საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებს უწყების ახალი უფროსი ირაკლი ბერაია წარუდგინა. "ოცნების" მინისტრმა ისაუბრა საგამოძიებო სამსახურის როლზე საფინანსო - ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში და იმედი გამოთქვა, რომ ახალი ხელმძღვანელის პირობებში, უწყება გააგრძელებს ეფექტიან მუშაობას ეკონომიკის უსაფრთხოებისა და განვითარების მიმართულებით.
თავის მხრივ ირაკლი ბერაიამ მადლობა გადაუხადა ირაკლი კობახიძესა და ფინანსთა მინისტრს გამოცხადებული ნდობისთვის და აღნიშნა, რომ საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულის, კორუფციული გარიგებების წინააღმდეგ ბრძოლა და ფისკალური დისციპლინის შენარჩუნება, კვლავ სამსახურის მთავარი პრიორიტეტი იქნება.
ცნობისთვის, ირაკლი ბერაიამ ამ პოსტზე სოსო რამიშვილი შეცვალა, რომელმაც თანამდებობის დატოვების შესახებ გუშინ განაცხადა.