ლაშა ბექაურმა გვაჩვენა, რას ნიშნავს ბოლომდე ბრძოლა - ქართველს ეს შეუძლია, საქართველოს ეს შეუძლია, ჩვენი ოქრო და განძი ესაა , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი წერს და ეხმაურება ლაშა ბექაურის მიერ ოლიმპიური ოქროს დაუფლებას.
"არც სიტყვები, არც ხმა, არც ემოციები დაგვრჩენია, მხოლოდ მადლიერების განცდა და გამოხატვა თუ შეგვიძლია! გვაჩვენა, რას ნიშნავს ბოლომდე ბრძოლა, ენერგიის სრული მობილიზება, და გამარჯვების შინაგანი რწმენა! ქართველს ეს შეუძლია, საქართველოს ეს შეუძლია, ჩვენი ოქრო და განძი ესაა!", წერს პრეზიდენტი სოციალურ ქსელ "ფეისბუქის" პირად გვერდზე.
ლაშა ბექაურმა პარიზის ოლიმპიადაზე, ფინალში იაპონელი მეტოქე სანშირო მურაო დაამარცხა და ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. ამ გამარჯვებით ბექაურმა საქართველოს ნაკრებს პარიზის ოლიმპიადაზე პირველი ოქროს მედალი მოუტანა. ამ დროისთვის, საქართველოს ნაკრებს 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ორი მედალი აქვს - ერთი ოქრო, ერთი ვერცხლი. საქართველოს ნაკრებს ვერცხლის მედალი მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა, ტატო გრიგალაშვილმა მოუტანა.