ლარში დენომინირებული ფასიანი ქაღალდების გამოშვება სახაზინო ოპერაციებს ახალ საფეხურზე აიყვანს - ამის შესახებ BMG-სთან „ფორსაიტის“ წარმომადგენელი რატი მორჩილაძე აცხადებს. მისი თქმით, საერთაშორისო ინვესტორებისთვის განვითარებადი ქვეყნების ვალუტები სულ უფრო პოპულარული ხდება, თუმცა ეს პროცესი გარკვეულ „ფასნამატს“ მოითხოვს.
„დაინტერესება შეიძლება იყოს ძალიან დიდი, რადგან განვითარებადი ბაზრების ვალუტები პოპულარული ხდება საერთაშორისო ინვესტორებისთვის. ეს იმიტომ, რომ იზრდება ნდობა ამ ვალუტების მიმართ, რაც მათი სტაბილურობითაა განპირობებული. თუმცა, როდესაც ინვესტორი უცხო ვალუტაში ათავსებს თანხას, ყოველთვის ჩნდება სავალუტო რისკი. სწორედ ამიტომ, ისინი ითხოვენ ე.წ. პრემიუმს, რომ დაბალანსდეს ეს რისკი. თუ დოლარში დენომინირებული ფასიანი ქაღალდები 5.125%-ში გამოვუშვით, შეიძლება ვიმსჯელოთ, რომ ლარის შემთხვევაში ეს განაკვეთი დაახლოებით 8-9%-ზე ავიდეს. ეს სპრედი არის სწორედ კომპენსაცია იმ დამატებითი სავალუტო რისკისთვის, რასაც ინვესტორები ლარის ყიდვისას იღებენ,“ - განმარტავს რატი მორჩილაძე და მაგალითად „საქართველოს ბანკის“ მიერ გამოშვებული ლარში დენომინირებული ევრობონდები მოჰყავს, სადაც განაკვეთი 11.5% იყო, რაც მისი თქმით, კარგი ბენჩმარკია სამომავლო ობლიგაციებისთვის.
„ფორსაიტის” წარმომადგენელი ასევე ეხმაურება აზიის ბაზრების ათვისების პერსპექტივას. მისი თქმით, ეს მიმართულება საქართველოსთვის ახალი და საინტერესო წყაროა.
„აზიის ბაზრები შეიძლება ორ ნაწილად გავყოთ: ცალკე გალფის (არაბული) ქვეყნები, სადაც ძალიან დიდი საინვესტიციო თანხებია დაგროვილი სუვერენულ ფონდებში და ცალკე ცენტრალური თუ შორეული აზია. იქაური ინვესტორების საერთაშორისო დაინტერესება ძალიან იზრდება - ისინი უკვე ცდებიან საკუთარი ქვეყნის ფარგლებს და ინტერესდებიან საერთაშორისო აქტივებით”,- აღნიშნავს ის.
ლონდონის საფონდო ბირჟაზე $500 მილიონის ევროობლიგაციების განთავსების შემდეგ, ფინანსთა სამინისტრო ლარის სახაზინო ობლიგაციების დიდ გამოშვებას და ამ გზით, საერთაშორისო საინვესტიციო კომპანიებისგან კაპიტალის მოზიდვას გეგმავს. ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ამ ტიპის ფასიანი ქაღალდების მიმართ დაინტერესება უკვე ბევრმა კომპანიამ გამოთქვა. რაც შეეხება მოცულობებს, ფინანსთა სამინისტროს განმარტებით, ეს ე.წ. როუდშოების დროს დადგინდება, როდესაც საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან დაინტერესებას გაზომავენ. ცნობილი გახდა ისიც რომ “ოცნების” მთავრობა აზიის ბაზრებსაც უყურებს და ფასიანი ქაღალდების დალისტვას აზიურ ბირჟებზეც განიხილავს.




























