კვირის მთავარი ავტოსიახლეების წარმდგენია "თეგეტა ჰოლდინგი"
ტექნოლოგიური გიგანტი Xiaomi ელექტრომობილების გაყიდვებს იწყებს
ჩინური ტექნოლოგიური გიგანტი Xiaomi ავტოინდუსტრიაში ოფიციალურად ჩაერთო - კომპანია ელექტრომობილების გაყიდვას მიმდინარე თვიდან იწყებს. ინფორმაცის BBC-ი კომპანიის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. ავტომობილის საფასო კატეგორიას კი Xiaomi 28 მარტს გაასაჯაროებს.
თავად Xiaomi, რომელიც ჩინეთში სმარტფონების მწარმოებელი რიგით მე-5 უმსხვილესი კომპანიაა, ელექტრომობილებზე შეკვეთებს ქვეყნის 29 ქალაქში განთავსებულ 59 მაღაზიაში მიიღებს.
ჩინეთში, რომელიც ავტომობილებისთვის უმსხვილესი ბაზარია, ელექტრომობილების მწარმოებლებს შორის კონკურენცია დღითი დღე იზრდება, რაც BYD-სა და Tesla-ს მიერ, კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად, ფასების დაკორექტირებითაც გამოიხატება.
Xiaomi-მა პირველი ელექტრომობილი Speed Ultra 7 გასული წლის ბოლოს წარადგინა. მაშინ კომპანიის CEO-მ განაცხადა, რომ Xiaomi-ს მიზანი მსოფლიოს TOP 5 ავტომწარმოებელს შორის მოხვედრა იყო, რისთვისაც მომდევნო 10 წლის განმავლობაში $10-მილიარდიან ინვესტიციას გამოყოფდა.
Xiaomi-ის ელექტრომობილის მთავარი უპირატესობა, კომპანიის დირექტორის, ლეი ძუნის განცხადებით, მისი “სუპერ ელექტროძრავია”, რომელსაც მაღალი სიჩქარის განვითარება Tesla-სა და Porsche-ს ელექტრომობილებზე მოკლე დროში შეუძლია.
HONDA-მ და NISSAN-მა ელექტრომობილების წარმოებისთვის ძალების გაერთიანება გადაწყვიტეს
იაპონურმა ავტომწარმოებელმა კომპანიებმა, Honda-მ და Nissan-მა ელექტრომობილების ბაზარზე თავის დამკვიდრების მიზნით, ძალების გაერთიანება გადაწყვიტეს.
ურთიერთგაგების მემორანდუმის თანახმად, კონკურენტი კომპანიები ერთმანეთს ინოვაციურ ტექნოლოგიებს გაუზიარებენ, რაც მომავალში შესაძლებელს გახდის ავტოპილოტის სისტემის განვითარებას და თვითმართვადი ელექტრომობილის შექმნას.
უნდა აღინიშნოს, რომ Honda-ს და Nissan-ის პარტნიორობა არ მოიცავს საწარმოო პროცესის გაერთიანებას ან კომპანიების შერწყმას. გაფორმებული დოკუმენტი წარმოადგენს არასავალდებულო შეთანხმებას, რომელიც ტექნოლოგიების გაზიარებას და ერთმანეთის მხარდაჭერას გულისხმობს.
Nissan-ის ხელმძღვანელობის განცხადებით, ჩინური კონკურენტები განსაკუთრებით სწრაფი ტემპით ვითარდებიან, ამიტომ იაპონურმა კომპანიებმა ძალები უნდა გააერთიანონ და ისეთი ხარისხიანი პროდუქტი შექმნან, როგორიც მათ შეეფერებათ.
Volvo-მ თებერვალში 50,315 ავტომობილი გაყიდა
50,315 გაყიდული ავტომობილი მსოფლიოს მასშტაბით ერთ თვეში - ასეთია თებერვლის მონაცემები, რომლებსაც Volvo cars ავრცელებს. კომპანიის ისტორიაში პირველად, გაყიდულ ავტომობილებს შორის ყველაზე მაღალი ელექტრიფიცირებული მოდელების წილი აღმოჩნდა. საუბარია როგორც სრულად ელექტრულ, ისე ჯამურად ელექტრულ და plug-in ჰიბრიდულ ავტომანქანებზე. კომპანიაში ამ ისტორიულ შედეგს ახალი, EX30 (SUV-ის) გაზრდილი გაყიდვებით ხსნიან.
