ორგანიზაცია "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი მიიჩნევს, რომ უნიშვნელოვანესია სიჩქარის ლიმიტების შემცირება ქალაქში, განსაკუთრებით მჭიდროდ დასახლებულ პუნქტებსა და სკოლის ზონებში. მან ამ თემაზე „კვირას“ პრესკლუბში, ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკაზე დაყრდნობით ისაუბრა.
ლალიაშვილის თქმით, აუცილებელია მოხდეს ჯარიმების მკაცრი ადმინისტრირება, რათა მოქალაქეს გაუჩნდეს განცდა, რომ კანონი სრულდება.
„ჯარიმები არ შეიძლება გაიზარდოს უსასრულოდ, რასაკვირველია არის ლიმიტები, რომლის იქითაც არაადეკვატური და უსამართლო იქნება მისი გაზრდა, მთავარია მოხდეს კანონების ინტენსიური ადმინისტრირება. 2022 წელს საგზაო შემთხვევების რაოდენობა 20%-ით გაიზარდა და უმეტესობა მათგანი სიჩქარის გადაჭარბებით არის გამოწვეული. 7%-ით არის გაზრდილი ლეტალობა, სიჩქარის გადაჭარბება მუდმივად რჩება მსხვერპლის გამომწვევ მთავარ მიზეზად”, - ამბობს ის.
ლალიაშვილის თქმით, კიდევ უფრო აქტიური ნაბიჯებია გადასადგმელი იმისთვის, გზებზე გადაადგილების დროს გავუტოლდეთ იმ საერთაშორისო უსაფრთხოების სტანდარტს, რაც დღეს არის მსოფლიოში.
მან პრესკლუბში ასევე ახსენა, რომ სამთავრობო და პარლამენტის დონეზეა განსახილველი უკანა სავარძლებზე ღვედების გამოყენება და საბავშვო-სამგზავრო სავარძლების შემოღება საკანონმდებლო ნორმით.
ლალიაშვილი მზადყოფნას გამოთქვამს, რომ საკითხზე მუშაობაში ჩაერთოს, თუკი ამის პოლიტიკური ნება იქნება.