ამ დროისთვის, ლარის გაუფასურების შეჩერება და რუსული კანონის მიღება ქვეყანასა და გადასახადის გადამხდელებს 108 მლნ დოლარამდე დაუჯდათ, კვირის ბოლოს, ლარმა დაახლოებით 7 თეთრიანი გაუფასურება დადო კვირეულის ჭრილში დოლართან მიმართებით, ეს იმ ფონზე რომ ეროვნულმა ბანკმა გასაყიდად 60 მილიონი დოლარი გამოიტანა, აღნიშნული თანხიდან კი ბაზარმა 48.7 მილიონი დოლარი აითვისა. რაც შეეხება, ლონდონის საფონდო ბირჟას და იქ რეგისტრირებულ ქართულ კომპანიებს, ეს კვირეულიც მძიმე გამოდგა შედეგობრივად მათთვის. ეს სამი კომპანია ჯერჯერობით ვერ ახერხებს არათუ დაკარგული პოზიციების და აქციების ღირებულების აღდგენას, არამედ ზრდის ტრენდზე დაბრუნებას. "საქართველოს ბანკის" (BGEO) აქციების ფასი 7.60%-ით შემცირდა და ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 37.10 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.82 მილიარდ სტერლინგს აღწევს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციები 11.24%-ით გაიზარდა. TBC PLC-ის აქციების ღირებულება ერთკვირიან ჭრილში 4.14%-ით შემცირდა. ბანკის ერთი აქცია 25.50 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.40 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციები 6.59%-ით შემცირდა. "საქართველოს კაპიტალის” (CGEO) აქციების ღირებულება 5%-ით შემცირდა, შედეგად ერთი აქციის ფასი 9.50 გირვანქა სტერლინგი გახდა. შედეგად, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 442 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციები 7.47%-ით გაიზარდა.