სრულად ელექტრული ავტომანქანების წილმა თებერვალში მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაყიდული მანქანების 22% შეადგინა, ხოლო სრულად ელექტრული ავტომანქანებისა და plug-in ჰიბრიდების ჯამური გაყიდვები 44%-ს გაუტოლდა.
ევროპის ქვეყნებში გაყიდვების მაჩვენებელი, გასული წლის თებერვალთან შედარებით, 26%-ით გაიზარდა და, ჯამში, 26,773 ავტომობილი შეადგინა. ჩინეთში 7,911 ავტომობილი გაიყიდა, რაც 39%-ით ნაკლებია 2023 წლის თებერვლის მაჩვენებელთან შედარებით. რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, აქ 2024 წლის თებერვალში, ჯამში, 7,920 ავტომანქანა გაიყიდა, რაც გასული წლის მაჩვენებლებთან შედარებით 7%-ით ნაკლებია.
ინფორმაციისთვის, 2023 წლის დეკემბერში Volvo Cars-მა სრულად ელექტრული ავტომანქანების ოჯახის ახალი წევრი - EX30 წარადგინა. 2024 წლის პირველ ორ თვეში ჯამური გაყიდვების რიცხვი 5,863 ერთეული იყო. აღნიშნული ავტომანქანების მომხმარებლებისთვის მიწოდება ევროპაში, იაპონიასა და ბრაზილიაში დაიწყო, რასაც მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში სხვა ბაზრებიც შეუერთდება.
Porsche Macan EV - გერმანული ავტომწარმოებელი წინასწარი შეკვეთების რაოდენობით გაოგნებულია
ახალი Macan-ის წინასწარი შეკვეთების რაოდენობამ ყველა მოლოდინს გადააჭარბა. გერმანული ბრენდის, Porsche-ს წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ელექტრო კროსოვერზე წარმოუდგენლად დიდი მოთხოვნაა, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ მნიშვნელოვან ბაზარზე განაცხადის პროცესი ჯერ არ დაწყებულა.
Porsche Macan EV-ის პრემიერა იანვრის ბოლოს შედგა და სულ რაღაც ოთხ კვირაში გერმანულმა ბრენდმა ათი ათასზე მეტი წინასწარი შეკვეთა მიიღო. მნიშვნელოვანია, რომ ეს მაჩვენებელი არ მოიცავს ჩინეთში, ტაივანსა და იაპონიაში მომხმარებელთა განაცხადებს - Porsche-სთვის ყველაზე მნიშვნელოვან ბაზრებზე.
Porsche Macan-ის ელექტროავტომობილად გადაქცევა დიდი მოვლენაა ავტომწარმოებლისთვის. ქროსოვერი ბრენდის აბსოლუტური ბესტსელერი იყო და მხოლოდ 2023 წლის ბოლოს ის ოდნავ ჩამორჩებოდა კაიენის გაყიდვებს. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ ბაზარზე ბენზინის Macan გაყიდვაში დარჩება.
ფინეთში სპეციალური ნებართვის გარეშე რუსეთში რეგისტრირებული მანქანების გადაადგილება აიკრძალა
ფინეთში სპეციალური ნებართვის გარეშე რუსეთში რეგისტრირებული მანქანების გადაადგილება აიკრძალა. ამის შესახებ ფინეთის საბაჟო სამსახურის განცხადებაში წერია. ინფორმაციის მიხედვით, ზოგიერთ შემთხვევაში, რუსეთში რეგისტრირებული სანომრე ნიშნით ავტომობილის მოძრაობა დაშვებულია.
მაგალითად, სტუდენტებისთვის, სამუშაო ხელშეკრულებით დასაქმებული ადამიანებისთვის ან ევროკავშირის მოქალაქეებისთვის, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ რუსეთის ფედერაციაში, თუმცა უნდა დაამტკიცონ, რომ აკრძალვის ძალაში შესვლამდე მანქანა ლეგალურად შეიყვანეს ფინეთში.
ბალტიისპირეთის ყველა ქვეყანამ აკრძალა რუსული ნომრით მანქანების შესვლა. აკრძალვები ასევე შემოიღეს პოლონეთმა, ფინეთმა, ნორვეგიამ და ბულგარეთმა. ამ კვირაში ლიეტუვაში უკვე ჩამოართვეს პირველი მანქანა, რომელმაც აკრძალვა დაარღვია.