მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კვირის TOP-10 ეკონომიკური მოვლენა

6370e412d6672
ირაკლი მაკალათია
13.11.22 16:33
966
გთავაზობთ, გასული კვირის (7 – 12 ნოემბერი, 2022) TOP-10 ეკონომიკურ მოვლენას.

1. რა გავლენა მოახდინა რუსეთის მოქალაქეების შემოსვლამ საქართველოს ეკონომიკურ ზრდაზე და რა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი აქვს IMF-ს
2. საქართველოს მთავრობამ სტრატეგიული დოკუმენტი “ხედვა 2030” გამოაქვეყნა
3. IRI-ს საზოგადოებრივი აზრის კვლევის ეკონომიკური ნაწილის შეფასება
4. 2023 წლიდან, მედიკამენტებზე რეფერენტული ფასები დაწესდება
5. სად არის განთავსებული საპენსიო დანაზოგები და შესაძლოა თუ არა საპენსიო ფონდმა მსხვილი პროექტები დააფინანსოს
6. III კვარტალში სარეკლამო შემოსავლების შემცირების მიზეზი აზარტული თამაშების რეგულაციები გახდა
7. IDFI-ის კვლევა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების აღსრულების შესახებ
8. რა სახის და მოცულობის სესხებს იღებს საქართველო საერთაშორისო ორგანიზაციებისგან
9. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დასაქმების პროგრამის 2022 წლის 8 თვის შედეგები
10. საქართველოს რკინიგზამ 2022 წლის 9 თვეში 278 მილიონი ლარის მოგება მიიღო



1. რა გავლენა მოახდინა რუსეთის მოქალაქეების შემოსვლამ საქართველოს ეკონომიკურ ზრდაზე და რა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი აქვს IMF-ს

საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს აქვეყნებს საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF), რომლის მიხედვითაც, 2022 წელს ორგანიზაცია საქართველოში 10%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს, ხოლო მომდევნო, 2023 წელს ეკონომიკური ზრდა შემცირდება და 5%-ს დაუახლოვდება.
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P Global-ის ეკონომიკური მიმოხილვის მიხედვით, საქართველოს 10.3%-იანი ეკონომიკური ზრდა ძირითადად რუსების მიგრაციით იყო განპირობებული, ამასთან პარალელი არის გავლებული სომხეთთან და აღნიშნულია, რომ რუსეთიდან მიგრანტებმა სომხეთისა და საქართველოს ეკონომიკაში ასობით მილიონის კონტრიბუცია შეიტანეს.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3hzbWdA ; https://bit.ly/3hC9rXU ; https://bit.ly/3tsYdYC 

2. საქართველოს მთავრობამ სტრატეგიული დოკუმენტი “ხედვა 2030” გამოაქვეყნა

საქართველოს მთავრობამ სტრატეგიული დოკუმენტი “ხედვა 2030” გამოაქვეყნა, სადაც განხილულია მთავრობის სამიზნეები და გეგმები. დოკუმენტში ასევე განხილულია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა და ფოთის პორტის გაფართოება, თუმცა სტრატეგიული მნიშვნელობის ანაკლიის პორტი დოკუმენტში მხოლოდ ერთხელ არის ნაახსენები.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3fYAoVs 

3. IRI-ს საზოგადოებრივი აზრის კვლევის ეკონომიკური ნაწილის შეფასება

IRI-ს მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მიხედვით: გამოკითხული მოსახლეობის 27% უპირველესი პრობლემად უმუშევრობას ასახელებს, 15%-ის აზრით მთავარ გამოწვევად ინფლაციას, ხოლო ინფრასტრუქტურას და წყალთან დაკავშირებულ პრობლემებს გამოკითხულთა 23% ასახელებს. ამასთან, ძირითად პრობლემებს შორისაა სიღარიბე, განათლება და სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული საკითხები.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3A82owI 

4. 2023 წლიდან, მედიკამენტებზე რეფერენტული ფასები დაწესდება

მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით 2023 წლიდან, წამლებზე რეფერენტული ფასები დაწესდება. სახელმწიფო მედიკამენტების ღირებულების იმ მაქსიმალურ ზღვარს დაადგენს, რომელზე ძვირადაც მედიკამენტის რეალიზაცია დაუშვებელი იქნება. პირველ ეტაპზე რეფერენტული ფასი 1 100 დასახელების, ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტებს შეეხებათ. 2023 წლის მეორე კვარტლიდან კი ეს ცვლილება ყველა დარჩენილ სარეცეპტო მედიკამენტებზე გავრცელდება. დარღვევის შემთხვევაში, პირველ ეტაპზე სანქციები - გაფრთხილებას, ხოლო განმეორებით შემთხვევაში, 5 000-დან 45 000 ლარამდე დაჯარიმებას გულისხმობს.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3A9su24 ; https://bit.ly/3Tw0sVt ; https://bit.ly/3GczU8Q 

