მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კვირის მთავარი ავტოსიახლეები

bmgauto 24

კვირის მთავარი ავტო სიახლეების წარმდგენია "თეგეტა ჰოლდინგი"

Tesla-ს შემდეგი გიგაქარხანა შესაძლოა თურქეთში აშენდეს

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ილონ მასკს სთხოვა, თურქეთში Tesla-ს ქარხანა ააშენოს, - აღნიშნული ინფორმაცია თურქეთის მთავრობის პრესსამსახურმა დაადასტურა. სახელმწიფო უწყების ინფორმაციით, მასკმა განაცხადა, რომ თურქული მიმწოდებელი კომპანიები ამერიკულ ავტომწარმოებელთან ისედაც აქტიურად მუშაობენ, რის გამოც, დიდი შანსია, Tesla-ს შემდეგი გიგაქარხანა სწორედ თურქეთში აშენდეს.

რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და ილონ მასკს შორის საუბარი ნიუ-იორკში შედგა, სადაც თურქეთის პრეზიდენტი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის 78-ე სხდომას ესწრებოდა.

ამერიკული Tesla, ამჟამად, მსოფლიოში ექვს გიგაქარხანას ფლობს, ხოლო მეშვიდეს მექსიკის შტატ ნუევო-ლეონში აშენებს. 

იაპონიიდან რუსეთში ავტომობილების მიწოდება მკვეთრად შემცირდა

იაპონიიდან რუსეთში ავტომობილების მიწოდება მკვეთრად შემცირდა. შემცირების მაჩვენებელი 40% ია. აღნიშნულს 2 მიზეზი აქვს, ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები და ასევე 9 აგვისტოს იაპონიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით მეორადი ავტომობილების ექსპორტი რუსეთში შეიზღუდა. აგვისტოს თვის მონაცემებით, რუსეთში 32 ათასი მეორადი ავტომობილის იმპორტი განხორციელდა იაპონიიდან. 

რუსეთი იაპონიისთვის მეორადი ავტომობილების საექსპორტო ერთ-ერთ მთავარ ბაზარს წარმოადგენდა, შეზღუდვამ ადგილობრივ ბაზარზე მიწოდების ზრდა, მოთხოვნის შემცირება და შედეგად ავტომობილების ღირებულების კლება გამოიწვია.

რაც შეეხება რუსულ ბაზარს, სანქციების ამოქმედებამ მეორადი ავტომობილების ფასები გაზარდა, რადგან მიწოდება მოთხოვნას ჩამორჩება. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ რუსი იმპორტიორები ალტერნატიულ გზებს მოძებნიან, თუმცა იქამდე ფასების ზრდა გაგრძელდება.

"რუსეთისთვის ავტომობილების მიწოდება არ შეწყდება" - ყაზახეთი EU სანქციებს არ უერთდება

ყაზახეთი არ შეზღუდავს რუსეთისთვის ევროპული მანქანების მიწოდებას.

ინფორმაციას გამოცემა AutoReport-ი,  ყაზახეთის ვაჭრობისა და ინტეგრაციის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. უწყების ცნობით, არ არსებობს შეზღუდვები ევროპული წარმოების მანქანებისა და სატვირთო მანქანების რუსეთში მიწოდებაზე. უფრო მეტიც, რუსეთი და ყაზახეთი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრები არიან და ეს გულისხმობს საქონლის გადაადგილების თავისუფლებას, აღნიშნავენ სამინისტროში. 

ინფორმაციისთვის, ახალი და მეორადი ელექტრომობილების, ჰიბრიდული და ბენზინის ძრავის 1,9 ლიტრზე მეტი მოცულობის მანქანების მიწოდების შეზღუდვას ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტი ითვალისწინებს. 

