საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი ლაშა პაპაშვილი აღნიშნავს, რომ ჯერჯერობით საქართველოს განვითარების ბანკის პროექტის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.
როგორც ცნობილია ახალი ბანკი სახელმწიფო პროგრამის "აწარმოე საქართველოში"-სა და ყოფილი "საქართველოს განვითარების ფონდის" შერწყმის საფუძველზე უნდა დაფუძნდეს, თუმცა ამ დრომდე უცნობია თუ რა სახით უნდა მოხდეს ამ ახალი ფინანსური ინსტიტუტის ოპერირება.
"განვითარების ბანკზე არაფერი ვიცი. სიმართლე გითხრათ - რას როგორ აპირებენ ნამდვილად არა მაქვს ინფორმაცია... ჩვენ ოდესღაც ვსაუბრობდით როცა განვითარების ფონდი შეიქმნა რომ ბანკი არ დარქმეოდა მას, არ იყო საჭირო რაღაც დააფრთხობს ინვესტორებსო, მაგრამ ახლა რა კუთხით... ყველა ქვეყანას დასავლურ ქვეყანას აქვს თავისი იმპორტ-ექსპორტ ბანკები. ისინი პრაქტიკულად დოტაციაზე არიან და ძალიან შეღავათიან კრედიტებს იძლევიან თავისი ექსპორტის წასახალისებლად, თუ ამ კუთხით გაკეთდება... თორემ სხვა არ ვიცი", - აღნიშნავს ლაშა პაპაშვილი.
4 მარტს საქართველოს პარლამენტმა "საქართველოს განვითარების ფონდის", ანუ ყოფილი "საპარტნიორო ფონდის" ლიკვიდაციას მხარი დაუჭირა. პარლამენტში, ჯერჯერობით, არ დაინიცირებულა კანონპროექტი, რომელიც "ეკონომიკის განვითარების ბანკის" ოპერირების წესებს განსაზღვრავს.




























