მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი პაპავა: ეროვნული ბანკის იმიჯის აღსადგენად მაქსიმალურად უნდა გადაიდგას ნაბიჯები

ISET

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანი ეკონომისტის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები მაქსიმალურად გამჭვირვალედ შეირჩეს.

როგორც გიორგი პაპავამ BMG-ის განუცხადა, გასულ წელს ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებულმა მოვლენებმა და თავად სებ-ის მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა მარეგულირებლის იმიჯი დააზიანა. შესაბამისად, ეკონომისტი მიიჩნევს, რომ ახლა აუცილებელია, ეროვნულმა ბანკმა და პარლამენტმა საერთაშორისო პარტნიორების, მათ შორის სავალუტო ფონდის რეკომენდაციები გაითვალისწინონ.

„მნიშვნელოვანია, რომ ეროვნულმა ბანკმა შემდგომ ნაბიჯებში, იქნება ეს საბჭოს დაკომპლექტება თუ პოლიტიკის გატარება, სავალუტო ფონდის თუ სხვა საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციები გაითვალისწინოს და მაქსიმალურად გამჭვირვალედ გააგრძელოს საქმიანობა. სავალუტო ფონდის პროგრამასთან დაკავშირებული კითხვები რაც მალე დასრულდება, მით უკეთესი იქნება საქართველოსთვის, როგორც ეროვნული ბანკისთვის, ასევე ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის. ფაქტია, რომ ბოლო პერიოდში ეს გამჭვირვალობა არ იყო. შესაბამისად, ამან გამოიწვია ბევრი კითხვის ნიშანი არაერთ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და მნიშვნელოვნად უკან დახია ეროვნული ბანკის როგორც დამოუკიდებელი ინსტიტუტის იმიჯი. ის იმიჯი, რაც ჰქონდა საქართველოს ეროვნულ ბანკს თუნდაც 1.5-2 წლის წინ, გარკვეულწილად დაზიანებულია. ფაქტია, რომ იყო გადაწყვეტილებები, რომლებიც არ შეფასდა დადებითად, ასევე გვაქვს სებ-ის საბჭო, რომელიც არაა სრულად დაკომპლექტებული. ეს ყველაფერი არაა წინგადადგმული ნაბიჯები და დასტურია იმისა, რომ უკან დავიხიეთ. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ამ იმიჯის აღსადგენად მაქსიმალურად გადაიდგას ნაბიჯები. მათ შორის, სებ-მა არ უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები, რომლებიც კითხვის ნიშნებს აჩენს და ბოლომდე დასაბუთებული არაა, ასევე მაქსიმალურად გამჭვირვალედ უნდა დაკომპლექტდეს ეროვნული ბანკის საბჭო“, - განაცხადა გიორგი პაპავამ.

ცნობისთვის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ერთ-ერთი რეკომენდაციაა, რომ ეროვნული ბანკის საბჭოს ფუნქციის გაძლიერდეს. კერძოდ, საბჭოს წევრების რაოდენობა იმგვარად გაიზარდოს, რომ მისი დამოუკიდებელი ანუ არააღმასრულებელი წევრების რაოდენობა აღმასრულებელი წევრების რაოდენობას აჭარბებდეს.

IMF-ის პროგრამის მეორე მიმოხილვა მას შემდეგ შეჩერდა, რაც საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია და ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებები შეიტანა. ამ ცვლილებებით ეროვნულ ბანკში პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა შეიქმნა, რომელიც პრეზიდენტის არყოფნის პერიოდში სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელია. კანონის მიღების შემდეგ ეროვნული ბანკის საბჭომ პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე ნათია თურნავა აირჩია. IMF აცხადებდა, რომ ეს საკანონმდებლო ცვლილებები მათთან შეთანხმებული არ იყო, რაც ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროგრამის პირობების დარღვევას წარმოადგენდა.კიდევ ერთი საკითხი, რომელიც IMF-სა და საქართველოს შორის დაძაბულობის მიზეზი გახდა სანქციების აღსრულების წესში შეტანილი გამონაკლისია, რასთან დაკავშირებითაც სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა ჯეიმს ჯონმა განაცხადა, რომ ეს ცვლილება ფონდის შეშფოთებას იწვევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები