კვირის მთავარი ავტო სიახლეების წარმდგენია "თეგეტა ჰოლდინგი"
მას შემდეგ, რაც 2023 წელს ახალმა Cayenne-მა პორშეს მოყვარულების დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა, გერმანულმა ავტოგიგანტმა სპორტული SUV-ის მესამე თაობა მოდელის ახალი TOP-ვერსიის გამოშვებით დააგვირგვინა. ეს არის Cayenne Turbo E-Hybrid Coupé - გაუმჯობესებული მართვის დინამიკითა და განსაკუთრებული სპორტული დიზაინით. Cayenne-ის ახალი TOP-ვერსია, რომელიც დატენადი ჰიბრიდია, საწვავის განსაკუთრებით ეფექტიანი მოხმარებით და უსწრაფესი აჩქარებით გამოირჩევა. წინამორბედთან შედარებით, ახალი Porsche Cayenne Turbo E-Hybrid უფრო სწრაფად იმუხტება. გაიზარდა ბატარეის სიმძლავრე, რომლის მეშვეობითაც ელექტროსვლით ახლა უკვე 82 კმ-მდე მანძილის დაფარვაა შესაძლებელი, დამუხტვის დრო კი ორსაათ-ნახევრამდეა შემცირებული. Cayenne Turbo E-Hybrid-ს 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარება 3.7 წამში შეუძლია, მაქსიმალური სისწრაფე კი 295 კმ/სთ-ია.
Tesla ჩინეთში განახლებულ Model 3-ს უშვებს
კომპანია Tesla-მ განახლებული Model 3-ის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. ახალ მოდელს უფრო ხანგრძლივი დისტანციის გავლა შეეძლება და გაყიდვაში ჩინეთსა და სხვა საექსპორტო ბაზრებში, მათ შორის ევროპაშიც, ჩაეშვება. ამ გადაწყვეტილებით Tesla საკუთარ კონკურენტუნარიანობას ზრდის. სტანდარტული ვერსიის ავტომობილით, საშუალოდ, 606 კმ-ის გავლა იყო შესაძლებელი, რაც ახალ მოდელში 9%-ით გაიზრდება. განახლებული Model 3-ის ფასი წინა ვერსიასთან შედარებით 12%-ით გაიზრდება. ამასთან ერთად, კომპანიამ ჩინეთსა და აშშ-ში Model X-სა და Model S-ზე ფასები 14-21%-ით შეამცირა. Model 3-ის განახლება პირველი დიდი სიახლეა კომპანიისგან მას შემდეგ, რაც 2020 წელს მათი ყველაზე გაყიდვადი მოდელი, Model Y გამოვიდა.
ეს არის ახალი აზროვნება მანქანებზე - BMW Vision Neue Klasse
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული და ამბიციური სლოგანით შედგა კონცეპტის პრემიერა. ისტორიული სახელწოდებით Neue Klasse, BMW აპირებს გაიმეოროს "ახალი კლასის" საშუალო ზომის სედანების წარმატება, რომელმაც სამოციან წლებში გახსნა ახალი თავი ბრენდის ისტორიაში და საფუძველი ჩაუყარა ყველა შემდგომ მოდელს. BMW Vision Neue Klasse კონცეპტის სიგრძეა 4,7 მმ, სიგანე 2,07 მმ, სიმაღლე 1,41 მმ. ბორბლის ბაზა 2,88 მმ. და ჯერჯერობით, ეს არის მისი გამოქვეყნებული მახასიათებელი, რადგან ამ ეტაპზე ყურადღება გამახვილებულია დიზაინზე. ერთის მხრივ, ადრიან ვან ჰუიდონკის გუნდი ცდილობდა ამა თუ იმ ფორმით შეენარჩუნებინა BMW-ს ძირითადი ცნობადი მახასიათებლები - მაგალითად, "ნესტოები" წინა მხარეზე, მაგრამ ამავე დროს Vision Neue Klasse-ს აქვს ახალი პლასტიკური კორპუსი და გაზრდილი შემინვის ფართობი. სედანი სერიული წარმოების დაწყება 2025 წელს იგეგმება და მას აუცილებლად მოჰყვება ქროსოვერის მოდელი.
10 მილიონი ავტომობილი 2023 წელს - Toyota ახალ რეკორდს აანონსებს
Toyota Motor Corporation ახალ რეკორდს აანონსებს, რომელიც 2023 წლის განმავლობაში 10 მილიონი ავტომობილის წარმოებას გულისხმობს. ინფორმაციას გამოცემა Nikkei ავრცელებს. მათი ცნობით, გეგმა 10,2 მილიონ მანქანაზეა გათვლილი. აქედან 3,4 მილიონი ავტომობილი იწარმოება თავად იაპონიაში, ხოლო დანარჩენი 6,8 მილიონი იაპონიის ფარგლებს გარეთ. ამრიგად, გასულ წელთან შედარებით ეს მაჩვენებლები შესაბამისად 30%-ით და 10%-ით გაიზრდება. თუ გეგმა წარმატებით განხორციელდება, Toyota Motor პირველად გადალახავს წელიწადში წარმოებული 10 მილიონი ავტომობილის ზღვარს. წინა რეკორდი 9.05 მილიონი წარმოებული ავტომობილი 2019 წელს დაფიქსირდა. 2025 წლისთვის Toyota Motor გეგმავს მიაღწიოს 11 მილიონიან ნიშნულს.
რამ გამოიწვია TOYOTA-ს ქარხნების გაჩერება?
გასულ კვირას იაპონიის მასშტაბით Toyota-ს ყველა ქარხანა ერთდროულად გაჩერდა. თავდაპირველად გავრცელებული ცნობების თანახმად, საწარმოო პროცესის შეფერხება კიბერშეტევით იყო განპირობებული, თუმცა კომპანიის წარმომადგენლობა ამ ვერსიას უარყოფს. Toyota-ს განმარტებით, პროცესის შეჩერება ცენტრალური სერვერების გადატვირთვამ გამოიწვია. როგორც ჩანს, სისტემური მეხსიერების ბარათი კრიტიკულ დონემდე შეივსო, რის გამოც მისი ახლით ჩანაცვლება გახდა საჭირო. ცენტრალური სისტემის გადატვირთვამ დამხმარე სისტემების შეჩერება გამოიწვია, რაც პროტოკოლით გათვალისწინებული პროცედურის ნაწილია. კომპანიის წარმომადგენლობის განმარტებით, ამჟამად ყველა ქარხანა სრული დატვირთვით მუშაობს და სისტემა შეფერხებების გარეშე განაგრძობს ფუნქციონირებას.