახლოებულმა წყაროებმა აღნიშნეს, რომ შეთანხმება განწირული იყო. ახლა უკვე ოფიციალურად - პარტნიორობა გაუქმდა.
Honda-მ და Nissan-მა გაავრცელეს იდენტური პრესრელიზი, რომელშიც ნათქვამია, რომ შერწყმის მოლაპარაკებები გაუქმდა: „სამივე კომპანია სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში ითანამშრომლებს, რომელიც მიზნად ხელოვნური ინტელექტისა და ელექტრიფიცირებული მანქანების განვითარებას ისახავს“, - ნათქვამია კომპანიების განცხადებაში.
მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მანქანის ფერები
მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ფერების რეიტინგს წარმოგიდგენთ. რეიტინგი 2024 წლის ტენდენციების მიხედვით კონცერნმა BASF-ის ექსპერტებმა შეადგინეს. თეთრი, შავი და ნაცრისფერი რჩება ტოპ-3-ში, მაგრამ ფერების რეიტინგმა მოულოდნელი ცვლილებები განიცადა. მაგალითად, ყვითელი თითქმის ორჯერ პოპულარული გახდა: ამ ფერის ავტომობილების წილი მსოფლიოში 1,5 პროცენტამდე გაიზარდა. რეიტინგის აბსოლუტური ლიდერი თეთრია. საშუალოდ, მისი წილი მსოფლიოში 2024 წელს 34% იყო. მეორე ადგილზე შავია 22%-ით, ხოლო ნაცრისფერი და ვერცხლისფერი მესამეზე და მეოთხეზე, შესაბამისად 17%-ით და 8%-ით. ქრომირებულ ფერებს შორის ლიდერობს ლურჯი/ღია ლურჯი შვიდ პროცენტიანი წილით. ამასთან, შემცირდა თეთრის, ლურჯის და ვერცხლის ფერის პოპულარობა, ხოლო შავის, ნაცრის ფერის და ყვითელის გაიზარდა. მანქანების 4% წითელია, 2% მწვანე. კრემის ფერმა, ყავის ფერმა, ნარინჯის ფერმა და იასამნის ფერმა თითოეულმა 1%, ხოლო ოქროსფერი ავტომობილების წილმა მხოლოდ 0,5% შეადგინა.
"Zeekr საქართველომ" ქართულ ბაზარს ახალი მოდელი - Zeekr 009 წარუდგინა
Zeekr 009 უკვე „Zeekr საქართველოს“ პორტფელშია. მაღალტექნოლოგიური ბრენდის პირველი ავტომობილები ქართველმა მომხმარებელმა წინასწარი შეკვეთით ჯერ კიდევ ოფიციალურ წარდგენამდე შეიძინა. დახვეწილი და თანამედროვე დიზაინის მქონე ელექტრომობილს სხვა მოდელებისგან გამოარჩევს 140-კილოვატიანი CATL-ის ბატარეა, რომელიც ერთი დამუხტვით რეკორდული მანძილის, 830 კილომეტრის დაფარვის შესაძლებლობას ქმნის. 0-დან 80%-მდე დამუხტვა კი, DC სწრაფი დამტენის გამოყენებით, მხოლოდ 25 წუთშია შესაძლებელი. 790 ცხენის ძალის მქონე Zeekr 009 100 კმ-მდე აჩქარებას სულ რაღაც 3.9 წამში ახერხებს.
თავის კლასში ყველაზე სწრაფ ელექტრომობილში გამოყენებულია თანამედროვე უსაფრთხოების სისტემები – ადაპტირებული კრუიზკონტროლი, შეჯახების საწინააღმდეგო სისტემა, ზოლიდან გასვლის გაფრთხილება, ბრმა წერტილების კონტროლი, ავტომატური დამუხრუჭება და 360-გრადუსიანი კამერის სისტემა. შვიდი 8-მეგაპიქსელიანი HD კამერა, ოთხი 2-მეგაპიქსელიანი გარე ხედვის კამერა და ერთი 250-მეტრიანი ულტრა ხანგრძლივი დიაპაზონის რადარი გზის ხედვის უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა.
7-ადგილიანი ელექტრომობილის საბაზრო ღირებულება 70 000-დან 83 000 დოლარამდე ეკვივალენტით ლარში მერყეობს.