მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარიზაცია დღევანდელი მოცემულობის პრიორიტეტი არ არის - სელიმ ჩაქირი

608663ba2ef20
შოთა ტყეშელაშვილი
26.04.21 12:21
974
"ლარიზაცია არ არის დღევანდელი მოცემულობის პრიორიტეტი და მგონია, რომ ხელისუფლებაც ასე უყურებს ამ საკითხს", - ამის შესახებ გადაცემა "ანალიტიკასთან" ინტერვიუში საქართველოში სავალუტო ფონდის მუდმივმა წარმომადგენელმა სელიმ ჩაქირმა განაცხადა. მისი შეფასებით, ლარიზაციის პოლიტიკა მნიშვნელოვანია, რათა საქართველოს ეკონომიკის უცხოურ ვალუტაზე დამოკიდებულება შემცირდეს, თუმცა არსებულ კრიზისულ ვითარებაში ლარიზაციის ფარგლებში ახალი ზომების მიღება მიზანშეწონილი არ არის. 

"მიმაჩნია, რომ ლარის კურსის ვოლატილობა უფრო მეტად არის დაკავშირებული გარე შოკებთან, ვიდრე ლარიზაციის ძალისხმევასთან. მიუხედავად იმისა, რომ პანდემიამ ეროვნული ბანკისა და ხელისუფლების ამ პოლიტიკაზეც იქონია გარკვეული გავლენა, გრძელვადიან პერსპექტივაში ლარიზაცია გაზრდის ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანობას - ვფიქრობ, ეს ძალიან სასარგებლო იქნება საქართველოსთვის. ამასთანავე, ისიც მიმაჩნია, რომ ხელისუფლება ხედავს, დღეს რა არის პრიორიტეტი იმისთვის, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს პანდემიას და მის გავლენას - ლარიზაცია არ არის დღევანდელი მოცემულობის პრიორიტეტი და მგონია, რომ ხელისუფლებაც ასე უყურებს ამ საკითხს", - გადაცემა "ანალიტიკას" ეთერში განაცხადა სელიმ ჩაქირმა. 

კიდევ ერთი საკითხი, რაზევ IMF-ის მუდმივმა წარმომადგენელმა გაამახვილა ყურადღება, 2021 წლის ბიუჯეტის შესაძლო კორექტირებაა, რომელიც პანდემიური ვითარების გამწვავების შემთხვევაში შესაძლოა დღის წესრიგში დადგეს. ჩაქირის თქმით, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობამ ახალი სოციალური დახმარებების გასაცემად თანხა არა ახალი ვალის აღებით შეაგროვოს, არამედ კაპიტალური ხარჯები შეკვეცოს და მიღებული ეკონომია სოციალურ დახმარებებზე მიმართოს. 

"კიდევ ერთი ლოქდაუნი ნიშნავს, რომ დღის წესრიგში აუცილებლად დადგება ოჯახებისა და ბიზნესების მხარდაჭერის აუცილებლობა. ამ სცენარში - ამ ჰიპოთეზურ სცენარში - პირველი რიგის ამოცანა უნდა იყოს ხარჯების პრიორიტეტიზაცია და არა - გადასახადების გაზრდა. კაპიტალური ხარჯების ბიუჯეტი ბოლო 8 წლის განმავლობაში მშპ-ის დაახლოებით 8% იყო - ეს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ ასეთი სცენარის შემთხვევაში, აუცილებელი იქნება კაპიტალური ხარჯების შეკვეცა და მისი მიმართვა მიზნობრივი ფულადი დახმარებებისკენ", - განაცხადა სელიმ ჩაქირმა. 

აპრილის დასაწყისში საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.3%-დან 3.5%-მდე შეამცირა. სელიმ ჩაქირი განმარტავს, რომ ფონდი საქართველოში თავდაპირველთან შედარებით უფრო ნელ აღდგენას ვარაუდობს. ამასთან მისი თქმით, 3.5%-იანი ზრდის პროგნოზი "ლოქდაუნის" სცენარს არ ითვალისწინებს, შესაბამისად ახალი ლოქდაუნის პირობებში, ზრდა უფრო დაბალი იქნება. 

მთავრობის მიერ 2021 წლის ბიუჯეტი 4.3%-იან ეკონომიკურ ზრდაზეა დაგეგმილი. იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობა უფრო დაბალი იქნება, ბიუჯეტის საგადასახადო ნაწილის შესრულებას შეიძლება საფრთხე შეექმნას. თუმცა, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აცხადებს, რომ ჯერჯერობით ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით არავითარი საფრთხე არ არსებობს. 2021 წლის ბიუჯეტის პირველი კვარტალის ანგარიშის თანახმად, ამ დროისთვის გადასახადების მობილიზაციაში ჩამორჩენა არ შეინიშნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები