მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თუკი უცხოურ ვალუტაში გაქვთ შემოსავალი, სავალუტო სესხის აღება შეგეძლებათ - სებ-ის გადაწყვეტილება

თურნავა

იმ პირებს, რომელთა ჯამური სასესხო ვალდებულებები 300,000 ლარამდეა მომდევნო წლიდან ახალი სესხების აღება იმ ვალუტაში შეეძლებათ, რომელშიც შემოსავალს იღებენ.

საქმე ისაა, რომ 2020 წლის 1 იანვრიდან საქართველოში 200,000 ლარამდე სესხის აღება მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში არის შესაძლებელი, განურჩევლად პირის შემოსავლის ვალუტისა. ახალი ცვლილებით კი პირს, ვისაც ჯამში 300,000 ლარამდე სასესხო ვალდებულება აქვს და შემოსავალი უცხოურ ვალუტაში უფიქსირდება, ახალი კრედიტის უცხოურ ვალუტაშივე აღება შეეძლება. შესაბამისად, ამ მიმართულებით რეგულაცია შერბილდება. თუმცა, გამკაცრდა სხვა ყველა პირისთვის, რომლებსაც ეროვნული ვალუტის შემოსავალი აქვს. თუკი მომხმარებლების ეს კატეგორია აქამდე 200,000 ლარზე დიდ სავალუტო სესხს იღებდა, ახლა ისინი ასეთ სესხს ვეღარ აიღებენ.

BMG-ის კითხვაზე თუ რატომ განახორციელა ეროვნულმა ბანკმა ეს ცვლილება, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ უპასუხა, რომ ის დედოლარიზაციის პოლიტიკის გაგრძელებას წარმოადგენს თუმცა, მოქალაქეებს სესხების ჰეჯირების უკეთეს შესაძლებლობას აძლევს, რადგანაც მათ კრედიტის იმ ვალუტაში აღება შეეძლებათ, რომელშიც შემოსავალი უფიქსირდებათ.

“ჩვენთვის ამ შემთხვევაში მთავარია ჰეჯირება, ჰეჯირება ნიშნავს დაცვას სავალუტო რისკებისგან, ეს დაცვა ნიშნავს იმას, რომ ადამიანს იმ ვალუტაში უნდა ჰქონდეს სესხი და იმ ვალუტაში უნდა უწევდეს სესხის მომსახურება, რა ვალუტაშიც აქვს შემოსავალი და არ უწევდეს ყოველთვიურად კონვერტაცია თავისი ხელფასის სხვა ვალუტაში რათა შეიტანოს ბანკში. ეს არის ლოგიკური ნაბიჯი, რომელიც აგრძელებს დედოლარიზაციის პოლიტიკას, რაც რამდენიმე წელია სებ-ის თაოსნობით ხორციელდება და უფრო სრულყოფილს ხდის მას.

ლოგიკა ისაა, რომ ჰეჯირება ნიშნავს ან ლარში ან რომელიმე სხვა ვალუტაში დავაძალოთ აღება. აქ არის მთავარი, რომ ადამიანი იყოს დაცული. რა ვალუტაშიც აქვს შემოსავალი იმ ვალუტაში მოემსახუროს სესხს”, - განაცხადა ნათია თურნავამ.

200,000 ლარამდე სავალუტო სესხების შეზღუდვა 2019 წლის 1 იანვრიდან შევიდა ძალაში. ის სამოქალაქო კოდექსში შესული ცვლილებით განისაზღვრა. კანონში ნათქვამია, რომ ეს აკრძალვა მოქმედებს, თუკი ეროვნული ბანკის შესაბამისი რეგულაციით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. ეს ახალი ჩანაწერი კი ეროვნული ბანკის ბრძანებაში სწორედ დღეს გაჩნდა. შესაბამისად, მოქალაქეებს ვისაც ლარის შემოსავალი აქვთ აღარ შეეძლებათ 200-300 ათასი ლარის სავალუტო კრედიტების აღება. ხოლო მათ ვისაც სავალუტო შემოსავალი აქვს თავისუფლად შეეძლება ნებისმიერი მოცულობის სავალუტო სესხის აღება.