კვირის მთავარი ავტო სიახლეების წარმდგენია "თეგეტა ჰოლდინგი"
მალე საქართველოში Geely-ს ახალი მოდელები - Monjaro, Tugella და Geometry შემოვა
საქართველოში ახალი საავტომობილო ბრენდი Geely Auto შემოვიდა, რომელსაც ქვეყანაში ოფიციალურად Tegeta Cars-ი წარმოადგენს.
საწყის ეტაპზე, კომპანია ადგილობრივ ბაზარზე კომპაქტური SUV-ით, Geely Coolray-ით იქნება წარმოდგენილი, თუმცა უახლოეს მომავალში Geely-ის სხვა მოდელებიც შემოვა, მათ შორისაა: Monjaro, Tugella და Geometry C.
“Geely საქართველოს” კომერციული დირექტორის, გიორგი შაქარაშვილის განმარტებით, ქართულ ბაზარზე Geely-ს გამოჩენა ჩინური წარმოების ავტომობილების მიმართ მოთხოვნის ზრდას უკავშირდება.
როგორც ჩანს, მომხმარებლებს მაღალტექნოლოგიური და ინოვაციური ავტომობილების შეძენა სურთ, თანაც ხელმისაწვდომ ფასად. მაგალითად, Geely Coolray მაღალი ხარისხის დეტალებით, თანამედროვე უსაფრთხოების სისტემებით, კომფორტული ინტერიერით და უნიკალური დიზაინითაა გამორჩეული, თუმცა ამ SUV-ის ფასი $20,000-ის ფარგლებშია, რაც კონკურენტებთან შედარებით საკმაოდ იაფად შეიძლება ჩაითვალოს.
Geely-ს ხელმისაწვდომობას ის ფაქტი განაპირობებს, რომ ეს ჩინური კონგლომერატი ათამდე საავტომობილო ბრენდს, მათ შორის, Volvo-ს, Smart-ს, Lotus-ს, Polestar-ს, LYNK-ს და Zeekr-ს აერთიანებს. ასეთი მრავალფეროვანი პორტფელი კი Geely Holdings-ის მოდელებს შორის ტექნოლოგიის გაზიარების და ხარჯების შემცირების საშუალებას იძლევა.
Stellantis და Samsung SDI ინდიანაში EV ბატარეების ქარხანას ააშენებენ - ინვესტიცია $3,2 მილიარდია
Samsung SDI და ავტომწარმოებელი კომპანია Stellantis $3,2 მლრდ ინვესტიციით ინდიანაში, კოკომოში ელექტრო ავტომობილების ბატარეების ახალ ქარხანას ააშენებენ.
ავტომწარმოებელი კომპანიისთვის, ისეთი მოდელების შესაქმნელად, როგორიცაა Ram-ის და Dodge-ის ელექტრო ვერსიები, EV ბატარეების ქარხნების მშენებლობა ძალიან მნიშვნელოვანია.
Stellantis-ის და Samsung SDI-ის ერთობლივი პროექტის, StarPlus Energy-ს ფარგლებში აშენებული საწარმო, რიგით მეორეა, რომელსაც კომპანიები ერთობლივად ააშენებენ. Stellantis-ის ინფორმაციით, ორი ქარხანა 2800 ახალ სამუშაო ადგილს შექმნის.
პირველი ობიექტი, 2,5 მილიარდი დოლარის ღირებულების ქარხანა ამ ეტაპზე მშენებლობის პროცესშია. წარმოების დაწყება კი 2025 წლის პირველ კვარტალში იგეგმება. მეორე ქარხანა, EV ბატარეის წარმოებას, სავარაუდოდ 2027 წლის დასაწყისში დაიწყებს.
"ჩვენი ბატარეის ეკოსისტემა ჩვენი ელექტრიფიკაციის სტრატეგიის საფუძველია და ჩვენმა დიდმა პარტნიორებმა Samsung SDI-მ, ინდიანას შტატმა და ქალაქ კოკომომ შესაძლებლობა მოგვცეს, ჩვენი რიგით მეექვსე ბატარეის ქარხანა გაგვეთავსებინა”, - თქვა Stellantis-ს COO-მ მარკ სტიუარტმა.
Ferrari ავტომობილებისთვის გადასახადს კრიპტოვალუტაშიც მიიღებს
სპორტული ავტომობილების მწარმოებელი Ferrari, თავისი ძვირად ღირებული ავტომობილებისთვის ტრანზაქციებს ამიერიდან კრიპტოვალუტაშიც მიიღებს. ცვლილება თავდაპირველად აშშ-ში ამოქმედდება და მოგვიანებით ევროპაშიც გავრცელდება.