Mercedes-Benz-ის ახალი სავიზიტო ბარათი სამსხივიანი ფარები 

Mercedes-Benz-ის ახალი „სავიზიტო ბარათი“ სამსხივიანი ფარები იქნება. გერმანული ბრენდის მთავარმა დიზაინერმა, გორდენ ვაგნერმა Autocar-ს დაუდასტურა, რომ ოპტიკა, რომლის დებიუტიც CLA კონცეფციაზე შედგა, კომპანიის ახალ ელექტრომობილებზე გამოჩნდება. ტოპ მენეჯერის თქმით, საკულტო დიზაინის ელემენტები  მყიდველებისთვის მნიშვნელოვანია. გორდონ ვაგნერმა ასევე განაცხადა, რომ მერსედესის ელექტრომობილებს შენარჩუნებული ექნება ცხაურა, რომ ავტომობილები უსახურად არ გამოიყურებოდნენ. 

"ჩვენ გვინდა შევცვალოთ ერთფეროვნების ზღვა, ყველა ეს უსახო მანქანა, რომელსაც არ აქვს ინდივიდუალურობა. ჩვენ გვინდა გამორჩეული ვიყოთ საკულტო ფუნქციებით და Mercedes-Benz-ს ამის ყველა შესაძლებლობა აქვს“, - განმარტა გერმანული ბრენდის მთავარმა დიზაინერმა. 

Porsche Taycan-მა ტიბეტში რეკორდულ სიმაღლეს მიაღწია 

Porsche Taycan-ის ახალი მსოფლიო რეკორდი. ამჯერად საქმე არც სისწრაფეში, არც მანევრირებაში და არც აეროდინამიკურობაშია, ტაიკანმა,  ელექტრომობილების სიმაღლის ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. პორშემ 2783 კილომეტრის ექსტრემალური მარშრუტი გაიარა, რომლის დროსაც Taycan Cross Turismo - მ ჩინეთის ყველაზე დაბალი ბუნებრივი წერტილიდან მსოფლიოში ერთ-ერთ უმაღლეს წერტილამდე მიაღწია. გზაზე უამრავი დაბრკოლება იყო, მკაცრი კლიმატური პირობებიდან დაწყებული, ელექტრომობილებისთვის საჭირო ინფრასტუქტურის არარსებობით  დასრულებული. 

გარდა ამისა, კლიმატის და ტემპერატურის  მუდმივი ცვლილებები გავლენას ახდენდა ენერგიის მოხმარებაზე. Porsche Taycan Cross Turismo-ს 10 დღიანი გამოცდა დაიწყო Lake Aiding-ზე - ზღვის დონიდან მინუს 218 მეტრ სიმაღლეზე. მოგზაურობა კი დასრულდა წარმატებული ასვლით, ხუნთუ-დაბანის მწვერვალზე, რომელიც ზღვის დონიდან 5355 მეტრზე მდებარეობს. 

სტუდენტების მიერ შექმნილი ელექტრომობილი გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა

კიდევ ერთი რეკორდი, რომელიც ამჯერად სტუდენტებს და მათ მიერ შექმნილ ელექტრომობილს ეკუთვნის. მიუნხენის ტექნიკური უნივერსისტეტის სტუდენტებმა ერთადგილიანი ელექტრომანაქანა შექმნეს, რომელმაც ერთი სრული დამუხტვით, 2575 კილომეტრი გაიარა. 

საყურადღებოა, რომ 6 დღის განმავლობაში, სწორედ ამდენი დრო დასჭირდა ელექტრომობილს 2575 კილომეტრის დასაძლევად, სტუდენტების მიერ შექმნილ პროტოტიპს არც მზის ენერგია გამოუყენებია, არც რაიმე ტიპის დამტენი, ელექტრომობილი მხოლოდ 15.5 კილოვატის სიმძლავრის ძრავის იმედად იყო. 

muc022-ს გინესის რეკორდების წიგნის წარმომადგენელმა უკვე გადასცეს ჯილდო "ელექტრომანქანის მიერ მზის ენერგიის გარეშე გავლილი ყველაზე დიდი მანძილისთვის".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები