"ქართული ოცნების" ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი პარლამენტში გამოსვლისას იმ მიზეზებზე საუბრობს, რამაც სოციალურად დაუცველთა რიცხვი რეკორდულად გაზარდა, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას ბოლო ოთხ წელში, როგორც ხუციშვილი ამბობს, დაახლოებით 9%-იანი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა.
სოციალურად დაუცველებზე კითხვა "ქართული ოცნების" მინისტრს "გახარია საქართველოსთვის" პარტიის წევრმა ვიკა ფილფანმა დაუსვა. დეპუტატი დაინტერესდა თუ ამდენი ადამიანი იღებს სოციალურ დახმარებას, მაშინ მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც ქვეყანას ჰქონდა, რაში გამოიხატება. ამას გარდა, ფილფანმა თქვა, რომ 2021-2025 წლებში საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი 170 ათასით გაიზარდა, რაც იმის მანიშნებელია, რომ ბოლო ოთხ წელში ამდენი ადამიანი გაღატაკდა.
"ამ მიმართულებით შემიძლია ორი განმსაზღვრელი ფაქტორი დავასახელო, თუ რატომ გაიზარდა სოციალურად დაუცველთა რაოდენობა. პირველ რიგში, რაოდენობა გაიზარდა იმიტომ, რომ მთავრობამ გადაწყვიტა უფრო მეტ ადამიანს დაეხმაროს, ვიდრე აქამდე ეხმარებოდა. ანუ, როდესაც გაიცემოდა სოციალური დახმარებები, ეს არ ნიშნავდა, რომ დამატებითი საჭიროება არ არსებობდა. სწორედ ამიტომ გაიზარდა ბენეფიციართა რაოდენობა. მეორე მიზეზი უკავშირდება შეფასების კრიტერიუმის ცვლილებას თუ ადრე ზღვარი იყო 100 ათასი ქულა, ახლა 200 ათასამდე გაიზარდა. შესაბამისად, ამ ცვლილებამ უფრო მეტი ადამიანი მოიცვა, ვიდრე ადრე.
გარდა ამისა, მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ბავშვთა დახმარების მიმართულებითაც, დახმარების ოდენობა 200 ლარამდე გაიზარდა. კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომელიც სოციალურად დაუცველებთან დაკავშირებით იქნა მიღებულ, შეეხებოდა იმ პირებს, რომლებიც ამ ბაზაში იყვნენ და დაიწყეს მუშაობა, ისინი აღარ მოიხსნებოდნენ მონაცემთა ბაზიდან. ეს ნაბიჯი გადადგმულია იმისთვის, რომ ადამიანებს ჰქონდეთ სტიმული სამუშაოს დაწყებისა. ამრიგად, უფრო გასაგები ხდება, რატომ ეხმარება სახელმწიფო დღეს უფრო მეტ ადამიანს, ვიდრე ვთქვათ ოთხი წლის წინ", - ამბობს ხუციშვილი.
























