თბილისის მერიამ ლაგუნა ვერეს ტერიტორიის სანაცვლოდ „ვისოლს“ ლისის ტბის მიმდებარედ მისცა მიწის ნაკვეთი, ხოლო „ლუკოილს“ და „გალფს“ ე.წ. გლდანის ხიდის მიმდებარედ. ამის შესახებ თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ირაკლი თავართქილაძემ განაცხადა.
„პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ მოხდა შეთანხმება სამივე კომპანიასთან, ესენია „ვისოლი“, „ლუკოილი“ და „გალფი“. „ვისოლის“ შემთხვევაში ადგილმონაცვლეა ლისის ტბის მიმდებარედ მიწის ნაკვეთი, ხოლო „გალფისა“ და „ლუკოილის“ შემთხვევაში მონაცვლეობა მოხდება ე.წ. გლდანის ხიდის მიმდებარედ. ამ ორ უკანასკნელ შემთხვევაში მოხდება ავტოგასამართი სადგურების მშენებლობა, ხოლო „ვისოლის“ შემთხვევაში ლისის მიმდებარედ მოხდება მცირე სახლების, ინდივიდუალური განაშენიანება“, - განაცხადა თავართქილაძემ.
რაც შეეხება გადაცემული მიწების ფართობებს, როგორც ის განმარტავს, ნაკვეთების გაცვლა ფასების მიხედვით მოხდა.
„რეალურად, ადგილმონაცვლეობის საფუძველი არის მიწის ნაკვეთების ღირებულება. როცა საუბარი გვაქვს განსხვავებულ ფუნქციაზე, ფართობი სხვაა. ღირებულებები ზუსტად იდენტური არ არის და ეს ვერც იქნებოდა, თუმცა მაქსიმალურად მიახლოებულია. ფასთაშორისი სხვაობებიც დაიფარება, იქნება ეს კომპანიის სასარგებლოდ თუ მუნიციპალიტეტის სასარგებლოდ. "ვისოლის" შემთხვევაში თვისობრივად იცვლება მიწის ნაკვეთის ფუნქცია, ანუ იყო ბენზისნგასამართი სადგური და გახდება კერძო სახლების განაშენიანება. თუ არ ვცდები ერთი ჰექტარია მიწის ნაკვეთი და ფასების ნაწილში ლისის ტბაზე ნაკვეთის ღირებულება უფრო მეტია, შესაბამისად, ამ სხვაობას კომპანია დაფარავს“, - განაცხადა თავართქილაძემ.
bm.ge-ის კითხვაზე, რა ეტაპზეა მოლაპარაკებები ლაგუნა ვერეს მიმდებარედ არსებული ვულკანიზაციების მფლობელებთან, როგორც მერიაში განმარტავენ, მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
„კერძო მესაკუთრეებთანაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები. ამ შემთხვევაში სამი რეგისტრაცია ფიქსირდება, ყველასთან მიდის მოლაპარაკებები, თუმცა ესენი ნაკლები მოცულობის მიწის ნაკვეთებია და ღირებულებებიც ნაკლები იქნება, მაგრამ აუცილებელია მათი მონაცვლეობაც იმისათვის, რომ სრულად მოხდეს გზის გახსნა“, - განაცხადა მან.
თავის მხრივ, თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, ჩასანაცვლებელი მიწის ნაკვეთების საერთო ღირებულება 7 მილიონი ლარია.