მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მერია ლაგუნა ვერეს მიმდებარედ არსებულ ბენზინგასამართ სადგურებს აიღებს - ბიზნესთან შეთანხმება მიღწეულია

ლაგუნა

თბილისის მერია ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ბენზინგასამართ სადგურებს აიღებს. როგორც თბილისის მერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, საკითხი გადასაწყვეტად საკრებულოს გადაეგზავნება.

კახა კალაძის თქმით, ბენზინგასამართი სადგურების მფლობელებს შესთავაზეს ადგილმონაცვლეობა და შეთანხმება მიღწეულია.

„გმირთა მოედნიდან სანაპიროს მიმართულებით ჩამსვლელი ავტოსატრანსპორტო კვანძი ერთ-ერთი პრობლემური ადგილია დღეს დედაქალაქში, ეს არის ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორია. აღნიშნულ პროექტზე ჩვენ გასულ წელსაც ვმუშაობდით, დავამუშავეთ სხვადასხვა პროექტი, გაკეთებული გვქონდა ვიდეო-მოდელირებაც, თუ როგორ შეიძლებოდა, აღნიშნულის მოწესრიგება. ბევრი მიმართულებით მიმდინარეობდა განხილვა, განიხილებოდა შუქნიშნის დამონტაჟება და ა.შ. თუმცა პრობლემა ვერ გვარდებოდა და საბოლოოდ დადგინდა, რომ საჭიროა დამატებითი სამანქანო ზოლის მოწყობა. პროექტზე ჩვენ რამდენიმე წლის წინაც ვმუშაობდით, თუმცა მაშინ ვერ მოხდა მოლაპარაკება ბენზინგასამართი სადგურების მფლობელებთან“, - განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, როგორც კი საკრებულო გადაწყვეტილებას დაამტკიცებს, პროექტის დამატებითი დეტალები საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება. კახა კალაძე მფლობელებს თანამშრომლობისთვის მადლობას უხდის.

„თბილისში, სხვადასხვა არეალში გამოვყოფთ მიწის ნაკვეთებს, რომ მესაკუთრეებმა ბენზინგასამართი სადგურების გადატანა შეძლონ. უახლოეს პერიოდში გაიგზავნება ეს საკითხი დედაქალაქის საკრებულოში გადაწყვეტილების მისაღებად და მონაცვლეობის შემდეგ, ბენზინგასამართი სადგურების დემონტაჟს დავიწყებთ. ამის შემდეგ კი კონკრეტული პროექტი განხორციელდება, რომელიც სატრანსპორტო ნაკადების გატარებას უზრუნველყოფს. ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო უკვე აქტიურად მუშაობს სატრანსპორტო კვანძის პროექტზე, რომელსაც მოსახლეობას გავაცნობთ. მადლობა მფლობელებს თანამშრომლობისთვის, შეთანხმება მიღწეულია, მოხდება ადგილმონაცვლეობა, განხორციელდება ბენზინგასამართი სადგურების დემონტაჟი და შესაბამისად, კონკრეტული პროექტი, რომელიც უზრუნველყოფს ნაკადების გატარებას“, - განაცხადა თბილისის მერმა.

შეგახსენებთ, გასული წლის სექტემბერში bm.ge-ის თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ხმალაძემ უთხრა, რომ ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე ბენზინგასამართი სადგურების აღება მერიამ გადაიფიქრა. “დედაქალაქში საცობებისგან განტვირთვის კუთხით განხილული გვქონდა ავტოგასამართი სადგურების გატანა, პანდუსების მოწყობა და გზების მოდერნიზებაც. რაც შეეხება უშუალოდ გმირთა მოედნიდან სანაპიროს მიმართულებით ჩასასვლელ მონაკვეთს, ჩავატარეთ კვლევა და მხოლოდ ეს ჩარევა, რაც ბენზინგასამართი სადგურების აღებას გულისხმობს, არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ მოძრაობა უფრო ხალვათი ყოფილიყო. შესაბამისად, ამ პროექტის განხორციელებისგან თავი შევიკავეთ”, -გვითხრა მაშინ ირაკლი ხმალაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები