მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ლაგუნასთან" ბენზინგასამართ სადგურებს 2 თვეში აიღებენ... კომპანიებთან ხელშეკრულებები გაფორმებულია - კალაძე

გმირთა მოედანი

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ბენზინგასამართი სადგურების მფლობელებთან ადგილმონაცვლეობის შესახებ მოლაპარაკებები ფაქტობრივად დასრულებულია. საუბარია სამ კომპანიაზე: "ლუკოილ ჯორჯია", "ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია" და "სან პეტროლიუმ ჯორჯია", რომელთა სადგურები "ლაგუნა ვერეს" მიმდებარედ არის განთავსებული.

კალაძის თქმით, მოლაპარაკებების შედეგად, შეთანხმება მიღწეულია და ხელშეკრულებები გაფორმებულია, რის საფუძველზეც მოხდება ადგილმონაცვლეობები. აღნიშნული მერიამ გმირთა მოედნიდან სანაპიროსკენ მიმავალი გზის ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად გადაწყვიტა. თუმცა ჯერჯერობით გზის გაფართოების პროექტი არ შემუშავებულა.

“ხელშეკრულებები საჯარო რეესტრში უკვე ჩაბარებულია, ორი თვის განმავლობაში უნდა მოხდეს აღნიშნული ბენზინგასამართი სადგურებს დემონტაჟი. პარალელურად, ვიწყებთ პროექტზე მუშაობას, რათა დაიგეგმოს, როგორ უნდა მოხდეს ამ გზის გაფართოება, მოწესრიგება და ის პრობლემა, რომელიც ამ არეალთან დაკავშირებით დღეს გვაქვს, ძალიან მალე იქნება მოწესრიგებული. მოგვიანებით საზოგადოებას უფრო დეტალურად მივაწვდით ამაზე ინფორმაციას”, - განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, გასული წლის სექტემბერში bm.ge-ის თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ხმალაძემ უთხრა, რომ ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე ბენზინგასამართი სადგურების აღება მერიამ გადაიფიქრა. “დედაქალაქში საცობებისგან განტვირთვის კუთხით განხილული გვქონდა ავტოგასამართი სადგურების გატანა, პანდუსების მოწყობა და გზების მოდერნიზებაც. რაც შეეხება უშუალოდ გმირთა მოედნიდან სანაპიროს მიმართულებით ჩასასვლელ მონაკვეთს, ჩავატარეთ კვლევა და მხოლოდ ეს ჩარევა, რაც ბენზინგასამართი სადგურების აღებას გულისხმობს, არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ მოძრაობა უფრო ხალვათი ყოფილიყო. შესაბამისად, ამ პროექტის განხორციელებისგან თავი შევიკავეთ”, -გვითხრა მაშინ ირაკლი ხმალაძემ.

თუმცა, მიმდინარე წლის დასაწყისში თბილისის მერიამ ხელახლა განაცხადა, რომ "ლაგუნა ვერეს" მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ბენზინგასამართ სადგურებს აიღებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები