მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარის გაცვლითი კურსის მიმოხილვა (05.11 – 12.11)

61900c0e2c783
ეგნატე შამუგია
15.11.21 08:00
824
გასული სავაჭრო კვირა ლარის ნომინალური გაცვლით კურსისთვის იმაზე ბევრად უკეთესი აღმოჩნდა, ვიდრე წინა კვირა. ნოემბრის მეორე კვირას ბლუმბერგის პლატფორმაზე ვაჭრობა 1 დოლარის 3.145 ლარის ღირებულებით დასრულდა, რაც სავაჭრო კვირის დაწყებამდე 3.160-ს შეადგენდა. ეს კი დოლართან მიმართებით ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის 0.47%-იანი გამყარებაა, რაც წინა კვირას 0.09%-ით იყო გაუფასურებული. ნოემბრის მეორე სავაჭრო კვირა ლარი იმითაც გამოირჩევა, რომ სავაჭრო კალათის მიხედვით შერჩეული ვალუტებიდან, დოლართან მიმართებით, ყველაზე მეტითაა გამყარებული. გასულ თვეს კი ლარის ნომინალური კურსი 0.20%-ით გაუფასურდა, მაგრამ წლიურ ჭრილში გამყარებულია. კერძოდ, პირველი იანვრიდან დღემდე, ლარი 4.49%-ითაა გამყარებული. მართალია ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის წლისა დასაწყისიდან გამყარებულია, მაგრამ ამით ძირითად სავაჭრო პარტნიორებში გამორჩეული არ არის, რადგან სომხური დრამი და უკრაინული გრივნა გაცილებით უფრო მეტითაა გამყარებული.
 
იანვრიდან დღემდე, სომხეთის ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით 8.89%-ით გამყარდა, რაც ოქტომბერშიც ყველაზე მეტით, 1.96%-ით იყო გამყარებული. ნოემბრის მეორე სავაჭრო კვირას კი დრამის გამყარებამ მხოლოდ 0.03% შეადგინა, რაც წინა კვირას 0.46%-ით იყო გამყარებული. გასული კვირა უკრაინული ვალუტისთვისაც ასეთივე იყო, რადგან გრივნის ნომინალური გაცვლითი კურსიც მხოლოდ 0.04%-ით გამყარდა. თუმცა, წლის დასაწყისიდან დღემდე გრივნის გაცვლითი კურსი 7.95%-ითაა გამყარებული. გასულ თვეს კი უკრაინული ვალუტა 1.26%-ით იყო გამყარებული. გარდა სომხური დრამი და უკრაინული გრივნისა, ნოემბრის მეორე სავაჭრო კვირას ჩინურია იუანი გამყარდა. კერძოდ, გასულ კვირას, დოლართან მიმართებით იუანი 0.30%-ით გამყარდა, რაც წლის დასაწყისიდან დღემდე 2.26%-ითაა გამყარებული. გასულ კვირას დანარჩენი შერჩეული ვალუტები კი გაუფასურდა.

ნოემბრის მეორე სავაჭრო კვირას საქართველოს ნომერ პირველი საიმპორტო ქვეყნის - თურქეთის ეროვნული ვალუტა გაუფასურდა. გასულ კვირას ლირის ნომინალური გაცვლითი კურსი, დოლართან მიმართებით, 2.80%-ით გაუფასურდა. ლირა წინა კვირასაც, 1.12%-ით იყო გაუფასურებული. გასულ თვეს კი, შერჩეული ვალუტებიდან, ყველაზე მეტით 8.45%-ით იყო გაუფასურებული, რაც მიმდინარე თვესაც ამავე ტრენდს ინარჩუნებს და 4.44%-ითაა გაუფასურებული. წლიურ ჭრილში თურქეთის ეროვნული ვალუტა გაუფასურების რეკორდებს ხსნის, რადგან პირველი იანვრიდან დღემდე ლირის ნომინალური გაცვლითი კურსი 33.91%-ით გაუფასურდა. ლირის მორგი მკვეთრი გაუფასურების ტრენდი კი თურქეთში მონეტარული პოლიტიკის ზედიზედ ორჯერ მკვეთრ შემცირებაზე რეაქციას ჰგავს. გასულ კვირას ლირის შემდეგ ყველაზე მეტით საქართველოს კიდევ ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის - რუსეთის ვალუტა გაუფასურდა. ნოემბრის მეორე სავაჭრო კვირას რუბლი 2.34%-ითაა გაუფასურებული, მაგრამ ლირისგან განსხვავებით ეს უკანასკნელი წლის დასაწყისიდან დღემდე 1.49%-ითაა გამყარებული. გასულ კვირას გარდა აღნიშნული ვალუტებისა, ბრიტანული სტერლინგი და ევროც გაუფასურდა. ეს უკანასკნელი, დოლართან მიმართებით, 1.01%-ითაა გაუფასურებული, ხოლო ბრიტანული სტერლინგი კი - 1.00%-ით. აღსანიშნავია, რომ ნოემბრის პირველ სავაჭრო კვირას ყველაზე მეტით, 1.45%-ით სწორედ სტერლინგი იყო გაუფასურებული.

ფიგურა 1: აშშ დოლართან მიმართებით გაცვლითი კურსის ცვლილება, 05.11 – 12.11 (%)
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

მიმდინარე წელს ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო ინტერვენცია სულ 9-ჯერ განხორციელდა, სადაც ყველა ინტერვენცია ბაზარზე დოლარის გაყიდვა იყო. აღნიშნულს, სხვა თანაბარ პირობებში, გაცვლითი კურსის გამყარებაზე დადებითი გავლენა აქვს. თუმცა, ინტერვენციების ძირითადი ნაწილი წლის პირველ ნახევარს უკავშირდება. ეროვნული ბანკის მიერ ბაზარზე ინტერვენცია ოქტომბერში არ ყოფილა. ბოლო, რიგით მეათე სავალუტო აუქციონი 30 სექტემბერს, სხვა პერიოდებთან შედარებით დიდი მოცულობის, 60.0 მლნ აშშ დოლარის გაყიდვით დასრულდა. როგორც აღვნიშნეთ, წლის მეორე ნახევარში სებ გაცილებით უფრო პასიური იყო, ვიდრე პირველი ნახევარი ან გასული წლის ბოლოს. ჯამში 9 ინტერვენციიდან 7 იანვარ-აპრილში განხორციელდა, სადაც სულ 242.9 მლნ აშშ დოლარი გაიყიდა. საერთო ჯამში, 2021 წლის დასაწყისიდან დღემდე, ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო აუქციონზე სულ 332.9 მლნ აშშ დოლარი გაიყიდა, რაც გასულ წელს 873.2 მლნ აშშ დოლარი იყო [სულ 26 ინტერვენცია]. 2020 წელს სებ-მა ბაზარზე ინტერვენცია მარტიდან დაიწყო, რაც წინა წლის სავალუტო პოლიტიკისგან განსხვავებული იყო, რადგან 2019 წელს სებ-მა ბაზარზე 11 ინტერვენციით, ჯამში 165.0 მლნ აშშ დოლარი შეისყიდა, ხოლო წლის ბოლოსკენ კი, 3-ჯერ, სულ 92.8 მლნ აშშ დოლარი გაყიდა.

ფიგურა 2: 08.11 – 12.11-ს სავაჭრო კვირის საშუალო ნომინალური გაცვლითი კურსი და კურსის მერყეობა
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

ლარის ნომინალური კურსი წინა ორი კვირისგან განსხვავებით გამყარდა, მაგრამ ნოემბრის მეორე კვირას შედარებით არასტაბილური იყო. თუკი წინა კვირას ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი მერყეობა 0.08% იყო, ნოემბრის მეორე სავაჭრო კვირას ეროვნული ვალუტის ყოველდღიური ნომინალური კურსი საშუალოსთან მიმართებით 0.22%-ით იხრებოდა. თუმცა, შეძლება ითქვას, რომ შერჩეულ ვალუტების მერყეობიდან გამომდინარე შედარებით სტაბილურია. გასულ კვირას მკვეთრი სტაბილურობით უკრაინული გრივნა გამოირჩეოდა. თითქმის უცვლელი, მხოლოდ 0.04%-იანი გაუფასურების ფონზე, გრივნას ყოველდღიურ ნომინალური გაცვლითი კურსი საშუალოსთან მიმართებით მხოლოდ 0.05%-ით იხრებოდა. ასეთივე დაბალი მერყეობით სომხური დრამი და ჩინური იუანიც გამოირჩეოდა. კერძოდ, ნოემბრის მეორე სავაჭრო კვირას ორივე ვალუტის მერყეობა 0.09% იყო. მეორე მხრივ, ყველაზე მეტად არასტაბილური ლირა და რუბლი იყო, რომელიც ყველაზე მაღალი გაუფასურებითაც გამოირჩეოდა. გასულ კვირას თურქული ლირის მერყეობა 1.18%-ს აღწევდა, რაც რუბლის შემთხვევაში 1.14% იყო. ამდენად, გასული კვირა განსაკუთრებით არასახარბიელო სწორედ საქართველოს ორი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ეკონომიკის ვალუტებისთვის აღმოჩნდა. თუმცა, არც უკეთესი კვირა ყოფილა ევრო და სტერლინგისთვის, რომელთა მერყეობა, გაუფასურების ფონზე, 0.63% და 0.75%-ს შეადგენდა.

ფიგურა 3: ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსის ცვლილება, 17:00 -ზე, 05.11/12.11 (%)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი; ავტორის გამოთვლები

ნოემბრის მეორე სავაჭრო კვირა არამხოლოდ დოლართან მიმართებით, არამდე სავაჭრო კალათის მიხედვით შერჩეულ სხვა ვალუტებთან მიმართებითაც ლარისთვის უკეთესი მდგომარეობის ამსახველი იყო. ნოემბრის პირველ სავაჭრო კვირას ლარის შეწონილი კურსი სავაჭრო კალათის მიხედვით შერჩეული ათი ვალუტიდან ექვსთან მიმართებით, საშუალოდ 0.28%-ით იყო გაუფასურებული, მაგრამ გასულ კვირას ყველა ვალუტასთან მიმართებით გამყარდა. შეწონილი გაცვლითი კურსის გამყარების საშუალო ნიშნული 0.86%-ია, რაც ლარის განსაკუთრებით მკვეთრ გამყარებას ასახავს. აღნიშნულ პერიოდში ლარი ყველაზე მეტით თურქულ ლირასთან მიმართებით გამყარდა. ნოემბრის პირველი სავაჭრო კვირას ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი ლირასთან მიმართებით 2.61%-ითაა გამყარებული. თავის მხრივ, ლარის წლიურ ჭრილშიც ყველაზე მეტით, 27.87%-ით სწორედ თურქულ ვალუტასთან მიმართებითაა გამყარებული. ამ პერიოდში, თავად ლირა, დოლართან მიმართებით, 33.91%-ითაა გაუფასურებული.

თურქული ლირის შემდეგ, ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი მაღალი ნიშნულით, 1.29%-ით რუბლთანაა გამყარებული. წინა კვირას კი ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი რუბლთან 1.20%-ით იყო გამყარებული. ამდენად, ზედიზედ ორკვირიანი მკვეთრი გამყარების შემდეგ, რუსული რუბლი ლართან მიმართებით, პირველი იანვრიდან დღემდე 0.69%-ითაა გაუფასურებული. ამავე პერიოდში, ლარი გაცილებით მეტით, 10.41%-ით ევროსთან მიმართებითაა გამყარებული. ამ უკანასკნელთან მიმართებით ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი ნოემბრის მეორე სავაჭრო კვირასაც, 1.22%-ით გამყარდა. გარდა ევროსი, ლარის გაცვლითი კურსი სტერლინგთან მიმართებითაც 0.72%-ითაა გამყარებული, რაც წლის დასაწყისიდან დღემდე 5.87%-ია. წინა კვირას ლარის ნომინალური კურსი ყველაზე მეტით, 2.45%-ით სწორედ ბრიტანულ ვალუტასთან მიმართებით იყო გამყარებული.

