მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლარში სესხი ძვირია, მომხმარებელს არჩევანი უნდა ჰქონდეს - „ბალავარი“ სებ-ის რეგულაციას აკრიტიკებს

61b32a3706929
მარიამ ვარადაშვილი
10.12.21 16:45
754
ეროვნულმა ბანკმა უცხოურ ვალუტაში აღებული იპოთეკური სესხების მაქსიმალური ვადა 15 წლიდან 10 წლამდე შეამცირა. ცვლილება 2022 წლის პირველი ინავრიდან შევა ძალაში. სებ-ი ამ გადაწყვეტილებას მომხმარებლის უფლებების დაცვით ხსნის. კერძოდ, აღნიშნავს, რომ სავალუტო იპოთეკების მსესხებელთა მნიშვნელოვანი ნაწილი "არაჰეჯირებულია" და კურსის მერყეობისგან არაა დაცული, რის გამოც მნიშვნელოვანია ამ კატეგორიის მომხმარებლის უფლებების დაცვისთვის შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა.

სამშენებლო კომპანია “ბალავარის” ფინანსური დირექტორი ლევან მაღრაძე აცხადებს, რომ აღნიშნული რეგულაცია მათ ნაკლებად შეეხება, რადგან ძირითადად, გარეუბნებში აქვთ ობიექტები, რომელთა ღირებულებაც 200 ათას ლარზე ნაკლებია. მოქმედი რეგულაციით კი, კომერციულმა ბანკებმა 200 000 ლარამდე უცხოური ვალუტის სესხი მხოლოდ უცხოელებზე უნდა გასცენ.

“ჩვენს სეგმენტს ეს ცვლილება არ შეეხება, რადგან უფრო გარეუბნებში ვპოზიციონირებთ და იქ გვაქვს სამშენებლო ობიექტები. ამის გამო, ბინების ღირებულება 200 ათას ლარზე მაღალი არ არის და ჩვენი კლიენტებიც, ძირითადად, ლარში იღებენ სესხს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ეს ცვლილება ჩვენს ნაწილზე ვერ იმოქმედებს,” - აცხადებს მაღრაძე, თუმცა იქვე დასძენს, რომ ზოგადად, სავალუტო სესხებზე მსგავსი შეზღუდვის დაწესებას ეწინააღმდეგება.

“ბალავარის” ფინანსური დირექტორის თქმით, მომხმარებლისთვის ლარში აღებული სესხი ძალიან ძვირია, ამიტომ მას არჩევანის საშუალება უნდა ჰქონდეს.

“მაგალითად, თუ მინდამ ქალაქის გარეუბანში 50 კვ/მ ბინის ყიდვა და ამისთვის 30-50 ათასი დოლარი მჭირდება, სესხი ლარში უნდა ავიღო. საბაზრო პროცენტი დაახლოებით, 15-16%-ია. 150 ათასი ლარის შემთხვევაში 20-25 ათასლარიანი პროცენტია წლიურად. თუ 15 წელზე გადავანაწილებ თითქმის 3-ჯერ გამიძვირდება სესხი. თუ ავიღებ 30 ათას დოლარს 4%-ში, მაშინ ასე ძალიან სესხი არ გამიძვირდება. დაშვებული რომ იყოს სავალუტო სესხები, ჩვენი კომპანიის მაგალითზე გეტყვით, რომ ბევრად უფრო შეღავათიან ფასად შეიძენენ ბინებს და უფრო გაიზრდება გაყიდვები, ვიდრე ახლანდელი შეზღუდვის პირობებში”, - აცხადებს მაღრაძე.

სამშენებლო კომპანიის დირექტორის აზრით, ახალი რეგულაციით ეროვნული ბანკი ლარზე მოთხოვნის შემცირებასაც ცდილობს.

„თუ 1000 ლარი გაქვთ ხელფასი და შეზღუდვა 30%-ია, ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ ბანკში ყოველთვე 300 ლარამდე უნდა გადაიხადოთ. 15 წელზე გადანაწილებით ყოველთვიური შენატანი მცირდებოდა. 10 წლის შემთხვევაში ყოველთვიური შენატანი გაიზრდება. ამის გამო, ვფიქრობ, ამ სესხებზე ხელმისაწვდომობა შემცირდება ანუ ხელოვნური ჩარევით შეგიზღუდავენ ბინის ყიდვის შესაძლებლობას”, - განმარტავს სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები