თბილისში ლაგუნა ვერეს და ყოფილი აბრეშუმის ქარხნის მფლობელი კომპანია "ნეო სითი დეველოპმენტი" გაიყიდა - კომპანია აქამდე ყოფილი დეპუტატის - მარიკა ვერულაშვილის საკუთრებაში იყო, თუმცა დღეს ბიზნეს რეესტრისთვის წარდგენილი განცხადების თანახმად, კომპანია "დიემჯი გრუპი" "ნეო სითი დეველოპმენტის" ახალი მესაკუთრე გახდება. თავის მხრივ, აღნიშნული კომპანიის საკონტროლო პაკეტი ეკუთვნის კახი ჟორდანიას, რომელიც საქართველოში "მერსედესის" ოფიციალური წარმომადგენლის "აკას" მესაკუთრის და ყულევის თიზ-ში "ბლექ სი პეტროლიუმის" ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის საკონტროლო წილის მფლობელის ბიზნესმენ მაკა ასათიანის შვილია.
ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, "დიემჯი გრუპი" "ნეო სითი დეველოპმენტს" 64 მილიონ დოლარად შეიძენს, რომელშიც გამყიდველი კომპანიის ვალების - 21 და 20.4 მილიონი დოლარის სესხების მომსახურებაც შედის.
შედეგად, "დიემჯი გრუპი" ყოფილი აბრეშუმის ქარხნის და ლაგუნა ვერეს მესაკუთრე გახდება. მნიშვნელოვანია გარემოება, რომ "დიემჯი გრუპი" კოსტავას ქუჩაზე, მომიჯნავე მიწის ნაკვეთზე უკვე ფლობს ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო ჰილტონის პროექტს.
ჯერჯერობით უცნობია განაგრძობს თუ არა "დიემჯი გრუპი" "ნეო სითი დეველოპმენტის" მიერ დაწყებულ პროექტს, რაც გმირთა მოედანზე 40 და 52-სართულიანი ცათამბჯენების პროექტის განვითარებას გულისხმობდა. აღნიშნული პროექტის საინვესტიციო ღირებულება არანაკლედ $200 მილიონ დოლარად იყო შეფასებული. ჯერჯერობით პროექტთან დაკავშირებით მერიის არქიტექტურის სამსახურში სამშენებლო ნებართვა გაცემული არაა.
ლაგუნა ვერე და ყოფილი აბრეშუმის ქარხანა 2025 წლის სექტემბრამდე ბიძინა ივანიშვილის ქართუ ფონდის საკუთრებაში იყო. 2025 წლის სექტემბრიდან კი მისი მფლობელი "ნეო სითი დეველოპმენტი" გახდა, რომელიც ახლა აღნიშნულ უძრავ ქონებას "დიემჯი ჯგუფზე" ყიდის.




