ფიგურა 4: ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი და ცვლილება (ზრდა - გამყარება; კლება - გაუფასურება)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

ღია ეკონომიკის პირობებში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილებას გავლენა აქვს საგარეო ვაჭრობის ბრუნვაზე. კერძოდ, გაუფასურების შემთხვევაში დადებითად აისახება ექსპორტზე [ზრდა], ხოლო უარყოფითი კი - იმპორტზე [შემცირება], რადგან ამ დროს იმპორტი ძვირდება, ხოლო ექსპორტი ამ ქვეყნიდან იმპორტის განმახორციელებელი ეკონომიკებისთვის იაფდება [ადგილობრივ ფასების დონის გათვალისწინებით]. აღნიშნულს კი ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი ასახავს, რაც სავაჭრო ბრუნვაში ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების წილის მიხედვით, მათ ვალუტებთან ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის საშუალო შეწონილი მაჩვენებელია.

ვინაიდან, შერჩეული ვალუტები საგარეო ვაჭრობის კალათის თვალსაჩინო ფულის ერთეულებია, მათ მიმართ ლარის კურსის ცვლილება სრულად აისახება ნომინალური ეფექტური კურსის ინდექსზე. გასულ კვირას, შერჩეულ ვალუტებთან მიმართებით, ლარის ნომინალური კურსის ცვლილება ეფექტურ კურსზეც აისახა. თუკი, ნოემბრის პირველ სავაჭრო კვირას ნომინალური ეფექტური კურსი 0.45%-ით იყო გამყარებული, ეს მაჩვენებელი ნოემბრის მეორე სავაჭრო კვირას ორჯერ უფრო მეტი, 1.16%-იანი გამყარებაა. გასულ კვირას ყოველდღიური ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი საშუალოდ 120.0-იან ნიშნულზე იყო, რომლის მერყეობა 0.57%-ს შეადგენდა. ეს კი წინა პერიოდთან შედარებით არასტაბილურობას ასახავს, რადგან ნოემბრის პირველ სავაჭრო კვირას ნომინალური ეფექტური კურსის ინდექსი მერყეობა 0.33% იყო. თავის მხრივ, აღნიშნული ინდექსის სტაბილურობა მნიშვნელოვანია საგარეო ვაჭრობაში ჩართული სუბიექტებისთვის. ნომინალური ეფექტური კურსის ცვლილება მოქმედებს როგორც ექსპორტზე, ასევე იმპორტზე და შესაბამისად, ეფექტური გაცვლითი კურსის გაუფასურება აისახება იმპორტირებული საქონელი და მომსახურების ლარში გამოხატული ფასის ზრდაზე.

აგრეთვე, გასულ კვირას, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი 6.93%-ითაა გამყარებული, რაც წინა კვირის შემთხვევაში 4.93% იყო. საბოლოოდ, გასულ კვირას ლარის ეფექტური ნომინალური გაცვლითი კურსის, როგორც წინა პერიოდთან, ასევე წლიურ ჭრილში გამყარების უფრო მაღალი ნიშნული, ამავე პერიოდის იმპორტზე ზრდის კუთხით იმოქმედებს, რადგან ასეთ დროს იმპორტირებული საქონელი და მომსახურება იაფდება, ხოლო ექსპორტზე კი, პირიქით. აღნიშნული ნიშნავს, რომ საქართველოდან საქონელი და მომსახურების იმპორტიორი ქვეყნების ვალუტები გაუფასურებულია და მათთვის საქართველოდან იმპორტი უფრო ძვირი.