გასულ სამუშაო კვირაში ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან კი გაუფასურდა. აშშ დოლართან გამყარებამ 0.39 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ღირებულება 2.7376 ლარს შეადგენს, ევროსთან კი ლარი 3.75 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ღირებულებამ 3.1061 ლარი შეადგინა. გირვანქა სტერლინგთან ლარი 5.23 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ფუნტის ღირებულება 3.6955 ლარი გახდა.
არსებული მდგომარეობით უახლესი მაკროეკონომიკური პარამეტრები, რომლებიც ცნობილია ასახავს აპრილის შედეგებს. კერძოდ, გამოქვეყნებულია აპრილის თვის ექსპორტისა და იმპორტის მაჩვენებლები. გასულ თვეში ექსპორტმა 617 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 41%-ით მეტია. იმპორტის მოცულობა კი 1.4 მილიარდი დოლარი იყო, რაც წლიურ ჭრილში 4%-ით არის შემცირებული. გამოქვეყნდა ფულადი გზავნილების სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც აპრილში 295 მილიონი დოლარი გადმორიცხეს უცხოეთიდან საქართველოში, რაც წლიურ ჭრილში 6%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ხოლო ტურიზმისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ ინფორმაცია კი უფრო მოგვიანებით რამდენიმე თვეში გახდება ცნობილი.
მაკროეკონომიკური ფაქტორებიდან ასევე ცნობილი გახდა, რომ გასულ თვეში საქართველოს სავალუტო რეზერვები 208 მილიონი დოლარით გაიზარდა და მან 4.5 მილიარდ დოლარს მიაღწია. გასულ თვეში სავალუტო რეზერვების ზრდის ძირითადი განმაპირობებელი მიზეზი სებ-ის მიერ უცხოური ვალუტის შესყიდვა გახდა, რომელიც სავარაუდოდ დაახლოებით 150-160 მილიონ დოლარს შეადგენდა. აღნიშნულის შესახებ დეტალური სტატისტიკა 27 მაისს გახდება ცნობილი, მარტში კი რეზერვების შესყიდვა 102 მილიონი დოლარის ტოლი იყო. ამასთან, ფინანსთა სამინისტრო მოელის, რომ სებ-ი წელს 700-800 მილიონ დოლარს შეისყიდის.
| ვალუტა | გაცვლითი კურსი ლარებში | გამყარება/გაუფასურება თეთრებში |
| 1 დოლარი | 2.7376 ლარი; | 0.39 თეთრი; |
| 1 ევრო | 3.1061 ლარი; | -3.75 თეთრი; |
| 1 გირვანქა სტერლინგი | 3.6955 ლარი; | -5.23 თეთრი; |
| 1 ლირა | 0.0701 ლარი; | 0.05 თეთრი; |
| 1000 სომხური დრამი | 7.1173 ლარი; | -2.53 თეთრი; |
| 1 აზერბაიჯანული მანათი | 1.6098 ლარი; | 0.23 თეთრი; |
| 10 უკრაინული გრივნა | 0.6595 ლარი; | 0.13 თეთრი; |
| 100 იაპონური იენი | 1.9097 ლარი; | -2.60 თეთრი; |
| 10 ჩინური იუანი | 3.8112 ლარი; | -0.64 თეთრი; |




























