მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლაშა ხუციშვილი დიდი ჰესების მშენებლობაში სახელმწიფოს ფინანსურ ჩართულობას არ გამორიცხავს

63722afb61b08
ინგა მურუსიძე
14.11.22 15:57
523
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი “ნენსკრა-ჰესის” ინვესტორი კომპანიის K-Water-ის აღმასრულებელ დირექტორს პარკ ჯე-ჰიონს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ ქვეყნის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია დიდი ჰესების მშენებლობაში სახელმწიფოს მონაწილეობა.

აღნიშნული შეხვედრის შესახებ bm.ge-მ დღეს ფინანსთა მინისტრს ჰკითხა. კერძოდ, კითხვაზე, არის თუ არა ინვესტორთან ურთიერთობის რაიმე ახალი წესი გამოკვეთილი, ვინაიდან კეთდებოდა განცხადებები მთავრობის მხრიდან, რომ ინვესტორმა ვერ შეასრულა ვალდებულებები და ფაქტია, მშენებლობა იქ ვერ დაიწყო, რადგან მაღალი სოციალური პროტესტი იყო, ლაშა ხუციშვილი პასუხობს: „ბუნებრივია, საქართველოს მთავრობის და საქართველოს ინტერესია, რომ მაქსიმალურად დაჩქარდეს ამ პროექტის განხორციელება. უშუალოდ, ამ პროექტთან მიმართებით დეტალებს ვერ მოგახსენებთ, თუმცა ჩვენი პოლიტიკაა, რომ მაქსიმალურად დაჩქარდეს დიდ ჰესებთან მიმართებაში პროცესები. ვფიქრობ, სახელმწიფოს მონაწილეობით შესაძლებელია, რომ ინვესტორთან ერთად მსგავსი ტიპის პროექტები განხორციელდეს“, - განაცხადა ხუციშვილმა.

bm.ge-ს ჩაკითხვაზე, განიხილება თუ არა სახელმწიფოს ფინანსური ჩართულობა, - მინისტრი პასუხობს, რომ "შესაძლებელია, ეს იყოს ფინანსური მონაწილეობაც“.

„ბუნებრივია, საუბარი ვერ იქნება დიდი ოდენობით ფინანსურ მონაწილეობაზე, საუბარი შეიძლება იყოს მინორიტარულ მონაწილეობაზე პროექტთან მიმართებით. თუ ვერ ხდება პროექტის ბოლომდე მიყვანა, ასეთ შემთხვევაში სახელმწიფო განიხილავს ასეთ პროექტებში მონაწილეობას, რა თქმა უნდა, მცირე მასშტაბით და არა იმ მასშტაბით, რაც პროექტის ღირებულება შეიძლება იყოს. საუბარი მაქვს არა კონკრეტულ პროექტზე, არამედ ზოგადად დიდ ჰესებთან მიმართებაში, რომლების აშენებაც შესაძლოა, სახელმწიფოს გარეშე რთული იყოს“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

ცნობისთვის, "ნენსკრა ჰესის" მშენებლობის ვადები უკვე არაერთხელ დაირღვა, ამის შესახებ განცხადება ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მიმდინარე წლის მაისში გააკეთა. თავად ჰესის დადგმული სიმძლავრე 280 მეგავატია, ხოლო პროექტის საინვესტიციო მოცულობა 1.05 მილიარდი დოლარია.

2015 წლის აგვისტოში მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში “ნენსკრაჰესის” 280-მეგავატიანი ელექტროსადგურის მშენებლობა “იწყებოდა”. ამ განცხადებიდან თითქმის შვიდი წელი გავიდა და პროექტი, როგორც ფინანსური პრობლემების, ასევე მოსახლეობის პროტესტის და პროექტის გენერალურ კონტრაქტორთან ხელშეკრულების გაწყვეტის გამო შეჩერებულია.

ბოლო მონაცემებით, "ნენსკრაჰესის" მშენებლობის დასრულების შესაძლო თარიღმა 2027 წლისთვის გადაინაცვლა.

"ნენსკრას" ჰიდროელექტროსადგურის პროექტის მთავარი ინვესტორი კორეის წყლის რესურსების კორპორაცია K-Water-ია. მას “ნენსკრა ჰიდროში” 91.9%-იანი წილი უჭირავს, 8.1%-იან აქციონერს კი, “საპარტნიორო ფონდი” წარმოადგენს.

თავად "საპარტნიორო ფონდის" ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ 2021 წლის დეკემბერში განაცხადა, რომ "ნამახვანჰესის" პროექტის პროტესტის ფონზე, არავისთვის გასაკვირი არ უნდა იყოს, თუ რატომ არის ნენსკრას სადგურის მშენებლობა შეჩერებული.