ვაიმარის სამკუთხედის (გერმანია, საფრანგეთი, პოლონეთი) საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს შესახებ ერთობლივი განცხადებას ავრცელებენ და მთავრობას მიმდინარე ქმედებების შეცვლისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებენ.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი არ შეეგუება საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროპული პოზიციებისა და პოლიტიკის შესახებ ცრუ ნარატივების გავრცელებას.
ამასთან, განცხადებაში ყურადღება გამახვილებულია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების აუცილებლობაზე.
"ვაიმარის სამკუთხედის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები კიდევ ერთხელ ვადასტურებთ მხარდაჭერას ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის დემოკრატიული და ევროპული მისწრაფებების მიმართ.
ვწუხვართ საქართველოს მთავრობის ქმედებების გამო, რამაც გამოიწვია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერება, როგორც ეს გამოაცხადა ევროპულმა საბჭომ 27 ივნისს, რომელიც წარმოადგენს ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოსა თუ მთავრობის მეთაურებს.
ნეგატიური ტენდენცია მას შემდეგ მხოლოდ გაუარესდა, რეპრესიების შემაშფოთებელი მუქარით, ე.წ. „გამჭვირვალობის კანონის“ ძალაში შესვლით, რომელიც იწვეს იმ არასამთავრობო ორგანიზაციების სტიგმატიზებას, რომლებიც იღებენ დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოეთიდან და მათ უცხო ძალის ინტერესების გამტარებლებად აცხადებს. ახლახან მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც ზღუდავენ LGBT+ ადამიანების უფლებებს, ასევე თავდასხმებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და დამოუკიდებელ ჟურნალისტებზე.
გარდა ამისა, ჩვენ მზარდი შეშფოთებით აღვნიშნავთ ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების მიმართ აგრესიული რიტორიკის ზრდას. ევროკავშირი არ შეეგუება საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროპული პოზიციებისა და პოლიტიკის შესახებ ცრუ ნარატივების გავრცელებას.
ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, შეცვალოს თავისი მიმდინარე ქმედებები. საფრთხის ქვეშ დგას ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებისა და თანამშრომლობის ფარგლები და სიღრმე.
ველით საქართველოს ხელისუფლებისგან უზრუნველყოს, რომ მომავალი არჩევნები იყოს თავისუფალი და სამართლიანი და შეესაბამებოდეს ეუთოს ODIHR-ის რეკომენდაციებს, მათ შორის თავისუფალი და უსაფრთხო საარჩევნო კამპანიის ჩატარების შესაძლებლობაზე.
ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მთავრობა ხელახლა აიღებს ვალდებულებას განახორციელოს პრიორიტეტული რეფორმები, რომლებიც განსაზღვრულია ქვეყნის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსით. ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ ქართული საზოგადოების მხარდაჭერა ევროპული მომავლისკენ მიმავალ გზაზე. ჩვენი ხელი გამოწვდილი რჩება.
ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის განმტკიცებას და მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში”, - აღნიშნულია განცხადებაში.