2024 წლიდან, ის მოქალაქეები და იურიდიული პირები, რომლებსაც უცხოურ ვალუტაში აქვთ შემოსავალი, სავალუტო სესხის აღებას შეუზღუდავად შეძლებენ. გადაწყვეტილება ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა გუშინ მიიღო. საქმე ის არის, რომ დღესდღეობით, როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირები ვალდებულნი არიან, 200 000 ლარამდე სესხი მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში აიღონ.
სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას განცხადებით, ეს გადაწყვეტილება მოქალაქეებს სესხების ჰეჯირების უკეთეს შესაძლებლობას აძლევს, რადგანაც მათ კრედიტის იმ ვალუტაში აღება შეეძლებათ, რომელშიც შემოსავალი უფიქსირდებათ. „ასე უფრო სამართლიანია“, - თქვა ნათია თურნავა.
ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის აღნიშნული გადაწყვეტილება BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანმა ეკონომისტმა შეაფასა.
„სამართლიანობაზე თუ ვსაუბრობთ, რა ვალუტაშიც მინდა, იმ ვალუტაში უნდა შემეძლოს სესხის აღება“ - ამბობს გიორგი პაპავა, თუმცა მიაჩნია, რომ ლოგიკურია, ვისაც დოლარში ან ევროში აქვს შემოსავალი, ამ ვალუტებში სესხის აღების შესაძლებლობა ჰქონდეთ.
„ზოგადად, ფინანსური სტაბილურობის კონტექსტში, ეს გადაწყვეტილება გამართლებულია, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, დოლარიზაციის შემცირებაზე გარკვეულწილად საპირისპირო გავლენა ჰქონდეს. რაც შეეხება იმას, რომ ეს უფრო სამართლიანია, სამართლიანობაზე თუ ვსაუბრობთ, ზოგადად, რა ვალუტაშიც მინდა, იმ ვალუტაში უნდა შემეძლოს თანხის აღება“, - აღნიშნა გიორგი პაპავამ.