5. სად არის განთავსებული საპენსიო დანაზოგები და შესაძლოა თუ არა საპენსიო ფონდმა მსხვილი პროექტები დააფინანსოს

საპენსიო ფონდის მოცულობა 2.8 მილიარდ ლარს შეადგენს, სადაც 1.3 მილიონი საქართველოს მოქალაქეა გაწევრიანებული. განიხილება შესაძლებლობა, რომ აქტივების მმართველი ფონდიდან ნაწილობრივ საკრედიტო ინსტიტუტად გარდაიქმნას და სტრატეგიული პროექტების პირდაპირი სასესხო დაფინანსება დაიწყოს. საპენსიო სააგენტოს ყოფილი დირექტორის, ლევან სურგულაძის განცხადებით, თუ ფონდმა პირდაპირი კრედიტების გაცემა დაიწყო, მაშინ ის ფუნქციურად ბანკის სახეს მიიღებს, რასაც შესაძლოა მნიშვნელოვანი კორუფციული რისკების გაჩენა მოჰყვეს.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3EpGZ4z ; https://bit.ly/3Gc3P0N ; https://bit.ly/3Gd5d3s 

6. III კვარტალში სარეკლამო შემოსავლების შემცირების მიზეზი აზარტული თამაშების რეგულაციები გახდა

კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, მესამე კვარტალში ტელე და რადიო მაუწყებლების შემოსავალი 9.3%-ით შემცირდა და 16.3 მილიონი ლარი შეადგინა. შემოსავლების შემცირების მიზეზი კი აზარტული თამაშების შესახებ მიღებული რეგულაციებია, რის გამოც სარეკლამო შემოსავალი 3.7 მილიონ ლარზე მეტით შემცირდა.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3hvSkXD ; https://bit.ly/3UPkBHg 

7. IDFI-ის კვლევა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების აღსრულების შესახებ
არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI-მ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების აღსრულების შესახებ კვლევა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით 25 თებერვლიდან 10 აგვისტოს მონაკვეთში შემოსავლების სამსახურმა სულ 204 საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა გამოწერა. ამასთან, 2 თვის განმავლობაში, რუსეთის და ბელარუსის მიმართულებით სანქცირებული ტვირთის გააადგილების იდენტიფიცირება არ მომხდარა, ხოლო ყველაზე ხშირად (56 შემთხვევა) უკან დანადგარები და მექანიკური მოწყობილობები გააბრუნეს.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3GbncXP 

8. რა სახის და მოცულობის სესხებს იღებს საქართველო საერთაშორისო ორგანიზაციებისგან

საქართველოს მთავრობა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისგან, კონკრეტული მიმართულებების დასაფინანსებლად სესხს აიღებს. კერძოდ; ფისკალური მენეჯმენტის, კაპიტალის ბაზრებისა და საპენსიო სისტემის რეფორმების ხელშესაწყობად, აზიის განვითარების ბანკმა (ADB) საქართველოს 100 მილიონი აშშ დოლარის სესხი დაუმტკიცა; სტრუქტურული რეფორმების გასაგრძელებლად, საქართველო საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან 38 მილიონ აშშ დოლარს მიიღებს; ხოლო ენერგეტიკის სექტორის რეფორმის მხარდასაჭერად საქართველო გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკისგან 27 მილიონ ევროს სესხს აიღებს.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3fZIXPB ; https://bit.ly/3TzIW2u ; https://bit.ly/3G76Oro ; https://bit.ly/3UAhnaT 


9. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დასაქმების პროგრამის 2022 წლის 8 თვის შედეგები

სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დასაქმების პროგრამის 30 სექტემბრის მონაცემებით, 23 751 ადამიანი იყო დასაქმებული, საიდანაც ხელშეკრულება უკვე დაუსრულდა 165 ადამიანს. რეგიონების მიხედვით ყველაზე მეტი სამეგრელო-ზემო სვანეთში (5 786), ხოლო ყველაზე ნაკლები თბილისში დაასაქმეს (236).
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3Trr7mt 


10. საქართველოს რკინიგზამ 2022 წლის 9 თვეში 278 მილიონი ლარის მოგება მიიღო
საქართველოს რკინიგზის დირექტორის, დავით ფერაძის განცხადებით, რკინიგზამ 2022 წლის 9 თვეში 507 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, ხოლო კომპანიის მოგებამ 278 მილიონი ლარი შეადგინა. კომპანიის შემოსავლის მატება 20%-ით, 11 მილიონ ტონამდე გაზრდილმა ტვირთბრუნვამ განაპირობა. დავით ფერაძის თქმით, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის სრულფასოვნად ამოქმედდება წლის ბოლომდე იგეგმება.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3GdnVb0

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები