მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კვირის მთავარი ავტო სიახლეები

EV Cars

კვირის მთავარ ავტო სიახლეებს წარმოგიდგენთ "თეგეტა ჰოლდინგი"

Toyota აშშ-ის ეკონომიკაში $10 მილიარდს დააბანდებს

იაპონური ავტომწარმოებელი Toyota აშშ-ის ეკონომიკაში 10 მილიარდი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. თანხა ძირითადად ჩრდილოეთ კაროლინაში მიიმართება, სადაც ახალი ქარხანა აშენდება, რომელიც ელექტრომობილების წარმოებაზე იქნება ფოკუსირებული. ინვესტიცია პირდაპირ კავშირშია იაპონიაში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ვიზიტთან, რომლის შემდეგაც მან განაცხადა, რომ Toyota ინვესტიციის ჩადებას აპირებდა, თუმცა შემდგომ კომპანიამ ეს ინფორმაცია უარყო, თუმცა, როგორც ჩანს, საბოლოოდ ის მაინც დადასტურდა.

ელექტრომობილების გაყიდვები 23%-ით გაიზარდა

მსოფლიოს მასშტაბით ელექტრომობილებზე მოთხოვნა იზრდება. Rho Motion-ის ინფორმაციით, ოქტომბერში გაყიდული EV-ების და დამუხტვადი ჰიბრიდების საერთო რაოდენობამ 1.9 მილიონი ერთეული შეადგინა, რაც 23%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ელექტრომობილების გლობალური გაყიდვების თითქმის 68% ერთ ქვეყანაზე – ჩინეთზე მოდის, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ინდუსტრიის განვითარება პირდაპირაა დამოკიდებული იქ გაყიდულ 1.3 მილიონ ელექტრომობილზე.

BMW-ს ახალი ელექტრომობილებზე ძლიერი მოთხოვნაა

BMW-მ განაცხადა, რომ მისი ახალი თაობის ელექტრომობილებზე მოთხოვნა ძალიან მაღალია, განსაკუთრებით ევროპაში. კომპანია ხაზს უსვამს, რომ ახალი მოდელების გაყიდვები მნიშვნელოვნად აჭარბებს მოლოდინს, რაც მიუთითებს მომხმარებელთა მზარდ ინტერესზე ბრენდის ელექტრო მოდელებზე. კომპანიის ფინანსური დირექტორის განცხადებით, ახალი ბატარეების წყალობით შესაძლებელი გახდა ხარჯების შემცირება, რაც საბოლოოდ ფასებზეც დადებითად აისახება. ბოლო წლებში BMW ცდილობს, ელექტრომობილების ბაზარზე პოზიციები გააძლიეროს და კონკურენცია გაუწიოს ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა Tesla, BYD და Nio.

Xiaomi-ის ელექტრომობილებზე მოთხოვნა რეკორდულად იზრდება

Xiaomi-მა ოქტომბერში 40,000-ზე მეტი ელექტრომობილი გაყიდა - კომპანიის განცხადებით, ეს უკვე მეორე თვეა ზედიზედ, როცა Xiaomi EV ამ ნიშნულს აჭარბებს. სექტემბერში კომპანიამ 41,948 ავტომობილის მიწოდება მოახერხა, რაც რეკორდული მაჩვენებელი იყო ბრენდის ისტორიაში. ეს შედეგი ნათლად აჩვენებს Xiaomi-ს სწრაფ ზრდას ჩინეთის სულ უფრო კონკურენტულ ელექტრომობილების ბაზარზე. ზრდა ძირითადად მოდელ SU7-ის სედანის ხაზზე მოდის. SU7, რომელიც ოფიციალურად 2024 წლის მარტში გამოვიდა, Tesla Model 3-ის პირდაპირ კონკურენტად მიიჩნევა და დღემდე Xiaomi-ს მთავარი გაყიდვების მამოძრავებელია.

Tesla Cybertruck-ის პროგრამის ხელმძღვანელი თანამდებობას ტოვებს

Tesla Cybertruck-ის პროგრამის ხელმძღვანელმა – სიდჰანტ ავასთმა თანამდებობა დატოვა. მან კომპანიაში 8 წელიწადი გაატარა და 2022 წლიდან ის Tesla-ს პირველი პიკაპის გამოშვებას ზედამხედველობდა. მართალია, ავასთის კომპანიიდან წასვლის მიზეზები არ განუმარტავს, თუმცა სავარაუდოა, რომ ეს Cybertruck-ის არასახარბიელო შედეგებს უკავშირდება. საქმე ისაა, რომ კომპანია ყოველწლიურად 250,000 ელექტრო პიკაპის გაყიდვას გეგმავდა, თუმცა რეალური გაყიდვების მაჩვენებელი 25,000-ის ფარგლებშია, ანუ შედეგი პროგნოზზე 10-ჯერ უარესია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები