მიმდინარე კვირაში Galt & Taggart-მა სოფლის მეურნეობის სექტორის ინდექსი და მისი მაკროეკონომიკური ანალიზი წარადგინა.
ინდექსში წარმოდგენილია დარგში სახელმწიფო დანახარჯების ანალიზიც, რომელმაც 2025 წელს 625 მილიონი ლარი შეადგინა. სეგმენტების მიხედვით, ყველაზე მეტი თანხა - 203 მილიონი ლარი შეღავათიანი აგროკრედიტის მიმართულებით არის გამოყოფილი; მეორე პოზიციას იკავებს სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტები 128 მილიონი ლარით; მესამეზე კი მეღვინეობის დარგის დაფინანსებაა 103 მილიონი ლარით.
Galt & Taggart-ის ეკონომისტი ლაშა ქავთარაძე "საქმიან დილაში" იმ მეთოდოლოგიას აღწერს, რასაც ეს ინდექსი დაეფუძნება. ამას გარდა, ქავთარაძე ამბობს, რომ საინვესტიციო ბანკი ამ სოფლის მეურნეობის სექტორის ინდექს ყოველწლიურად გამოაქვეყნებს.
„სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია იმისათვის, რომ დარგში წლიდან წლამდე არსებული პროგრესი გავზომოთ და ნებისმიერ სხვა პერიოდს შევადაროთ. მაგალითად, მიმდინარე წელი შეგვიძლია შევადაროთ როგორც წინა, ისე სხვა ნებისმიერ წელს. ეს საშუალებას გვაძლევს გავიგოთ, თუ სად დგას დღეს სოფლის მეურნეობის სექტორი, როგორ იცვლება ის დროში და რა მიმართულებით ვითარდება. ინდექსის კონსტრუირებისას დავეყრდენით ხელმისაწვდომ საჯარო მონაცემებს. გარდა ამისა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გაგვიზიარა დამატებითი ჩვენთვის საჭირო ინფორმაცია", - განაცხადა ქავთარაძემ.
მისივე თქმით, სოფლის მეურნეობის დარგში მთავარი პრობლემა კვლავ მცირე მიწები და ახალი ტექნოლოგიების ნაკლებობაა.
„ჩვენ მიერ აგებული ინდექსი აჩვენებს, რომ დინამიკაში პროგრესი გვაქვს და მაჩვენებელი გაზრდილია 2017-2024 წლების პერიოდში. აღნიშნული პერიოდი შეგვიძლია ორ ნაწილად დავყოთ: პირველი ეტაპია 2017-2021 წლები, როდესაც ინდექსი შედარებით სწრაფად იზრდებოდა და დარგშიც უფრო სწრაფი პროგრესი შეინიშნებოდა. როდესაც ამ პროგრესის გამომწვევ მიზეზებს დავაკვირდით, დავინახეთ, რომ სწორედ 2017 წლიდან დაიწყო ბიზნესმა სოფლის მეურნეობის დარგში აქტიურად შესვლა. მართალია, მისი წილის ზრდა შესამჩნევი იყო, თუმცა დღეის მდგომარეობით, სოფლის მეურნეობაში ბიზნესის წილი მაინც მოკრძალებულად გამოიყურება და 10-12%-ის ფარგლებში მერყეობს. ამის ერთ-ერთი ფუნდამენტური მიზეზი მიწების დანაწევრებაა, რაც ამავდროულად დარგის გამოწვევაც არის.
რაც შეეხება შემდგომ პერიოდს, 2021-2024 წლებში ინდექსი კვლავ გაიზარდა, თუმცა ზრდის ტემპი უკვე შედარებით დაბალი იყო. ჩვენი მიდგომა ასეთია თუ გვსურს, რომ ზრდის ტემპი უფრო სწრაფი იყოს, აუცილებელია დარგში დღეს არსებულ გამოწვევებს ადეკვატურად ვუპასუხოთ. ეს გამოწვევები კი ძირითადად ცოდნისა და ტექნოლოგიების ნაკლებობას, ასევე მიწების დანაწევრებას უკავშირდება. ვფიქრობთ, ამ პრობლემების მოგვარების კვალდაკვალ, ბიზნესი აღნიშნულ დარგში ბევრად უფრო აქტიურად შევა", - აცადებს ქავთარაძე.




























