მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარის გაუფასურებამ ხილისა და ყურძნის ექსპორტი წაახალისა - ISET

5e18c3a6b0c73
BM.GE
10.01.20 23:20
1062
2019 წლის სექტემბერი-ნოემბერში ხილისა და ყურძნის ექსპორტის რაოდენობა 32%-ით გაიზარდა, ხოლო ღირებულება 89%-ით, - ამის შესახებ საუბარია ISET-ის მიერ მომზადებულ 2019 წლის დეკემბრის აგროსექტორის მიმოხილვაში. კერძოდ, მიმოხილვის მიხედვით, აღნიშნულ პერიოდში ხილისა და ყურძნის ექსპორტმა 23,55 ათასი ტონა შეადგინა, ღირებულებამ კი 46.64 მლნ აშშ დოლარი.

„2019 წლის სექტემბერი-ნოემბერში ხილისა და ყურძნის ქვეჯგუფში ფასების შესამჩნევი ზრდა დაფიქსირდა. 2019 წლის ნოემბერში, ამ ქვეჯგუფისთვის ფასები მკვეთრად 30.2%-ით გაიზარდა.

ასეთი მკვეთრი ზრდის მიზეზი შესაძლოა, მიწოდების დეფიციტი ყოფილიყო. ქართული ლარის გაუფასურებამ უცხოურ ბაზრებზე ქართული პროდუქტების კონკურენტუნარიანობა გააუმჯობესა, რამაც ხილის ექსპორტის როგორც რაოდენობის, ისე ღირებულების ზრდა გამოიწვია“, - წერია დოკუმენტში.

ამასთან, ISET-ის მიმოხილვის მიხედვით, 2019 წლის სექტემბერი-ნოემბერში, ვაჭრობის სტატისტიკის მიხედვით ხილისა და ყურძნის იმპორტი 7%-ით გაიზარდა, ხოლო შესაბამისი ღირებულება, აშშ დოლარში გამოხატული, 27%-ით შემცირდა.

„როგორც ჩანს, ქართული ლარის გაუფასურებამ ხილისა და ყურძნის ექსპორტი წაახალისა, რამაც ადგილობრივ ბაზარზე მიწოდების დეფიციტი შექმნა. ადგილობრივი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, ქვეყანამ იმპორტზე უფრო მეტი ხილი შემოიტანა, რომელიც ვალუტის გაუფასურების გამო უფრო ძვირი იყო, რაც ხილის ფასების ზრდაზე აისახა. ხილის ბაზარზე არსებული ტრენდის სრულყოფილი სურათისთვის აუცილებელია ადგილობრივი წარმოების მაჩვენებლები, რაც ჯერ არ არის ხელმისაწვდომი“, - აღნიშნულია მიმოხილვაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები