საქართველოში თამბაქოს პროდუქტების წარმოება ლიცენზირებადი საქმიანობა ხდება - ამას ითვალისწინებს კანონპროექტი, რომელიც პარლამენტში "ქართული ოცნების" წევრმა არჩილ გორდულაძემ წარადგინა. საკითხი დღეს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე განიხილეს.
კანონპროექტი რამდენიმე ძირითად საკითხს მოიცავს - ის აწესებს ვალდებულებას რომ საქართველოში თამბაქოს წარმოებას ესაჭიროება ლიცენზია, ხოლო ამ ლიცენზიის მოპოვებისთვის კი კომპანიებს სპეციალური ლაბორატორიის მოწყობა დაევალებათ, სწორედ ამ ლაბორატორიაში უნდა დადგინდეს რომ პროდუქტი შეესაბამება იმ სტანდარტებს, რომელიც მთავრობის მიერ იქნება განსაზღვრული. კანონპროექტის ავტორის არჩილ გორდულაძის განცხადებით, იმ სტანდარტებს, რომლებსაც ლაბორატორია უნდა აკმაყოფილებდეს. კანონპროექტი შეეხება როგორც სიგარეტის, ასევე დაჭრილი თამბაქოს და თუთუნის წარმოებას.
“თამბაქოს ლიცენზიის მაძიებელს ვალდებულება უჩნდება, რომ ჰქონდეს ლაბორატორია სათანადოდ აღჭურვილი, ამ პირობებს თუ რა უნდა აკმაყოფილებდეს ეს მაძიებელი ეს განისაზღვრება მთავრობის დადგენილებით, რადგანაც ამის გაწერა კანონში არარელევანტურია, და ტექნიკური დეტალებია. ამავდროულად ლაბორატორია რა სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს ესეც მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება და მეტი შესაძლებლობა ექნება სახელმწიფოს, რომ ჯანმრთელობის თვალსაზრისით მეტი კონტროლი არსებობდეს ამ დარგში.
განისაზღვრება რომ თამბაქოს მწარმოებელს უჩნდება ლიცენზირების ვალდებულება და შესაბამისი სტანდარტების დაკმაყოფილება”, - განაცხადა კანონპროექტის ავტორმა არჩილ გორდულაძე.
ლიცენზირების პირობების დარღვევისთვის განისაზღვრება ჯარიმა 5,000; 10,000 და 50,000 ლარის ჯარიმა.
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ზაზა ლომინაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია ქვეყანაში თამბაქოს წარმოება შესაბამისი სტანდარტების მიხედვით ხორციელდებოდეს, ხოლო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ლადო კახაძის თქმით, სახელმწიფომ უნდა იცოდეს თუ რა შემადგენლობაა იმ პროდუქტებში, რომლებიც ბაზარზე რეალიზდება.
კანონპროექტის ავტორის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, კანონპროექტის მიხედვით, 2024 წლის 1 სექტემბრამდე მთავრობამ უნდა განსაზღვროს სტანდარტები, რომელთა შესაბამისადაც უნდა შეფასდეს ლაბორატორიები და უშუალოდ წარმოებული პროდუქტები.
ამავე კანონპროექტით, 2024 წლის 1 სექტემბრიდან - 1 იანვრამდე იქნება გარდამავალი პერიოდი, როდესაც კომპანიებს ლიცენზიის პირობების დარღვევისთვის ჯარიმები არ დაეკისრებათ, ხოლო 2025 წლის 1 იანვრიდან ამ სტანდარტების დაკმაყოფილება მოუწევთ.არჩილ გორდულაძის თქმით, თუკი პარლამენტი ჩათვლის, რომ აღნიშნული ვადები არასაკმარისია, რათა მთავრობამ შესაბამისი სტანდარტები განსაზღვროს, შესაძლებელია რომ კანონპროექტში ცვლილებები შევიდეს და ამ მიმართულებით სხვა ვადები განისაზღვროს.
ჯანდაცვის კომიტეტმა კანონპროექტს მხარი დაუჭირა. ინიციატივას პირველი მოსმენით პარლამენტის სესიაზე კენჭს 18 ივლისს უყრიან.
არჩილ გორდულაძის განმარტებით, აღნიშნული რეგულაცია იმპორტირებულ თამბაქოზე არ ვრცელდება. შესაბამისად, იქიდან გამომდინარე რომ საქართველოში თამბაქოს უდიდესი ნაწილი იმპორტირებულია, აღნიშნული რეგულაცია ბაზრის ამ სეგმენტზე არ ვრცელდება.