როგორც კომპანიის მარკეტინგისა და კომუნიკაციების ხელმძღვანელმა Reuters-ს განუცხადა, კრიპტოში გადარიცხვების მოთხოვნა Ferrari-ს მდიდარ მომხმარებელს ეკუთვნოდათ.
აღსანიშნავია, რომ 2021 წელს ბიტკოინის, როგორც გადახდის მეთოდის, მიღება ელექტრომობილების მწარმოებელმა Tesla-მაც დაიწყო, თუმცა ილონ მასკმა ეს პროცესი მალევე დაასრულა.
Ferrari-მ მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ამერიკის რეგიონში, რაც აშშ-საც მოიცავს, 1 800 ავტომობილი გაყიდა. თუმცა კომპანია არ ასაჯაროებს, როგორ აისახება გაყიდვების რაოდენობაზე გადახდებში კრიპტოვალუტის ინტეგრირება.
Ferrari-ის სპორტული ავტომობილების ფასი 200 ათასი ევროდან იწყება და 2 მლნ ევრომდე ადის. იტალიურმა კომპანიამ 2022 წელს 13 200 ავტომობილი გაყიდა.
აშშ-ში Ford-ის უმსხვილესი ქარხანა გაფიცვის გამო დაიხურა
უპრეცედენტო გაფიცვა გრძელდება: UAW (United Auto Workers) პროფკავშირმა კენტუკის ფორდის ქარხანაში მუშაობა შეაჩერა. ქარხანა დაახლოებით 8700-ს ადამიანს ასაქმებს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
ანალიტიკოსების შეფასებით, Ford-ს აღნიშნული გაფიცვა კვირაში $150 მილიონი დაუჯდება. ავტომწარმოებელი აღნიშნავს, რომ მათ ყველაფერი გააკეთეს თანამშრომლებისთვის და ხელფასების უფრო მეტად ზრდა კომპანიისთვის დამღუპველი იქნება. თავის მხრივ UAW-ს მიაჩნია, რომ Ford, General Motors და Stellantis, რომლებმაც მნიშვნელოვნად გაზარდეს ხელფასები აღმასრულებელ თანამდებობებზე ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, შეუძლიათ მარტივად გადაწყვიტონ მუშათა ხელფასების ზრდაც, რომელიც 20%-ზე მეტი უნდა იყოს. ისინი ასევე მოითხოვენ შეღავათების გაფართოებას და მოკლე სამუშაო კვირას.
UAW იმუქრება, რომ გაფიცვაში ჩართავს General Motors-ის ქარხანას არლინგტონში, ტეხასში, სადაც Cadillac Escalade, Cherolet Suburban და სხვა SUV-ები მზადდება.
ინფორმაციისთვის, პროფკავშირების გაფიცვა 15 სექტემბერს დაიწყო. პირველ ეტაპზე გაფიცვაში 13 ათასი მუშა მონაწილეობდა, სექტემბრის ბოლოს უკვე 18,5 ათასი გაფიცული იყო, ახლა კი დაახლოებით 34 ათასია.
ჩინეთმა თვითმართვადი საჰაერო ტაქსების ინდუსტრიისთვის პირველი ნებართვა გასცა
ჩინეთი თვითმართვადი მფრინავი ტაქსების ეპოქას ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა. როგორც ტექნოლოგიური Ehang-ი აცხადებს, ჩინეთის სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციამ კომპანიის სრულად ავტონომიურ დრონს, რომელსაც ერთდროულად 2 მგზავრის გადაყვანა შეუძლია, საფრენი სერტიფიკატი მიანიჭა.
კომპანია აცხადებს, რომ მსოფლიოში პირველია, ვინც მსგავსი სერტიფიკატი მოიპოვა, რომელიც მათ თვითმავალი საფრენი აპარატებით მგზავრების გადაყვანას შეძლებს.
მსგავსი დოკუმენტის მოპოვება Ehang-ისთვის ევროპისა და ამერიკის ბაზრების ათვისებასაც გაამარტივებს. კომპანია გეგმავს, რომ ოკეანეებს მიღმა მომავალი წლიდან გავიდეს. როგორც Ehang-ის CEO აღნიშნავს, ჩინელი რეგულატორები ჯერ ისევ მუშაობენ სერტიფიკატის მიღების საერთო პროცესზე.
ბაზარზე Ehang-ის ფასი მიმდინარე წლის განმავლობაში გაორმაგდა, თუმცა კომპანიამ სავაჭრო პროცესები დროებით ორშაბათიდან შეზღუდა. შეზღუდვის მიზეზი კომპანიის სამომავლო გეგმებთანაა დაკავშირებული და მხოლოდ ერთ სამუშაო კვირას გასტანს.
Ehang-ი, დაახლოებით, $1 მლრდ-ად არის შეფასებული.