9 მარტის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.28 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.4019 ლარს შეადგენს.
სებ-ის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებითაც გაუფასურდა 5.58 თეთრით, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.7360 ლარი გახდა.
0.98-თეთრიანი გაუფასურებაა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთანაც, რომლის ღირებულებაც 4.4806 ლარი გახდა.
ლირასთან მიმართებით კურსი 0.41 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ლირის ღირებულება 23.25 თეთრი გახდა.
დღეს ეროვნულმა ბანკმა ლარის გაცვლითი კურსის მხარდაჭერისთვის და სავალუტო ბაზარზე ლიკვიდობის მიწოდებისთვის სავალუტო აუქციონი განახორციელა და $39.6 მილიონი გაყიდა. აუქციონზე გასაყიდად $50 მილიონი დოლარი იყო გამოტანილი.
"2022 წლის 9 მარტს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-ის მიერ გასაყიდად გამოტანილი იქნა 50 მლნ. აშშ დოლარი. აუქციონზე გაიყიდა 39 570 000 აშშ დოლარი. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.3947 შეადგინა,"- ნათქვამია განცხადებაში.
ეს 2022 წლის პირველი სავალუტო ინტერვენცია იყო.
2021 წელს კი სებ-მა 9 ინტერვენციით 332.9 მილიონი დოლარი გაყიდა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2022 წლის იანვრის მდგომარეობით საქართველოს სავალუტო რეზერვების მოცულობა $4,078,074,900-ს შეადგენს.




























