მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარის გაცვლითი კურსის მიმოხილვა (19.02 – 26.02)

603a370ea7926
ეგნატე შამუგია
01.03.21 08:00
1270
გასულ კვირას ბლუმბერგის პლატფორმაზე ვაჭრობა 1 დოლარის 3.320 ლარის ღირებულებით დასრულდა, რაც სავაჭრო კვირის დაწყებამდე 3.303-ს შეადგენდა. ეს კი დოლართან მიმართებით ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის 0.52%-იანი გაუფასურებაა. წინა კვირას კი ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით 0.42%-ით იყო გაუფასურებული. თებერვლის პირველი კვირის გამყარების შემდეგ, ეს უკვე ლარის კურსის ზედიზედ ორკვირიანი გაუფასურებაა. აღნიშნულ პერიოდში, დოლართან მიმართებით, ლარის 0.85%-იანი გაუფასურებაა. აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას, დოლართან მიმართებით, გარდა ლარისა, საქართველოს საგარეო ვაჭრობის კალათის მიხედვით შერჩეული ვალუტებიდან ყველა გაუფასურდა. განსაკუთრებით კი, თურქეთის ეროვნული ვალუტა. კერძოდ, თებერვლის მეოთხე სავაჭრო კვირას ლირის გაუფასურება 6.63%-იან ნიშნულის იკავებს, რითაც ამ უკანასკნელის, ისტორიულად გამონაკლისი, თითქმის სამთვიანი სტაბილური და მკვეთრი გამყარების ტენდენცია რადიკალურად შეიცვალა. აღსანიშნავია, რომ ნოემბრის ბოლოს თურქეთის ცენტრალური ბანკის მმართველის შეცვლის და ახალი პოლიტიკის დაანონსების შემდეგ, ამ დრომდე, დოლართან მიმართებით, ლირის ნომინალური გაცვლითი კურსი მყარდებოდა და წინა კვირას ავტორიტეტულმა გამოცემა Financial Times -მა თურქეთის ეროვნულ ვალუტას განვითარებადი მსოფლიოს ვალუტების ლიდერიც კი უწოდა.
 
როგორც აღვნიშნეთ, გასულ კვირას, დოლართან მიმართებით, შერჩეული ვალუტებიდან ყველა გაუფასურდა. ლირის შემდეგ, ყველაზე მეტით, საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის - რუსეთის ეროვნული ვალუტაა გაუფასურებული. თებერვლის მესამე კვირას ერთ-ერთი ყველაზე მეტით, 0.55%-ით გაუფასურებული რუსული რუბლი გასულ კვირას კვლავ, შედარებით მეტით, 0.73%-ით გაუფასურდა. ასევე მაღალი ნიშნულით გაუფასურდა საქართველოს კიდევ ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის ეროვნული ვალუტა. თებერვლის მეოთხე კვირას სომხური დრამი, დოლართან მიმართებით, 0.68%-ითაა გაუფასურებული. აღსანიშნავია, რომ კვირის ბოლოს სომხეთში განვითარებული მოვლენები უარყოფით მოლოდინებზე აისახებოდა და შესაბამისად, გაცვლით კურსზე. კერძოდ, ხუთშაბათს სომხეთის გენშტაბის ხელმძღვანელობამ პრემიერ-მინისტრს გადადგომა მოსთხოვა, რაც ნიკოლ ფაშინიანის მიერ სამხედრო გადატრიალების მცდელობად შეფასდა და მხარდამჭერებს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდა. გარდა პრემიერ-მინისტრის მხარდამჭერებისა, ქუჩაში მისი მოწინააღმდეგეებიც გამოვიდნენ და ერევნის ცენტრალური გამზირის ბლოკირება მოახდინეს.

გასულ კვირას, სხვა ვალუტებთან შედარებით, ნაკლებით ჩინური იუანი და ევროა გაუფასურებული. თებერვლის მესამე სავაჭრო კვირას ორივე ვალუტა, დოლართან მიმართებით გაუფასურებული იყო, ხოლო მეოთხე კვირას გაუფასურების ნიშნულებმა 0.25% და 0.38% -ებს მიაღწია.

ფიგურა 1: აშშ დოლართან მიმართებით გაცვლითი კურსის ცვლილება, 19.02 – 26.02 (%)
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობამ 2020 წლის მარტში დაწყებული პოლიტიკის მიმდინარე წელსაც გაგრძელება დაანონსა, მაგრამ ამ ეტაპზე სებ-ის მიერ ბაზარზე მხოლოდ სამი ინტერვენცია განხორციელდა. რიგით მესამე სავალუტო აუქციონი თებერვლის მესამე კვირის ხუთშაბათს გაიმართა, სადაც ეროვნულმა ბანკმა ბაზარზე მორგი 40.0 მლნ აშშ დოლარი გაყიდა, ხოლო ინტერვენციის დღეს, გაცვლითი კურსი, წინა დღესთან შედარებით, 0.09%-ით გაუფასურდა. გასულ კვირას, ლარის შედარებით მაღალი გაუფასურების მიუხედავად, სებ-ის მიერ სავალუტო ინტერვენცია არ ყოფილა. საერთო ჯამში, მიმდინარე წელს სებ-ის მიერ ბაზარზე 120.0 მლნ აშშ დოლარი გაიყიდა, რაც გასულ წელს 873.2 მლნ აშშ დოლარი იყო [სულ 26 ინტერვენცია]. 2020 წელს სებ-მა ბაზარზე ინტერვენცია მარტიდან დაიწყო, რაც წინა წლის სავალუტო პოლიტიკისგან განსხვავებული იყო, რადგან 2019 წელს სებ-მა ბაზარზე 11 ინტერვენციით, ჯამში 165.0 მლნ აშშ დოლარი შეისყიდა, ხოლო წლის ბოლოსკენ კი, 3-ჯერ, სულ 92.8 მლნ აშშ დოლარი გაყიდა.

ფიგურა 2: 22.02 - 26.02-ს სავაჭრო კვირის საშუალო ნომინალური გაცვლითი კურსი და კურსის მერყეობა
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

თებერვლის მეოთხე სავაჭრო კვირას, დოლართან მიმართებით, ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის მერყეობა 0.20%-ს აღწევდა, რაც წინა პერიოდში 0.17% იყო. მიუხედავად იმისა, რომ წინ კვირასთან შედარებით გადახრის პროცენტული მაჩვენებელი გაზრდილია, სხვა ვალუტებთან შედარებით, ლარი ერთ-ერთი სტაბილურია. ეროვნულ ვალუტაზე უფრო დაბალი მერყეობა მხოლოდ ჩინურ იუანს (0.12%) და სომხურ დრამს (0.16%) ახასიათებდა. საერთო ჯამში, თებერვლის მესამე სავაჭრო კვირასთან შედარებით, შერჩეული ვალუტები გასულ კვირას ნაკლებად სტაბილური იყო, მაგრამ განსაკუთრებით მაღალი მერყეობა თურქულ ლირას და უკრაინულ გრივნას ახასიათებდა. გასულ კვირიას, ლირის 6.63%-იანი გაუფასურების ფონზე, საშუალოსთან მიმართებით ყოველდღიური კურსის გადახრა 2.36%-ს აღწევდა. რაც შეეხება უკრაინულ გრივნას - ეს უკანასკნელი მხოლოდ 0.38%-ით გაუფასურდა, მაგრამ სავაჭრო კვირის მანძილზე მაღალი, 2.36%-იანი მერყეობით გამოირჩეოდა.

ფიგურა 3: ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსის ცვლილება, 19.02/26.02 (%)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი; ავტორის გამოთვლები

თუკი, წინა კვირას ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი ყველა შერჩეულ ვალუტასთან მიმართებით გაუფასურებული იყო, გასულ კვირას რიგ ვალუტებთან მიმართებით გამყარებულია. კერძოდ, თებერვლის მეოთხე სავაჭრო კვირას ლარის ნომინალური გაცვლითი შეწონილი კურსი ყველზე მეტით, 5.13%-ით თურქულ ლირასთან მიმართებითაა გამყარებული. გარდა ამ უკანასკნელისა, ლარი 0.39%-ით იაპონურ იენთან მიმართებითაც გამყარდა. თავად იენი კი დოლართან მიმართებით 1.06%-ითაა გაუფასურებული. გაუფასურების მხრივ კი, შეწონილი კურსი ყველაზე მეტით საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორის - აზერბაიჯანის ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით, 0.57%-ით გაუფასურდა.

ფიგურა 4: ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი და ცვლილება (ზრდა - გამყარება; კლება - გაუფასურება)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

ღია ეკონომიკის პირობებში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილებას გავლენა აქვს საგარეო ვაჭრობის ბრუნვაზე. კერძოდ, გაუფასურების შემთხვევაში დადებითად აისახება ექსპორტზე [ზრდა], ხოლო უარყოფითი კი - იმპორტზე [შემცირება], რადგან ამ დროს იმპორტი ძვირდება, ხოლო ექსპორტი ამ ქვეყნიდან იმპორტის განმახორციელებელი ეკონომიკებისთვის იაფდება [ადგილობრივ ფასების დონის გათვალისწინებით]. აღნიშნულს კი ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი ასახავს, რაც სავაჭრო ბრუნვაში ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების წილის მიხედვით, მათ ვალუტებთან ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის საშუალო შეწონილი მაჩვენებელია.

ვინაიდან, შერჩეული ვალუტები საგარეო ვაჭრობის კალათის თვალსაჩინო ფულის ერთეულებია, მათ მიმართ ლარის კურის ცვლილება სრულად აისახება ნომინალური ეფექტური კურსის ინდექსზე. თუკი თებერვლის მესამე სავაჭრო კვირას, ლარის ნომინალური კურსის ყველა ვალუტასთან გაუფასურების შედეგად, ეფექტური გაცვლითი კურსი 0.78%-ით გაუფასურებული იყო, გასულ კვირას, დიდწილად თურქულ ლირასთან მიმართებით მასშტაბური გამყარების შედეგად ეფექტური ნომინალური გაცვლითი კურსი 0.69%-ით გამყარდა.

აღსანიშნავია, რომ თებერვლის მეოთხე სავაჭრო კვირას ყოველდღიური ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი საშუალოდ 108.4-იან ნიშნულზე იყო, რომლის მერყეობა 0.35%-ს შეადგენდა. წინა კვირას კი, საშუალოსთან მიმართებით ეფექტური კურსის ინდექსის მერყეობა 0.20%-ს აღწევდა. ეს კი ამ უკანასკნელის წინა პერიოდთან შედარებით ნაკლებ სტაბილურობას მიუთითებს. თავის მხრივ, აღნიშნული ინდექსის სტაბილურობა მნიშვნელოვანია საგარეო ვაჭრობაში ჩართული სუბიექტებისთვის. ამასთან, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გასულ კვირას ნომინალური ეფექტური კურსის საშუალო მაჩვენებელი 10.46%-ითაა გაუფასურებული, რაც წინა კვირის შემთხვევაში 10.45% იყო. ამდენად, გასულ კვირას ნომინალური ეფექტური კურსის გაუფასურება იმპორტის ზრდაზე დადებითად აისახება და ექსპორტის მხრივ კი - პირიქით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები