მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტყის მცველი, ვეტერინარი და ოპერატორი - კორუფციული დანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავეს

საგამოძიებო სამსახური

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე ქრთამის აღებისა და კომერციული მოსყიდვის ფაქტები გამოავლინეს და სამი პირი დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოვლენილია შემდეგი შემთხვევები:

  • აჭარის სატყეო სააგენტო: ხულოს სატყეო ადმინისტრაციის ტყის მცველმა (ნ.ბ.), სახელმწიფო ტყის ფონდის ნაკვეთით სარგებლობის სანაცვლოდ, მოქალაქეს ქრთამის სახით 1 000 აშშ დოლარი გამოართვა. იგი თანხის აღების მომენტში, დანაშაულის ადგილზე დააკავეს.
  • სურსათის ეროვნული სააგენტო: რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული სამსახურის ვეტერინარმა (ა.ლ.), პროცედურების გვერდის ავლით, დაურეგისტრირებელი საქონლის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის სანაცვლოდ მოქალაქეს ქრთამის სახით 650 ლარი გამოართვა.
  • საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია: შპს-ის ოპერატორმა (ბ.ზ.), ქვემო ქართლის რეგიონში მდებარე ნაგავსაყრელზე ნარჩენების უნებართვო განთავსების სანაცვლოდ, მოქალაქეს 500 ლარი მოსთხოვა და გამოართვა, რა დროსაც იგი დააკავეს.

პირველ ორ ეპიზოდზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით (ქრთამის აღება) მიმდინარეობს, რაც 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მესამე საქმეზე კი გამოძიება სსკ-ის 221-ე მუხლით, კომერციული მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები