ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანი ეკონომისტის გიორგი პაპავას შეფასებით, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად, 8%-ზე დატოვება, ლოგიკურია. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას განაცხადა, სადაც მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილება და ზოგადად, სებ-ის საქმიანობა შეაფასა. ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვან ეკონომისტს სებ-ის მიმართ შენიშვნები ნაკლებად აქვს, როცა საქმე მონეტარულ პოლიტიკას ეხება. მისივე შეფასებით, როცა პოლიტიკური წნეხი არაა, ეროვნული ბანკის გუნდსი საქმეს თავს კარგად ართმევს.
- რამდენად ლოგიკური იყო მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილება და ჯამში, როგორ აფასებთ ეროვნული ბანკის მოქმედი მენეჯმენტის საქმიანობას - თუ საზომად, ინფლაციის სტაბილურობას ავიღებთ, რომელიც ეროვნული ბანკის მთავარი მანდატია და ასევე, ფინანსური სექტორის სტაბილურობას, ნათია თურნავამაც როგორც მოიწონა თავი, არც ისე ურიგოდ შედეგები აქვთ...
- მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 8%-ზე დატოვება ძალიან ლოგიკური იყო, რადგან როგორც გვახსოვს, წინა პერიოდში განაკვეთი სწრაფად შემცირდა და 8%-ზე ჩამოვიდა. ამის შემდეგ არაფერი ისეთი არ მომხდარა, რაც სებ-ს რეფინანსირების განაკვეთის შემცირებისკენ უბიძგებდა. ამდენად, ლოგიკურია, რომ ის ინარჩუნებს განაკვეთის 8%-იან ნიშნულს და სავარაუდოდ, გარკვეული პერიოდი მოუწევს, ამ მაჩვენებელზე დარჩენა, რადგან საქართველოს რეალობის გათვალისწინებით, არჩევნებთან მრავალი რისკი არის დაკავშირებული. სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის რიტორიკაშიც იგრძნობოდა, რომ ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის შერბილებას სიფრთხილით მოეკიდება. ISET ბიზნესის განწყობის ინდექსს ზომავს და ბოლო კვარტალმა აჩვენა, რომ შემდეგი სამი თვის განმავლობაში, ბიზნესები უფრო მეტად ელოდებიან ფასების ზრდას. საერთაშორისო სიტუაციასაც თუ შევხედავთ, ძირითად ქვეყნებში, მაგალითად, აშშ-შიც ინფლაცია არ მცირდება იმ ტემპით, როგორი მოლოდინიც ჰქონდათ. ამდენად 8%-ზე შენარჩუნება და არჩევნებამდე რეფინანსირების ამ განაკვეთით მისვლა, ლოგიკურია.
საქართველოს მაკროეკონომიკურ პარამეტრებს თუ შევხედავთ, ოღონდ ინვესტიციებს თუ არ ჩავთვლით, ბოლო პერიოდში ქვეყანა საკმაოდ სტაბილურად ვითარდება. იყო კონკრეტული რისკები ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსთან თუ ინფლაციასთან დაკავშირებით, მაგრამ საკმაოდ მარტივად მოითოკა, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ამ მომენტში მდგრადი ეკონომიკა გვაქვს. თუმცა რისკები არის საქართველოს გრძელვადიანი განვითარების პერსპექტივის ჭრილში. ჩვენ ვნახეთ, გაცვლითი კურსი როგორია მგრძნობიარეა ნებისმიერი პოლიტიკური პროცესების მიმართ, როდესაც ხელისუფლებამ მიიღო კანონი {რუსული კანონი}, რომელიც სრულ წინააღმდეგობაშია ქართველი ხალხის მისწრაფებებთან და იმ რეკომენდაციებთან, რასაც გვაძლევენ პარტნიორები. მიუხედავად იმისა, რომ კურსი 2.7-ლარიან ნიშნულზე დაბრუნდა, იყო მკვეთრი გაუფასურება... ამდენად, საოცარ შედეგებს ვერ ვაღწევთ, მაგრამ მოკლევადიან პერიოდში მნიშვნელოვანი პრობლემები არ ჩანს და ერთი შეხედვით, ყველაფერი ნორმალურად მიდის...
- ყველაფერი ნორმალურად თავისით მიდის?! - შეიძლება, ეს კითხვა გაუჩნდეთ ეროვნული ბანკში, რომლის საქმიანობის შეფასებაც სწორედ იმ შელახული რეპუტაციის გამო გთხოვეთ, რაც მოიტანა ნათია თურნავას მიერ ე.წ. საგამონაკლისო ბრძანების გამოცემამ, რის გამოც სამივე ვიცე-პრეზიდენტმა ერთდროულად დატოვა თანამდებობა...
- მიზეზი რის გამოც თავის დროზე სამმა ვიცე-პრეზიდენტმა დატოვა პოსტი, არ იყო დაკავშირებული მონეტარულ პოლიტიკასთან ან რეზერვების მართვასთან და ა.შ. ანუ მათი სებ-დან წასვლა იყო პასუხი პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე... ეს {პოლიტიკური} რისკი ნამდვილად არსებობს, მაგრამ თუ ვსაუბრობთ იმაზე, რომ მონაცემებზე დაყრდნობით განხორციელდეს მონეტარული პოლიტიკა, ეს მარტო სებ-ის საბჭოზე არაა დამოკიდებული, არამედ იმ ადამიანებზე, ვინც ეროვნულ ბანკში მუშაობს და მათი დიდი ნაწილი პროფესიონალია....
- იმის თქმა გსურთ, რომ სადაც და როცა პოლიტიკური წნეხი არაა, ეროვნული ბანკის გუნდი საქმეს კარგად ართმევს თავს?
- დიახ და ეს არის ყველაზე მეტად საყურადღებო. საერთაშორისო სავალუტო ფონდიც როცა გვაკრიტიკებს, გვაკრიტიკებს გარკვეულწილად არათანმიმდევრული და არაანალიზზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების გამო და ნაკლებად - მონეტარული პოლიტიკის კონტექსტში.