გასულ სამუშაო კვირაში ლარი ყველა ძირითად ვალუტასთან მიმართებით გამყარდა. აშშ დოლართან გამყარებამ 0.41 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ღირებულება 2.7415 ლარს შეადგენს, ევროსთან კი ლარი 3.26 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ღირებულებამ 3.0686 ლარი შეადგინა. გირვანქა სტერლინგთან ლარი 0.63 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ფუნტის ღირებულება 3.6432 ლარი გახდა.
არსებული მდგომარეობით აპრილის თვის მაკროეკონომიკური პარამეტრებიდან რამდენიმე უკვე ცნობილია. კერძოდ, გამოქვეყნდა აპრილის თვის ექსპორტისა და იმპორტის მაჩვენებლები. გასულ თვეში ექსპორტმა 617 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 41%-ით მეტია. იმპორტის მოცულობა კი 1.4 მილიარდი დოლარი იყო, რაც წლიურ ჭრილში 4%-ით არის შემცირებული. გამოქვეყნდა ფულადი გზავნილების სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც აპრილში 295 მილიონი დოლარი გადმორიცხეს უცხოეთიდან საქართველოში, რაც წლიურ ჭრილში 6%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ხოლო ტურიზმისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ ინფორმაცია კი უფრო მოგვიანებით რამდენიმე თვეში გახდება ცნობილი.
მაკროეკონომიკური ფაქტორებიდან ასევე ცნობილი გახდა, რომ გასულ თვეში საქართველოს სავალუტო რეზერვები 208 მილიონი დოლარით გაიზარდა და მან 4.5 მილიარდ დოლარს მიაღწია. გასულ თვეში სავალუტო რეზერვების ზრდის ძირითადი განმაპირობებელი მიზეზი სებ-ის მიერ უცხოური ვალუტის შესყიდვა გახდა, რომელიც სავარაუდოდ დაახლოებით 150-160 მილიონ დოლარს შეადგენდა. აღნიშნულის შესახებ დეტალური სტატისტიკა 27 მაისს გახდება ცნობილი, მარტში კი რეზერვების შესყიდვა 102 მილიონი დოლარის ტოლი იყო. ამასთან, ფინანსთა სამინისტრო მოელის, რომ სებ-ი წელს 700-800 მილიონ დოლარს შეისყიდის.
ლარის გაცვლითი კურსი წინა კვირის კურსთან შედარებით:
| ვალუტა | გაცვლითი კურსი ლარებში | გამყარება/გაუფასურება თეთრებში |
| 1 დოლარი | 2.7415 ლარი; | 0.41 თეთრი; |
| 1 ევრო | 3.0686 ლარი; | 3.26 თეთრი; |
| 1 გირვანქა სტერლინგი | 3.6432 ლარი; | 0.63 თეთრი; |
| 1 ლირა | 0.0706 ლარი; | 0.05 თეთრი; |
| 1000 სომხური დრამი | 7.092 ლარი; | -4.57 თეთრი; |
| 1 აზერბაიჯანული მანათი | 1.6121 ლარი; | 0.26 თეთრი; |
| 10 უკრაინული გრივნა | 0.6608 ლარი; | 0.01 თეთრი; |
| 100 იაპონური იენი | 1.8837 ლარი; | 1.35 თეთრი; |
| 10 ჩინური იუანი | 3.8048 ლარი; | -1.13 თეთრი; |



























