აშშ-ის შრომის სტატისტიკის ბიურომ სექტემბერს თვის წლიური ინფლაციის მონაცემები გამოაქვეყნა.
როგორც ირკვევა, ქვეყანა სამომხმარებლო ფასების ინდექსი წლიურად 3.7%-ით გაიზარდა, რამაც Dow Jones-ის ანალიტიკოსთა 3.6%-იან მოლოდინს გადააჭარბა.
ამასთან, საბაზო ინფლაციამ, რომელიც საკვებისა და ენერგორესურსების ფასებს არ მოიცავს, წლიურ ჭრილში 2.6% შეადგინა, მაშინ როდესაც პროგნოზი 2.5%-ს არ სცდებოდა.
არსებული ინფორმაციით, საერთო მაჩვენებელზე ყველაზე დიდი გავლენა ენერგორესურსების ფასების ზრდამ იქონია. ენერგეტიკული ინდექსი 5.2%-ით გაიზარდა, საწვავის ფასმა კი 9.1%-ით მოიმატა.
შრომის სტატისტიკის ბიუროს განმარტებით, ინფლაციის საერთო ზრდის თითქმის ნახევარი სწორედ საწვავზე მოდის.
პარალელურად, 0.4%-ით გაიზარდა საცხოვრებლის ფასიც, მეორადი ავტომობილების ღირებულებამ კი 0.7%-ით მოიმატა. რაც შეეხება კვების პროდუქტებს, ფასები თვიურ ჭრილში არ შეცვლილა, თუმცა წლიურად 2.5%-იანი ზრდა მაინც დაფიქსირდა.
აღსანიშნავია, რომ ინფლაციის მაჩვენებლების გამოქვეყნებისთანავე, 10-წლიანი სახაზინო ობლიგაციების შემოსავლიანობამ 5.306%-ს მიაღწია. პარალელურად, გრძელვადიანი, 30-წლიანი ობლიგაციების შემოსავლიანობა 5.564%-მდე გაიზარდა, 2-წლიანი ფასიანი ქაღალდების განაკვეთმა კი 4.92% შეადგინა.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ინფლაციის ახალი ანგარიში აშშ-ის ფედერალური რეზერვის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შეხვედრამდე ზუსტად ორი კვირით ადრე გამოქვეყნდა. ანალიტიკოსები კი აღნიშნავენ, რომ სამომხმარებლო ფასების მოულოდნელ ზრდას ცენტრალური ბანკის მომავალ გადაწყვეტილებაზე მნიშვნელოვანი გავლენა ექნება.
























