ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანი ეკონომისტის გიორგი პაპავას აზრით, საქართველოს განვითარებისთვის ყველაზე მეტად ევროპასთან ინტეგრაცია სჭირდება. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა. ეკონომისტის თქმით, გარდა ამისა, სხვადასხვა სფეროში სწრაფი ტემპით უნდა განხორციელდეს რეფორმები.
- განვითარებისთვის ევროკავშირში მალე შესვლა გვჭირდება...
- მივდივართ ევროპისკენ?
- ჩვენ კი მივდივართ, მაგრამ მივალთ თუ არა, ვნახოთ... ეს არის ყველაზე მთავარი საკითხი საქართველოსთვის, რა მიმართულებითაც ცალსახაა, რომ ქვეყნის მთავრობა საკმარის ნაბიჯებს არ დგამს; თუ შედარებით უფრო კონკრეტულ კონტექსტში ვუპასუხებ თქვენს კითხვას - რა გვჭირდება განვითარებისთვის? - არის კონკრეტული რეფორმები, რომელთა ჩარჩოც შექმნილია, ხედვა არსებობს და საჭიროა, ამ რეფორმების შედარებით სწრაფი ტემპით განხორციელება. მაგალითად: სახელმწიფო საწარმოების რეფორმა, ასევე სასამართლო სისტემის რეფორმა, განათლების რეფორმა და ა.შ. რეფორმების განხორციელება კრიტიკულია და ასევე, ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანია იმ განცდის დაბრუნება, რომ საქართველო რეფორმატორი ქვეყანაა და არ ვართ მინდობილი მოკლევადიანი ეფექტით მიღწეული მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებს, არამედ გვაქვს უფრო დიდი ამბიცია, რომ ეს გადაითარგმნოს მდგრად და სტაბილურ ზრდაში.
- რას უნდა დაესვას წერტილი საქართველოში?
- კითხვის ნიშნებს...
- ბევრი კითხვის ნიშანია ქვეყანაში?
- ძალიან.
- ყველაზე დიდი კითხვის ნიშანი რასთან დაკავშირებით გაქვთ?
- საით მივდივართ... და არ ჩანს, რომ ერთიანად მივდივართ იქით, საითკენაც გვინდა წასვლა და ალბათ ამ მიკიბ-მოკიბვას და კითხვის ნიშნებს უნდა დაესვას წერტილი. ამ წერტილს ვინ დასვამს ეს არის უახლოესი მომავლის მთავარი კითხვის ნიშანი.