მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„კვლავ ვერ ვხედავთ საკმარის მოთამაშეებს“ - რა უნდა გაკეთდეს საინვესტიციო ფონდების განვითარებისთვის?

ფინანსები

საინვესტიციო ფონდ Gazelle Finance Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორის, ნათია ჯანელიძის შეფასებით, ბაზარზე არსებული მოთამაშეების რაოდენობა კვლავ არასაკმარისია. ამის შესახებ მან BMG-სთან განაცხადა.

ამ დროისთვის, ეროვნული ბანკის საინვესტიციო ფონდების რეესტრში სულ 15 ფონდია.

2020 წელს მიღებულ საინვესტიციო ფონდების შესახებ ახალი კანონის შედეგებთან დაკავშირებულ კითხვაზე, ნათია ჯანელიძემ განმარტა, რომ მარეგულირებელი ჩარჩო საკმაოდ მოქნილია და უკეთესი შედეგების მოტანა შესაძლოა დროის საკითხი იყოს.

ის ასევე არ გამორიცხავს, სახელმწიფოს მხრიდან ინვესტიციების ჩადების საჭიროებასაც.

„პოზიტიური სვლები თითქოს არის ამ მიმართულებით, მაგრამ ალბათ გარკვეული დრო არის კიდევ საჭირო, რომ ეფექტი დავინახოთ. ამ ეტაპზე, კვლავ ვერ ვხედავთ ბაზარზე საკმარის მოთამაშეებს. თავად კანონი ძალიან ლიბერალურია, ჩვენთვის რაიმე დაბრკოლებას არ იწვევს და საკმაოდ მოქნილია სამუშაოდ, მაგრამ რატომ არ მოიტანა უფრო მეტი მოთამაშეების გაჩენა, ვიდრე არის, ეს დროის საკითხი შეიძლება იყოს, ან უფრო სხვა მიმართულებით იყოს სამუშაო, საინვესტიციო კუთხით იყოს საქმიანობა გასააქტიურებელი. საინვესტიციო ფონდების განვითარებისთვის სახელმწიფოს მხრიდან შეიძლება იყოს მეტი ინვესტიცია ჩასადები“,- ამბობს Gazelle Finance Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორი.

კითხვაზე, არის თუ არა სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი მზაობა, ნათია ჯანელიძე აღნიშნავს, რომ გარკვეული პროცესები მიმდინარეობს.

„დიახ, საუბარი არის და როგორც ვიცი, პროცესებიც მიმდინარეობს, სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" გავლით იგეგმება საინვესტიციო ფონდების და ვენჩურული კაპიტალის ხელშეწყობა“,- აღნიშნა ნათია ჯანელიძემ.

Gazelle Finance Georgia საქართველოში 2017 წლიდან ფუნქციონირებს. ფონდის მთლიანი პორტფელი კი 31 მილიონი დოლარია. ფონდს საინვესტიციო მანდატი დასრულებული აქვს, თუმცა მეორე, $50-მილიონიანი ფონდის შექმნაზე მუშაობს, რისთვისაც $10 მილიონის ინვესტიცია უკვე მოზიდულია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები