მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლაკბეს წყალსაცავის რეაბილიტაცია მიმდინარეობს - "მოცულობა 600 000 კუბით გაიზარდა"

ლაკბე

ლაკბეს წყალსაცავზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ განაცხადა, წყალსაცავზე მიმდინარე პროექტი წყალსაცავის უსაფრთხო ფუნქციონირებას უზრუნველყოფს. მისივე თქმით, პროექტის ფარგლებში, წყალსაცავის მოცულობა დაახლოებით 600 ათასი კუბით გაიზარდა, რაც, განსაკუთრებით გვალვიან პერიოდში, მნიშვნელოვანია წყალსაცავზე მიბმული მიწის ფართობების წყლით უზრუნველყოფისთვის.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებით, ლაკბეს წყალსაცავზე ჩატარებული სამუშაოები ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის მარცხენა მაგისტრალურ არხში წყლის მიწოდებას გააუმჯობესებს. შედეგად, 2755 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი იქნება წყალუზრუნველყოფილი, რაც მოსავლიანობას მნიშვნელოვნად გაზრდის.

ლაკბეს წყალსაცავis სარეაბილიტაციო სამუშაოები 2023 წლის შემოდგომაზე დაიწყო და მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება.

მინისტრმა ლაკბეს წყალსაცავზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ალადაშვილთან და საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაულთან ერთად დაათვალიერა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, საქართველოს მელიორაცია გურჯაანის მუნიციპალიტეტში, 3,6 მლნ ლარის ღირებულების პროექტს ახორციელებს.

"აღსანიშნავია, რომ ჩვენ მოვიზიდეთ უპრეცედენტო ოდენობის ინვესტიციები, დაახლოებით 300 მილიონ დოლარზე მეტი, 4 სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტისგან. აღნიშნული ინვესტიცია მოემსახურება ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტების განხორციელებას. მომავალ წელს სამუშაოები იქნება მზარდი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ფერმერისთვის, როგორც მათი პროდუქტიულობის, ასევე, მოსავლის ხარისხის ზრდის კუთხით“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

გელა სამხარაულმა კახეთის რეგიონში სამელიორაციო სამუშაოების მიმდინარეობასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ წელს, მიმდინარე ეტაპზე, დაახლოებით 37 მილიონი ლარის 14 პროექტი ხორციელდება, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რეგიონში სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის. მისივე თქმით, ბოლო პერიოდში მიმდინარე კლიმატური ცვლილებების გათვალისწინებით, წყლით უზრუნველყოფის გარეშე შეუძლებელია ხარისხიანი პროდუქტის მოყვანა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები