საავტომობილო გზების დეპარტამენტმა საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის (ლოტი 1) რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოაცხადა. საუბარია კმ37–კმ46 მონაკვეთზე, რომელიც მდინარე არყალას ხიდიდან იწყება.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 29 666 924 ლარია, სარეაბილიტაციო მონაკვეთი კი 10 კმ.
აღნიშნული საგზაო ინფრასტრუქტურა სტრატეგიული მნიშვნელობისაა, რადგან ის ერთდროულად სამ მუნიციპალიტეტს (მცხეთა, დუშეთი, ყაზბეგი) ემსახურება.
გზების დეპარტამენტი წერს, რომ ამასთან, გზა ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სატრანზიტო არტერიაა და კრიტიკულ როლს ასრულებს ტურისტული ნაკადების მომსახურების კუთხითაც.
დაინტერესებულ კომპანიებს წინადადებების წარდგენა 25 თებერვლიდან შეეძლებათ. სატენდერო პირობების თანახმად, განაცხადების მიღება 2 მარტს დასრულდება.
შეგახსენებთ, რომ პროექტი მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზის კმ37–კმ56 მონაკვეთის (არყალას ხიდიდან ხანდოს ხევის ხიდამდე) განახლების ფართო გეგმის ნაწილია.




























