ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი აცხადებს, რომ სამინისტრო დიდი მოცულობით ლარის სახაზინო ობლიგაციების გამოშვებას მიმდინარე წელს გეგმავს.
როგორც ხუციშვილმა BMG-სთან ინტერვიუში აღნიშნა, ვაშინგტონში მიმდინარე სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში ინვესტორებთან შეხვედრისას ერთ-ერთი საკითხი სწორედ ადგილობრივ ბაზარზე ლარში დენომინირებული სახაზინო ობლიგაციების გამოშვება იქნება.
მისი თქმით, $500-მილიონიანი ევრობონდის რეფინანსირების საკითხზე საერთაშორისო ინვესტორებთან შეხვედრისას გამოიკვეთა, რომ მათი მხრიდან ინტერესი არის ლარში გამოშვებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების მიმართაც.
„ჩვენ საგაზაფხულო შეხვედრების ფორმატს ასევე ვიყენებთ ინვესტორებთან შესახვედრად. გვაქვს „როუდ შოუები“, სადაც ინვესტორებთან ხდება ჩვენი ეკონომიკური პერსპექტივების, სამომავლო პროგნოზების განხილვა და ასევე ხდება იმ სამომავლო გეგმების გაცნობა, რომელიც ქვეყანას აქვს. ამ მიმართულებით ჩვენ ამ საგაზაფხულო შეხვედრასაც გამოვიყენებთ ბუნებრივია იმისთვის, რომ ინვესტორებს გავაცნოთ ჩვენი სამომავლო გეგმები, რომელიც მოიცავს ასევე, რომ ჩვენ გვქონდეს უფრო დიდი აუქციონი ლარში, სადაც ვხედავთ, რომ ინტერესი არის საკმაოდ მაღალი. არა მხოლოდ ინტერესი, არამედ როდესაც ყოველკვირეულად ხდება სახაზინო ობლიგაციების გამოშვება ადგილობრივ ბაზარზე, ჩვენ უკვე ვხედავთ საერთაშორისო კომპანიების მონაწილეობას ქართული ფასიანი ქაღალდების ბაზარზე.
შესაბამისად, ამ მიმართულებით გვაქვს მოლოდინი, რომ ინტერესი და მონაწილეობა იქნება საკმაოდ მაღალი. რაც შეეხება დროს და მოცულობას, ეს არის ის ფაქტორები, რომელიც უნდა დადგინდეს უკვე „როუდ შოუების“ შემდეგ, ინტერესის და საერთაშორისო კომპანიების ჩართულობის გაზომვის შემდეგ და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება კონკრეტული თარიღის და კონკრეტული მოცულობის გაცხადებაც. თუმცა ეს იქნება იმ მოცულობით და იმ ფარგლებში, რაზეც იქნება მოთხოვნა ქართულ ფასიან ქაღალდებზე.
ლარში იქნება გამოშვებული დიდი მოცულობის სახაზინო ობლიგაციები და ეს იქნება ადგილობრივ ბაზარზე გამოშვებული, საქართველოში. ჩვენ ახლა არ დაგვიწყია ამ საკითხზე საუბარი, დაახლოებით 6 თვეა ამაზე ვმუშაობთ. როდესაც ევრობონდისთვის გვქონდა ე.წ. „როუდ შოუები“ ნიუ-იორკში, ბოსტონში, ლონდონში, ვაშინგტონში, ჩვენ პარალელურ რეჟიმში გვქონდა ამ თემაზე საუბარი, საიდანაც გახდა ცნობილი, რომ მათი დაინტერესება ძალიან აქტიური არის [ქართული სახაზინო ობლიგაციების მიმართ] როგორც საერთაშორისო ბაზარზე საერთაშორისო ვალუტაში, ასევე ადგილობრივ ბაზარზე ქართულ ლარში“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.




























