მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კვირის TOP-10 ეკონომიკური მოვლენა (16-22.11.2020)

5fba789f10219
ირაკლი მაკალათია
22.11.20 18:44
1680
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტი 16-22 ოქტომბრის კვირის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა. მართალია, სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენელს ბევრი განცხადება არ გაუკეთებია, მაგრამ ხელისუფლებასთან და სამოქალაქო სექტორთან შეხვედრის შემდეგ აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებული რელიზებიდანაც კარგად ჩანს, თუ რა მთავარი გზავნილები დაგვიტოვა პომპეომ. „სახელმწიფო მდივანმა ყურადღება გაამახვილა საარჩევნო და სასამართლო რეფორმების მნიშვნელობაზე“, - ეწერა საელჩოს ოფიციალურ რელიზში. სასამართლოს რეფორმის საჭიროება ფიგურირებდა არასამთავრობო სექტორთან შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ ინფორმაციაშიც. „ყველა შეთანხმდა, რომ გასაკეთებელი კიდევ ბევრია და შეერთებული შტატები მზადაა, მხარდაჭერის გასაგრძელებლად”, - ესეც ამერიკის საელჩოს მიერ მომზადებულ რელიზში ჩაიწერა. გავიგეთ ისიც, რომ თავად არაფერი უთქვამს, მაგრამ არასამთავრობო სექტორმა დაპაუზებული ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტიც შეახსენა, რომელსაც თავად პომპეომ ღიად დაუჭირა მხარი. 18 ნოემბერს მაიკ პომპეო საქართველოდან წავიდა, თუმცა დაგვიტოვა თავისი თანაშემწე ფილიპ რიკერი. მიზეზი, დიდი ალბათობით, ის პოლტიკური კრიზისია, რომელიც დღეს ქვეყანაშია - ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. შესაბამისად, არც არჩევნების მეორე ტურში მიუღია მონაწილეობა. შედეგიც ის დაჯდა, რაც მოსალოდნელი იყო, ცესკოს წინასწარი მონაცემებით, 21 ნოემბერს ჩატარებულ მეორე ტურში 17-ვე ოლქში მმართველი პარტიის “ოცნების” კანდიდატებმა გაიმარჯვეს. ახლა მთავარი კითხვაა - როგორ დასრულდება პარტნიორი ქვეყნების ელჩების ჩართულობით დაწყებული მოლაპარაკებები და შევა თუ არა ოპოზიცია პარლამენტში, თუ „ოცნება“ შემდეგ 4 წელს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მარტო გაატარებს. გაგრძელება, ალბათ, შემდეგი კვირის მოვლენებში მოხვდება, რადგან მე-10 მოწვევის პარლამენტმა მალე უნდა დაიწყოს საქმიანობა. მათი ნომერ პირველი საქმე კი 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცება იქნება, რომლის საბოლოო ვარიანტს გიორგი გახარიას მთავრობა პარლამენტს 30 ნოემბერს წარუდგენს - ესეც შემდეგი კვირის თემაა. იქამდე კი, თვალი გადავავლოთ, რა ეკონომიკური მოვლენებით იყო საინტერესო 16-22 ოქტობრის კვირა.

1. საქსტატის დაზუსტებული მონაცემებით, 2019 წელს რეალური მშპ 5%-ით გაიზარდა
2. 2020 წლის მესამე კვარტალში უმუშევრობის დონემ 11,9% შეადგინა
3. "FDI გრანტი" - ახალი სამთავრობო პროგრამა ინვესტიციების მოსაზიდად
4. სებ-ის მორიგი $30 მილიონიანი ინტერვენცია და მისი შედეგები ლარის კურსზე
5. საქართველომ გლობალური კეთილდღეობის ინდექსში ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია
6. მთავრობამ დღგ-ის ავტომატურად დაბრუნების წესი სრულად აამოქმედა
7. საყოველთაო ჯანდაცვის 802-მილიონიანი ბიუჯეტი ამოიწურა
8. თბილისის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი
9. PWC-ის კვლევის შედეგები და ეკონომიკის მინისტრის შეფასება
10. პროტესტი “ნამახვანი ჰესზე” და მთავრობის პოზიცია


1. საქსტატის დაზუსტებული მონაცემებით 2019 წელს რეალური მშპ 5%-ით გაიზარდა

საქსტატმა 2019 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის დაზუსტებული ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, 2019 წელს რეალური მშპ 5%-ით გაიზარდა. ზრდა დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (8.3 პროცენტი), განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები (18.5 პროცენტი), ხელოვნება, გართობა და დასვენება (22.1 პროცენტი), ინფორმაცია და კომუნიკაცია (21.4 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (8.4 პროცენტი), უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (4.1 პროცენტი). კლება აღინიშნა შემდეგ სექტორებში: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (-7.5 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (-1.6 პროცენტი), სხვა სახის მომსახურება (-12.3 პროცენტი).

ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვანი ინდიკატორია მშპ ერთ მოსახლეზე, რომელმაც 2019 წელს ერთ მოსახლეზე შეადგინა 4 696.2 აშშ დოლარი, აღნიშნული წინა წელს 4 722,0 აშშ დოლარს შეადგენდა, ამავე, პერიოდში შემცირებულია მოსახლეობის რიცხოვნობა, შესაბამისად, შემცირების მთავარი მიზეზი ლარის მსყიდველუნარიანობის კლებაა, შედეგად აღნიშნული ეკონომიკური ზრდა რეალუად ვერ ჩაითვლება მოსახლეობის ცხოვრების დონის ზრდის დადებით ფაქტორად. ერთნიშნა ეკონომიკური ზრდა საქართველოს მსგავსი განვითარებადი არ არის რეალური შედეგების მომტანი, აქ ეკონომიკური აქტივების უდიდესი ნაწილის მესაკუთრე კვლავაც სახელმწიფოა, რომელიც არ იყენებს ამ რესურსს და მისი ეკონომიკაში ჩართვით შეუძლია მიიღოს მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც გამოიწვევს ქვეყნის სწრაფ ეკონომიკურ განვითარებას, კერძო სექტორის ზრდას, ბიზნესის განვითარებას, სამუშაო ადგილების მატებას და მოსახლეობის ცხოვრების დონის ზრდას. ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მოლოდინში, სამწუხაროდ, პანდემიის გამო ჩაკეტილი ეკონომიკა 2020 წლის მეორე კვარტალში 13,2%-ით შემცირდა, რაც ეკონომიკურ დარგებსა და დასაქმებულთა რიცხოვნობაზე კიდევ უფრო მძიმედ აისახა.
ვრცლად თემაზე იხილეთ: https://bit.ly/3nJ1Nsy  


2. 2020 წლის მესამე კვარტალში უმუშევრობის დონემ 11,9% შეადგინა

2020 წლის მესამე კვარტალში უმუშევრობის დონემ 11,9% შეადგინა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით უმუშევრობის დონე 0,7%-ით გაიზარდა, ხოლო 2020 წლის II კვარტალთან შედარებით პირიქით, შემცირდა 0,4%-ით. იმ ფონზე, რომ მიმდინარე წელს პანდემიის გამო გვაქვს ეკონომიკური ვარდნა, შემოსავლების სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, 100 ათასამდე ადამიანმა დაკარგა შემოსავალი, საქსტატის უმუშევრობის დონის კლება III კვარტალში II კვარტალთან შედარებით საზოგადოებაში გაურკვევლობასაც კი იწვევს. რეალურად უმუშევრობის დონის შემცირების მიზეზისთვის უნდა განვმარტოთ მისი გამოთვლის მეთოდოლოგია. უმუშევრობის დონე გამოითვლება უმუშევართა რაოდენობის გაყოფით ეკონომიკურად აქტიურ მოსახლეობაზე, ეკონომიკურად აქტიურში შედის 15 წელს და უფროსი ასაკის დასაქმებულები და უმუშევრები, რომლებიც ეძებენ სამსახურს, ხოლო ის უმუშევრები, რომლებიც არ ეძებენ, გადადიან ეკონომიკურად არააქტიურთა რიგებში. 2020 წლის მესამე კვარტალში უმუშევრობის დონის შემცირების მიზეზიც ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის შემცირებაა, შექმნილი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა გადავიდა არააქტიურში, რამაც გამოიწვია როგორც - დასაქმების, ისე უმუშევრობის დონის შემცირება. აქედან გამომდინარე, უმუშევრობის დონის კლება იმ შემთხვევაში ჩაითვლებოდა დადებით ტენდენციად, თუ გაიზრდებოდა დასაქმების დონეც, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში, საპირისპიროდ მოხდა, ორივე მაჩვენებელი შემცირდა. კლება დაფიქსირდა დასაქმებულთა კატეგორიებშიც, სადაც როგორც დაქირავებით - დასაქმებულების, ისე თვითდასაქმებულთა რაოდენობა შემცირდა.
ვრცლად თემაზე იხილეთ: https://bit.ly/390TC6R ; https://bit.ly/3lUnpl8  

3. "FDI გრანტი" - სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ უცხოური საინვესტიციო პროექტის ხელშეწყობისთვის ახალ პროგრამას იწყებს

"FDI გრანტი" ასე ქვია სახელმწიფო პროგრამას, რომელსაც სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს. პროგრამაში მონაწილე საერთაშორისო კომპანია, ვალდებული იქნება არანაკლებ 10 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელოს და მინიმუმ 150 სამუშაო ადგილი შექმნას. ბიზნეს პროცესების აუთსორსინგის სფეროში მოღვაწე კომპანიებმა კი უნდა, განახორციელონ მინიმუმ 5 მილიონი ლარის ინვესტიცია და დაასაქმონ არანაკლებ 200 ადამიანი. ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ პროექტი უნდა განხორციელდეს მაქსიმუმ 39 თვეში. საინვესტიციო ვალდებულების შესრულების შემთხვევაში, სახელმწიფო ინვესტორს გაწეული ხარჯის ნაწილს აუნაზღაურებს. ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას თქმით, ახალი პროგრამა ინვესტიციების შემოსვლას წაახალისებს. რა თქმა უნდა, არცერთი ინვესტორი არ იტყვის უარს სახელმწიფოს ფულად დახმარებაზე, თუმცა მნიშვნელოვანია, გამოირიცხოს კორუფცია და შეღავათების გაცემისას მთავრობის წარმომადგენლებმა მათთვის სასურველ კომპანიებთან არ დადონო გარიგებები. ამასთან, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ინვესტორებისათვის გაწეული სამთავრობო დახმარება ბიუჯეტიდან დაფინანსდება ანუ გადასახადის გადამხდელები გადავიხდით ამ ფულს. ისიც უნდა ითქვას, რომ ინვესტიციების მოზიდვის საუკეთესო მეთოდი ქვეყანაში განვითარებული კაპიტალის ბაზარი, დაცული კერძო საკუთრება, მოქნილი საგადასახადო სისტემა და სამართლიანი სასამართლოა; ინვესტორს გარიგება კერძო მესაკუთრეებთან უნდა უწევდეს, სადაც ორი მხარის ფინანსური მოლაპარაკება მიმდინარეობს და არა - სახელმწიფო ჩინოვნიკებთან, სადაც ყოველთვის იარსებებს ცალკეული თანამდებობის პირების პირადი სარგებლის მიღების ცდუნება.
ვრცლად თემაზე იხილეთ: https://bit.ly/36U22uc ; https://bit.ly/2UPVjfa

4. ეროვნული ბანკის მორიგი $30 მილიონიანი ინტერვენცია და მისი შედეგები ეროვნული ვალუტის კურსზე

18 ნოემბერს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 30 მლნ დოლარი გაყიდა. ინტერვენციის ფონზე ლარი დოლართან მიმართებით 3.3021 იყო, ხოლო ინტერვენციის მეორე დღეს, 19 ნოემბერს 1-მა დოლარმა 3.2919 ლარი შეადგინა, თუმცა გამყარება ერთჯერადი აღმოჩნდა და მომდევნო დღეებში ლარმა კვლავ განაგრძო გაუფასურება. 21 ნოემბერს 1 აშშ დოლარი 3.3073 ლარი ღირდა. 2020 წლის 13 მარტიდან დაწყებული ეროვნულმა ბანკმა სულ 23 სავალუტო ინტერვენცია განახორციელა და ჯამში 776 850 000 დოლარი გაყიდა.
ვრცლად თემაზე იხილეთ: https://bit.ly/36ZnOg4 ; https://bit.ly/39brrCp

5. საქართველომ გლობალური კეთილდღეობის ინდექსში ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია

საქართველომ გლობალური კეთილდღეობის ინდექსში სარეიტინგო ქულა გაიუმჯობესა და ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. 167 ქვეყნიან რეიტინგში, საქართველო 53-ე ადგილს იკავებს. რეიტინგში საქართველო ყველა თავის მეზობელ ქვეყანას უსწრებს. ხოლო პოსტსაბჭოთა სივრციდან ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა ყველა ქვეყანას უსწრებს.
გლობალურ კეთილდღეობის ინდექსი 12 აგრეგატის მიხედვით ფასდება: დაცულობა და უსაფრთხოება, პერსონალური თავისუფლება, მმართველობა (მთავრობის ეფექტიანობა), სოციალური კაპიტალი, საინვესტიციო გარემო, სამეწარმეო კონდიცია, ბაზარზე წვდომა და ინფრასტრუქტურა, ეკონომიკის ხარისხი, საცხოვრებელი პირობები, ჯანმრთელობა, განათლება, ბუნებრივი გარემო (ეკოლოგია). სადაც ყველაზე ცუდი შედეგი ეკოლოგიის მიმართულებით აქვს (115), ხოლო ყველეაზე კარგი საინვესტიციო გარემოს (41).
ვრცლად თემაზე იხილეთ: https://bit.ly/2IQ536R

6. მთავრობამ დღგ-ის ავტომატურად დაბრუნების წესი სრულად აამოქმედა

საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ დღგ-ის ავტომატურად დაბრუნების წესი სრულად აამოქმედეს. აღსანიშნავია, რომ დღგ-ის ავტომატურ რეჟიმში დაბრუნების რეფორმა მამუკა ბახტაძემ ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრობის დროს, 2018 წელს დაანონსა. დღეს კი, შემოსავლების სამსახური ამბობს, რომ მთავრობამ 2020 წლის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, უპრეცედენტო ინიციატივა განახორციელა საგადასახადო სისტემაში, რაც გულისხმობს იმას, რომ 2020 წლის 17 ნოემბრიდან გადასახადის გადამხდელებს შესაძლებლობა ეძლევათ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში, კანონმდებლობით დადგენილი წესით წარდგენილი დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარირებით წარმოშობილი ზედმეტობა სრულად ავტომატურ რეჟიმში დაიბრუნონ. მიმდინარე წლის ოქტომბერში 9 238 გადასახადის გადამხდელს 73 მილიონი ლარი ავტომატურ რეჟიმში უკვე დაუბრუნდა. მთავრობის ინიციატივით, აღნიშნული პროგრამით 150 000-ზე მეტი გადასახადის გადამხდელი ისარგებლებს და ქვეყნის ეკონომიკაში ყოველწლიურად მილიარდ ლარზე მეტი თანხა ავტომატურად დაბრუნდება.
ვრცლად თემაზე იხილეთ: https://bit.ly/396AwvW ; https://bit.ly/3nQHQ3b ; https://bit.ly/3nKCshL

7. საყოველთაო ჯანდაცვის 802-მილიონიანი ბიუჯეტი ამოიწურა

802 მილიონი ლარი, რომელიც სახელმწიფომ 2020 წლის ბიუჯეტიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დასაფინანსებლად გამოყო ამოიწურა, ამიტომ დამატებით 95 მლნ ლარის დამატება მოუწია, შედეგად პროგრამის მთლიანი ხარჯები 897 მილიონ ლარამდე გაიზარდა. 2015 წლიდან დღემდე აღნიშნული მოვლენა ყოველწლიურ ტენდენციად იქცა, როდესაც სამედიცინო ხარჯები დაგეგმილზე სწრაფად იზრდება და სახელმწიფოს დამატებით უწევს დაფინასნების გაზრდა. მიმდინარე კვირაში, ასევე ცნობილი გახდა, რომ 2021 წლის მარტამდე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, გეგმური ოპერაციების დაფინანსება შეჩერდა. შესაბამის ცვლილებებს მთავრობის №688 დადგენილება ითვალისწინებს. მთავრობა აღნიშნულის მიზეზად არსებულ ეპიდსიტუაციას ასახელებს.
ვრცლად თემაზე იხილეთ: https://bit.ly/39d2vtU

8. თბილისის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი

თბილისის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი უკვე საკრებულოშია, სადაც მისი განხილვა მიმდინარეობს. პირველადი დოკუმენტის მიხედვით, 2021 წელს თბილისის ბიუჯეტი 840 მილიონი ლარი იქნება, რაც წინა წლის ბიუჯეტთან შედარებით 31,1%-ით ნაკლებია. ამასთან, ბიუჯეტში გათვალისწინებულია 820.1 მლნ ლარის შემოსავლის მიღება, სადაც საგადასახადო შემოსავლების სახით 657.3 მილიონი ლარი არის განსაზღვრული. რაც შეეხება ხარჯების კლების მთავარ გამომწვევ მიზეზს, ეს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-აღდგენის პროგრამის დაფინანსების შემცირება იქნება.

მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტს თან ერთვის მიმდინარე წლის ბიუჯეტის 9 თვის შესრულების ანგარიშიც, რომელიც რამდენიმე საინტერესო რიცხვს შეიცავს. მაგალითად, როგორც ირკვევა, 2020 წლის 9 თვეში თბილისის ბიუჯეტს სესხების მომსახურებისა და დაფარვისათვის 18 მლნ ლარი დასჭირდა, საიდანაც 16 მლნ ლარი ვალების დაფარვას, ხოლო 2 მლნ ლარი ვალების მომსახურებისათვის (პროცენტების გადახდა) იქნა გადახდილი. საინტერესოა პრივატიზაციის მაჩვენებელიც. წელს პრივატიზაციიდან 48 მლნ ლარის შემოსავლის მიღებაა დაგეგმილი, მაგრამ 9 თვეში კახა კალაძის გუნდმა 27.1 მლნ ლარის მობილიზება შეძლო, რაც წლიური გეგმის 56.8%-ია. მომავალ წელს კი, თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა პრივატიზაციიდან 20 მლნ ლარის შემოსავლის მიღებას პროგნოზირებს.

ვრცლად თემაზე იხილეთ: https://bit.ly/35SUmJe ; https://bit.ly/35Tf0sD ; https://bit.ly/2KnjBLk

9. PWC-ის კვლევის შედეგები და ეკონომიკის მინისტრის შეფასება

PWC-ისა და ინვესტორთა საბჭოს მიერ კოვიდ-19-ით გამოწვეულ პრობლემთან დაკავშირებით ბიზნეს კვლევა ჩატარდა. კვლევის ძირითად მიგნებებზე გასულ კვირას ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ისაუბრა, რომელმაც აღნიშნა, რომ კვლევის მიხედვით, კერძო სექტორს კორონავირუსის პირველი ტალღის პერიოდისგან განსხვავებით პანდემიის მეორე ტალღის დროს უფრო პოზიტიური მოლოდინები აქვს. ასევე აღნიშნა, რომ პირველი ტალღისგან განსხვავებით ახლა ბიზნესი ოპტიმისტურადაა განწყობილი და მათი მოლოდინებით პრობლემები დაძლევადია.
ვრცლად თემაზე იხილეთ: https://bit.ly/2UOcg9D

10. პროტესტი “ნამახვანი ჰესზე” და მთავრობის პოზიცია

მდინარე რიონზე ,,ნამახვანის’’ ჰესის მშენებლობას ადგილობრივი მოსახლეობა სამ კვირაზე მეტია რაც აპროტესტებს და ინვესტორი კომპანია ENKA-ს მიერ ტერიტორიის დატოვებას ითხოვენ. აღნიშნული პროექტის ღირებულება 800 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. მოქალაქეების გარკვეული ჯგუფის მიერ მორიგი საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართა. მიმდინარე პროცესებზე თავად ინვესტორი, ჯერჯერობით, კომენტარს არ აკეთებს. თითქმის სამი კვირაა დუმს საქართველოს მთავრობაც. გასულ კვირას კი ეკონომიკის მინისტრმა bm.ge-ის შესაბამისი კითხვის პასუხად პირველი კომენტარი გააკეთა. ნათია თურნავა პირდაპირ ამბობს, რომ მსგავსი მასშტაბური პროექტებისთვის ცუდია, როცა მას ასეთი ექსცესები ახლავს, მაგრამ არაფერი უთქვამს იმაზე, თუ როგორ წარმოუდგენია მთავრობის პროტესტის ტალღის შეჩერება, რაც პროექტის განხორციელებისთვის მნიშვნელოვანია. ამასთან, მინისტრი ირწმუნება, რომ ჰესის პროექტი კარგადაა გათვლილი უსაფრთხოების თვალსაზრისით და სახელმწიფოც მკაცრ მონიტორინგს უწევს. დასაქმების მიმართულებით კი აღნიშნა, რომ პროექტის ფარგლებში 2 000-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება, რომელთა უდიდესი ნაწილი ადგილობრივია.
ვრცლად თემაზე იხილეთ: https://bit.ly/36YZquT 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები