მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სასურველია, ვიცოდეთ, რა ნიშნულამდე ვაგრძელებთ ლარიზაციის პოლიტიკას - რეკომენდაცია

ISET

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანი ეკონომისტის გიორგი პაპავას განცხადებით, საქართველოს ეროვნული ბანკი ლარიზაციის პოლიტიკას აგრძელებს.

ასე აფასებს BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ISET-ის წამყვანი ეკონომისტი სებ-ის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, 2024 წლიდან, ლარში შემოსავლის მქონე მოქალაქეებისთვის სავალუტო სესხის აღება მკაცრდება და დღეს არსებული 200 000-ლარიანი ჭერი 300 000 ლარამდე იზრდება.

ამასთან, გიორგი პაპავას აზრით, „ვინაიდან ლარიზაცია გრძელვადიანი პროცესია, კარგი იქნება, ვიცოდეთ, რა ნიშნულამდე ვაგრძელებთ ლარიზაციის პოლიტიკას“.

„ვფიქრობ, სებ-ის მიერ გუშინ მიღებული გადაწყვეტილება იმ პოლიტიკის გაგრძელებაა, რაც წინა პრეზიდენტის - კობა გვენეტაძის დროს ხორციელდებოდა ეროვნულ ბანკში; თუ მოგვწონს ლარიზაციის პოლიტიკა, მაშინ ეს გადაწყვეტილებაც უნდა მოგვწონდეს და სავალუტო სესხების აღების აკრძალვა 500 000 ლარამდეც რომ გაზარდონ, ეგეც უნდა მოვიწონოთ.

სხვა საკითხია, როდემდე უნდა გაჰყვეს სებ-ი ამ პოლიტიკას. ეროვნული ბანკის მენეჯმენტისგან მოვისმინეთ არგუმენტები, რომ ბოლო 10-15 წელია დოლარიზაციის დონე მცირდება, მაგრამ შარშან გაჩერდა და ამიტომაც გვინდა, ჭერის 300 000 ლარამდე გაზრდით, ახალი ბიძგი და სტიმული მივცეთ ლარიზაციის გაზრდასო, რაც გასაგებია, მაგრამ ამ მიმართულებით უფრო მეტად მკაფიო რომ იყოს, სესხების ლარიზაციის რა ნიშნულისკენ მივილტვით, უფრო კარგი იქნებოდა.

მაგალითად, რომ ვიცოდეთ, რამდენი უნდა იყოს ლარიზაციის დონე, რომელიც სტაბილურ ნიშნულად ჩაითვლება, ვიტყვით, რომ ხელოვნური ინსტრუმენტების გამოყენებით ლარიზაციის მიღწევა საკმარისია და მიღწეულის შენარჩუნებაზე ვიმსჯელებთ“, - განაცხადა გიორგი პაპავამ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნულ ბანკს არ აქვს განსაზღვრული დოლარიზაციის კონკრეტული დონე თუ დიაპაზონი, რომელიც ფინანსური სტაბილურობისთვის უსაფრთხო ნიშნულად ჩაითვლება.

ეროვნული ბანკის აგვისტოს მონაცემებით, კომერციული ბანკების მიერ ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხების ლარიზაციის დონე 55%-ია, უცხოურ ვალუტაში კი - 45%-მდე. აღსანიშნავია, რომ აგვისტოში დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 50% შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები