მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Lamborghini-ს ლეგენდარული დიზაინერი მარჩელო განდინი 85 წლის გარდაიცვალა

მარჩელო განდინი

დღეს საავტომობილო ინდუსტრიისთვის გლოვის დღეა. 85 წლის ასაკში გარდაიცვალა ლეგენდარული იტალიელი დიზაინერი მარჩელო განდინი, რომლის კალამს არც მეტი, არც ნაკლები ისტორიაში პირველი სუპერქარი - Lamborghini Miura ეკუთვნის. Miura-ს ხშირად მოიხსენიებენ ყველა დროის ყველაზე ლამაზ ავტომობილად, მისი დიზაინი კი განდინიმ 27 წლის ასაკში შექმნა, როდესაც ის ჯერაც დამწყები არტისტი იყო.

მაესტროდ წოდებული დიზაინერის პორტფელი არაერთ შედევრს მოიცავს, მათი უმეტესობა კი კომპანია Lamborghini-ს უკავშირდება. მაგალითად, სწორედ განდინიმ შექმნა Countach-ი, რომელიც დღემდე ითვლება სუპერქარების ეტალონად.

განდინის არაერთი უცნაური გამოგონებაც ეკუთვნის, მათ შორისაა მაკრატლისებური კარები, რომელსაც ხშირად „ლამბოს კარების“ სახელით მოიხსენიებენ. ეს უნიკალური დიზაინი განიდინიმ Alfa Romeo Carabo-სთვის შექმნა, თუმცა შემდგომ ის Lamborghini-ს საფირმო ნიშნად იქცა.

განდინის კიდევ ერთი შედევრი Lancia Stratos Zero იყო, რომელიც ავტოინდუსტრიაში დაახლოებით იმ სტატუსით სარგებლობს, რითაც სახვით ხელოვნებაში „მონა ლიზა“. ეს ავტომობილი ფუტურისტული დიზაინის ჭეშმარიტი მწვერვალია და ის გამოსვლიდან 54 წლის შემდეგაც კი იწვევს მაყურებლის აღფრთოვანებას.

მაესტროს შემოქმედება მხოლოდ სუპერქარებს როდი მოიცავს, სწორედ მან შექმნა პირველი თაობის BMW-ს მე-5 სერია, რომელიც დღემდე ერთ-ერთ ყველაზე სასურველ სედანად ითვლება.

თავისი ცხოვრების 85 წლის განმავლობაში მარჩელო განდინიმ არაერთი დაუვიწყარი ავტომობილი შექმნა და ამ მიღწევით ის სამუდამოდ დარჩება ავტოინდუსტრიის ისტორიაში, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო დიზაინერი, რომელიც ოდესმე დაბადებულა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები